სანჩია პროვანსელი

სანჩია პროვანსელი (იტალ. Sancia di Provenza, ინგლ. Sanchia of Provence; დ. 1228 — გ. 9 ნოემბერი, 1261) — პროვანსის გრაფ რამონ ბერენგარ IV-ის ოთხი ქალიშვილიდან მესამე. გერმანიის დედოფალი და კორნუოლის გრაფინია 1257-1261 წლებში როგორც მეფე რიჩარდ კორნუოლელის მეორე ცოლი.

სანჩია პროვანსელი
გერმანიის დედოფალი
კორონაცია: 27 მაისი, 1257, აახენი
მმართ. დასაწყისი: 13 იანვარი, 1257
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1261
წინამორბედი: ელიზაბეთ ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
მემკვიდრე: ბეატრიქს ფონ ფალკენბურგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1228
გარდ. თარიღი: 9 ნოემბერი, 1261, (32-33 წლის)
მეუღლე: რიჩარდი, გერმანიის მეფე
შვილები: ედმუნდი, კორნუოლის ერლი
დინასტია: ბარსელონელები
მამა: რამონ ბერენგარ IV, პროვანსის გრაფი
დედა: ბეატრიჩე სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები რედაქტირება

სანჩია დაიბადა 1228 წელს. იგი იყო პროვანსის გრაფ რამონ ბერენგარ IV-ისა და მისი მეუღლის, ბეატრიჩე სავოიელის შუათანა ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს ვაჟი არ ჰყავდათ, მათი ოჯახი ევროპის ისტორიაში მაინც მეტად ცნობილია, რადგანაც სანჩიას დები ძალზედ სარფიანად გათხოვდნენ. უფროსი და, მარგარიტა ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს გაჰყვა, ელეანორამ ინგლისის მეფე ჰენრი III-ზე იქორწინა, ხოლო ბეატრიჩე სიცილიის მეფე შარლ I-ს მისთხოვდა. აღსანიშნავია, რომ მემატიანეს ცნობით სანჩიას გაცილებით უფრო ლამაზი სახე ჰქონდა, ვიდრე მარგარიტასა და ელეანორას.

კორნუოლის გრაფინია რედაქტირება

სანჩიას ქორწინება მისმა უფროსმა დამ, ინგლისის დედოფალმა ელეანორ პროვანსელმა მოაწყო. ელეანორას მოთხოვნით, მისმა მშობლებმა სანჩია დანიშნეს ინგლისის მეფე ჰენრი III-ის უმცროს ძმაზე, კორნუოლის ერლ რიჩარდზე, რომელსაც პირველი ცოლი, იზაბელ მარშალი ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. იმ დროს, როცა ინგლისელებისაგან წამოვიდა წინადადება, სანჩია უკვე იყო დანიშნული ტულუზის გრაფ რაიმონდ VII-ზე, თუმცა მასთან არსებული შეთანხმება პროვანსელებმა მალევე გააუქმეს. 1242 წელს, საქორწინო კონტრაქტის გასაფორმებლად ინგლისში ბიძამისი, პიერო სავოიელი გააგზავნეს. მის მეორე ბიძას, ფილიპო სავოიელს დაევალა სანჩიას გასკონიამდე გამგზავრების უზრუნველყოფა. გასკონიის კარზე სანჩიას შეხვდნენ ელეანორა და ჰენრი III. აქ მან გაიცნო მათი ქალიშვილი ბეატრისი. 1243 წლის 23 ნოემბერს, უესტმინსტერის სააბატოში, ლონდონში შედგა სანჩია პროვანსელისა და რიჩარდ კორნუოლელის ქორწინება.

მართალია რიჩარდი ინგლისში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი და ევროპელი პრინცი იყო, მაგრამ არა სუვერენული მმართველი. პატარძლის დედა, ბეატრიჩე სავოიელი ინგლისში ჩავიდა სანჩიას ქორწილზე დასასწრებად, თუმცა მამამისმა ეს ვერ მოახერხა, რადგანაც იგი სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ მათი პომპეზური ქორწილის უზარმაზარი ხარჯების გასტუმრება ადგილობრივ ებრაელებს დაეკისრათ.

