კორნელი სანაძე

(გადამისამართდა გვერდიდან სანაძე, კორნელი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სანაძე.

კორნელი ბარნაბის ძე სანაძე (დ. 2 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 19 სექტემბერი], 1907, დაბა ხონი — გ. 27 თებერვალი, 1985, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, პროფესორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის, მხატვარ თათე ვოსიანის ხელმძღვანელობით.

1929 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ, სანაძემ დაიწყო დამოუკიდებელი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ხოლო 1934 წლიდან იგი ფერწერას ასწავლიდა აკადემიაში. აღსანიშნავია, რომ 1930 წელს, როდესაც მკაფიოდ ჩამოყალიბდა კორნელი სანაძის სახვითი და პოეტური მისწრაფებები, იგი შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში და ეუფლებოდა ვოკალს. გარდა ამისა 1924 წელს მან დაამთავრა თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმიც. კორნელი სანაძე იყო 1830 წლის 8 თებერვალს დაარსებული საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა საზოგადოების-”სარმას” ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

1924 წლიდან სანაძე უკვე ყველა რესპუბლიკური გამოფენის მონაწილეა, ენერგიულად მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში. მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: ”დარიკო”, ”ქალი მწვანეში”. ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: ”კარმენი”, ”დაისი”, ”მთების ძახილი”, ”დედა და შვილი”. რუსთაველის თეატრში: ”ტირიფის ქვეშ”. მარჯანიშვილის თეატრში: ”კოლმეურნეს ქორწინება”, ”შამილი”. ქუთაისის თეატრში: ”ოტელო”, ”გუშინდელნი”, ”კიკვიძე”. ბათუმის თეატრში: ”ფოლადაური”, ”პური”.

კორნელი სანაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებშიც, კერძოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. მნიშვნელოვანია კორნელი სანაძის, როგორც პედაგოგის როლი, ახალგაზრდა ქართველ მხატვართა აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში. მისი მოსწავლეები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: გ. თოიძე, გ. თოთიბაძე, გ. ჯაში და სხვები. კორნელი სანაძის ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, სახელმწიფო თეატრალურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, აჭარის ავტონომიურ მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმში.

კორნელი სანაძის ნაშრომებიდან განსაკუთრებით ცნობილია ”მებაღე” და ”სინგაპურის საზამთროები”, რომლებიც 2007 წელს ბირმინგენის აუქციონზე იქნა წარდგენილი და საიდუმლო მყიდველის მიერ უცნობ ფასად შეძენილი.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 320, თბ., 1994
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 78

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება