სამსხვერპლო
სამსხვერპლო — ქვის ბლოკის ან ქვის წყობის, კლდის, თიხის, ალიზის, ხის, მიწისა და ა. შ. შემაღლება (ზოგჯერ სიმბოლური გამოსახულებებით შემკული), რომელიც ვ. წარმართულ ხალხებში ღვთაებისადმი მსხვერპლის შესაწირად და ლოცვა-კურთხევისათვის იყო განკუთვნილი. ემსახურებოდა აგრეთვე მიცვალებულთა კულტს. დამახასიათებელია ყველა განვითარებული რელიგიისათვის, პრიმიტიული ხალხებს არა აქვთ. ხშირად სამსხვერპლოს აწყობდნენ ღია ცის ქვეშ ტაძრებთან, წმინდა აგილებსა და მოედნებზე, რათა მსხვერპლშეწირვის კვამლს ღვთაებამდე მიეღწია. სამსხვერპლო ეწყობოდა დახურულ ნაგებობებშიც (ტაძარი, სამლოცველო, საცხოვრებელი და აკლდამა).
საქართველო
რედაქტირებასაქართველოში სამსხვერპლოების არსებობა დადასტურებულია ძვ. წ. VI—V საუკუნეში, ნეოლით-ენეოლითის ხანიდან. ქვემო ქართლის ადრინდელი სამიწადმოქმედო ნამოსახლარებზე. ოთახის ცენტრში გამართულ კერებში, რომელთა მთავარი ფუნქცია ცეცხლის შენახვა იყო, აღმოჩნდა შეწირული ნივთები და ცხოველთა ძვლები, რასაც მზის, ნაყოფიერების და „დიდი დედის“ კულტს უკავშირებენ. მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებში გვხვდება კერასთან დაკავშირებული რქებიანი თიხის სადგრები. ზოგი მკვლევარი მათ „რქებიან საკურთხევლებად“ მიიჩნევს (რ. დუსო). მრავლადაა აღმოჩენილი ითიფალური ხასიათის ნალისებრი ზესადგრები, ნალისებრი კერები და სამსხვერპლოები. ნაგებობებში დამოწმებულია თიხის შემაღლებები შესაწირავი ჭურჭლითა და სხვა ნივთებით.
თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ვ. წ. II ათასწლეული) გამოსახულია მაღალფეხიანი სამსხვერპლო ზოგიერთ თიხის ჭურჭელზე კი სამსხვერპლოს სქემატური გამოსახულებებია. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია მრავალი სახის სამსხვერპლო: სათავსოთა შიგნით შემაღლებული და შელესილი თაროები თუ ორმოები, სავარძლისებური სამსხვერპლოები კერებითა და სხვადასხვა სიმბოლოთი, მრავალნაირი შეწირულებით, სამლოცველო სენაკები და საკულტო კომპლექსები (ნაცარგორა, ხოვლეგორა, ყათნალისხევი, დიღომი და სხვა), აგრეთვე საკულტო მოედნები მრავალრიცხოვანი ნივთიერი შეწირულებით (მელიღელე, მელაანი, არაშენდა, შილდა, ქვემო ქედი). ანტიკური ხანის ტაძარ-სამლოცველოთა ნიმუშებს წარმოადგენს ვანის ნაქალაქარისა და დედოფლის მინდვრის სატაძრო ქალაქის მთავარი ტაძრის სამსხვერპლოები.
ქართული ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემონახულია ქართული საკულტო ადათ-წესები საკურთხ-საწირავი რიტუალით, საზოგადო კულტმსახურების ადგილები — ჯვარხატები და სხვა, რომლებშიც კარგად ჩანს მრავალი წარმართული ელემენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 33—34.