იმისათვის, რომ გაირკვას, თუ რამდენად პომპეზური ქორწილი იყო, საჭიროა აღინიშნოს, რომ მისთვის 30,000 კერძი დამზადდა. ფრანგი და ინგლისელი პრინცების ქორწინებამ ოთხ პროვანსელ დაზე, განამტკიცა ინგლის-საფრანგეთის ურთიერთობები, რამაც განაპირობა პარიზის ხელშეკრულების გაფორმება. ლონდონის სამეფო კარზე, ახალგაზრდა სანჩია თავის დასა და დედასთან ერთად ცხოვრობდა.

გერმანიის დედოფალი რედაქტირება

1256 წელს, შვიდმა კურფიურსტმა რიჩარდი გერმანიის მეფედ აირჩია. პაპი დაეთანხმა მის გერმანიის მეფედ დასმას, თუმცა მას კონკურენტად მოევლინა კასტილიის მეფე ალფონსო X, რომელიც დედის მხრიდან გერმანიის მეფე ფილიპ შვაბიელის პირდაპირი შთამომავალი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ამბების შესახებ რიჩარდმა და სანჩიამ მხოლოდ 1257 წლის იანვარში, სადილობისას გაიგეს ელჩისაგან. მემატიანე ამაზე ასეთ რამეს წერს:

 
„როდესაც რიჩარდმა გაიგო, რომ ბოჰემიის კურფიურსტმა უღალატა და თავისი ხმა კასტილიის მეფეს მისცა, ადგა და ცრემლი მოიწმიდა. მან განაცხადა, რომ იგი გვირგვინს აუცილებლად მიიღებდა. მაგრამ ეს არ იყო სიხარბის, ან ამბიციის გამოვლინება. მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა გერმანულ სამთავროებში წესრიგის აღდგენა. მისი პატიოსანი სურვილი, მართებული და სამართლიანი იყო. ეს ნათელი იყო გერმანელთა დელეგაციისთვის, რომლებმაც დარბაზში მოისმინეს ამის შესახებ და მეტად გაბედნიერდნენ მისი სურვილის გამო. აშკარა იყო, რომ ამ ზომების გამო სანჩიაც აღფრთოვანებული იყო. ახლა ისიც დედოფალი იქნებოდა, როგორც მისი ორი, უფროსი და მფარველი და.“

1257 წლის 27 მაისს, გერმანიის ქალაქ აახენში სანჩია პროვანსელი და რიჩარდ კორნუოლელი გერმანიის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ. ამის შემდეგ, მაინცში მეფე-დედოფალმა თხუთმეტი თვე დაჰყვეს და პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფოდ გაემგზავრნენ ინგლისში. 1260 წლის შემოდგომაზე, დედოფალი სანჩია დასნეულდა და ამავე წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა კიდეც. იგი 15 ნოემბერს დაკრძალეს ჰაილის სააბატოში. მისი გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, 1269 წელს რიჩარდი მესამედ დაქორწინდა, თუმცა იგი 1272 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის თავის მეორე და საყვარელ ცოლთან, სანჩიასთან დაკრძალეს.

შვილები რედაქტირება

სანჩიასა და რიჩარდს მხოლოდ ორი შვილი ეყოლათ:

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1246);
  2. ედმუნდი (1249-1300), კორნუოლის მეორე ერლი, ცოლად შეირთო მარგარეტ დე კლარი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Goldstone, Nancy (2007). Four Queens: The Provençal Sisters who ruled Europe. New York: Viking. p. 217. ISBN 978-0-670-03843-5.
  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. ISBN 0691052166.
  • Sanders, I.J. (1951). "The Texts of the Peace of Paris, 1259". The English Historical Review. Oxford University Press. 66 (258): 81–97.