სანებლის წმინდა გიორგის ეკლესია

სანებლის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 300 მეტრზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (12,7 X 7,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც; შენობის კუთხეები ამოყვანილია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთითაა. აღმოსავლეთის მკლავი ღრმა ბემით და ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. აფსიდში ერთი, ხოლო ბემში ორი სარკმელია. აფსიდის სარკმლის მარცხენა მხარეს თითო წრიული და სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის მკლავი ღრმა და სწორკუთხაა. სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლე სწორკუთხედებს წარმოადგენს. დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ეკლესიის შესასვლელები და სარკმლები ფართოა და დასრულებულია აგურის წყობით გამოყვანილი ნახევაწრიული თაღებით. ღიობები შიგნიდან გარეთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათქვეშა კვადრატი მკლავებზე გადაყვანილი თაღების გადაკვეთით იქმნებოდა. ფასადები დასრულებული იყო აგურის თაროსებრი ლავგარდნით. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის კეხთან ქვის წყობით გამოყვანილია ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება