რუსთავის ავტობაზრობა

რუსთავის ავტობაზრობა — ავტომანქანების ბაზრობის უდიდესი კომპლექსი ამიერკავკასიაში, საქართველოში, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ქალაქ რუსთავის შესასვლელში. მოიცავს სხვადასხვა მესაკუთრეთა რამდენიმე ბაზრობას, „კავკასიის ავტოცენტრს“, ასევე მშენებარე ობიექტებს.

პირველი ბაზრობა რუსთავში 2009 წლის 19 დეკემბერს ქვემო ქართლის მაშინდელი რწმუნებულის, დავით კირკიტაძისა და რუსთავის, მერის მამუკა ჩიქოვანის მიერ გაიხსნა; მისი ფართობი 250 ათას მ²-ს შეადგენს და 5000 ავტომობილზეა გათვლილი. ინვესტიცია, რომელიც უკრაინულმა „პრივატბანკმა“ ჩადო, 25 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, ხოლო თავად პროექტი მთლიანობაში 40 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული. ბაზრის ტერიტორია უკრაინელი ბიზნესმენს, ევგენი უსტინოვს ეკუთვნის[1].

ბაზრის ტერიტორია დაყოფილია ზონებად, მათ შორის არის საბაჟო კონტროლის ზონა. ტერიტორიაზე მოწყობილია სწრაფი კვების ობიექტები, ავტოსამრეცხაოები, ტექნიკური მომსახურების ობიექტები, საწყობები, საოფისე ფართები და სხვა დამატებითი სერვისები[1].

2011 წლის ზაფხულში რუსთავში, ავტობაზრობის კომპლექსში კიდევ ერთი ბაზრობა გაიხსნა „კავკასიის ავტოცენტრის“ სახელწოდებით. ამ პროექტში ოთხი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ჩადო. კავკასიის ავტოცენტრი 46 ათას მ²-ზეა განთავსებული და 2000 ავტომობილს ემსახურება; დაყოფილია ოთხ ზონად და ერთ ტერმინალად. გარდა მეორადისა, წარმოდგენილია ისეთი ბრენდების ახალი ავტომობილები, როგორებიცაა Volkswagen, Vudi, Skoda, Mitsubishi, Renault, Nissan, Infiniti, Pedageot და Kia[2].

რუსთავის შესასვლელთან მიმდინარეობს კომპლექსში შემავალი მესამე ავტობაზრის მშენებლობაც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „სბ უძრავი ქონების“ მიერ. ავტოცენტრების განთავსებით დაინტერესება გამოხატეს „ჰიუნდაის“ და „ტოიოტას“ წარმომადგენლობებმაც. ქალაქ რუსთავის მერიის განცხადებით, რუსთავი კავკასიაში დღეისათვის ერთადერთი ქალაქია, სადაც უდიდესი ავტობაზრობები და საავტომობილო ჰაბებია განთავსებული[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება