საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC, „საქართველოს ბანკის ჯგუფი“, ჯგუფი, ან „BOGG“, ლონდონის საფონდო ბირჟაზე: BGEO:LN) — გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია,[1] რომელიც BGEO Group PLC-ს (BGEO) ახალ მშობელ კომპანიას წარმოადგენს. 2018 წლის 29 მაისამდე BGEO, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, საბანკო ბიზნესსა და საინვესტიციო ბიზნესს აერთიანებდა. 10-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ  BGEO ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო: − საქართველოს ბანკის ჯგუფი და საქართველოს კაპიტალი. BGEO-მ საბანკო და საინვესტიციო  მიმართულებებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა,[2] ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით,  აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. 2018 წლის 29 მაისს მომხდარი გაყოფის შედეგად[3] საქართველოს ბანკის ჯგუფსა და საქართველოს კაპიტალს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ[4]. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან BGEO ლონდონის საფონდო  ბირჟაზე ამჟამად 3 კომპანიაა წარმოდგენილი: საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC), საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (Georgia Healthcare Group PLC) და საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital). საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია განთავსებული.[5]

საქართველოს ბანკის ჯგუფი აერთიანებს: ა) საცალო საბანკო მომსახურებასა და გადახდების მომსახურებას; ბ) კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი ქონების მართვის ოპერაციებს საქართველოში; გ) საბანკო ოპერაციებს ბელარუსში (BNB).[6] ჯგუფის მთავარი ერთეულია სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი (საქართველოს ბანკი ან ბანკი), რომელიც წამყვანი უნივერსალური ბანკია საქართველოში და თავისი ქსელის მეშვეობით საცალო ვაჭრობის ბაზარს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და სერვისცენტრების (271), ბანკომატებისა (886) და თვითმომსახურების ტერმინალების (3,152) ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ბანკის მომსახურებაში ასევე შედის დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24-საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.[7]

საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე შევიდა გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების მეშვეობით და ასევე პირველი ქართული ბანკის ჯგუფია, რომელიც 2012 წლის თებერვალში ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში განთავსდა (LSE: BGEO).[8]

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით ჯგუფის სამი მთავარი აქციონერია:  საქართველოს კაპიტალი (JSC Georgia Capital) (19.90%), Harding Loevner LP (4.58%) და JP Morgan Asset Management (3.11%).[9]

საქართველოს ბანკისთვის საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody’s-ს მინიჭებული აქვს რეიტინგი „Ba3/Ba2“ სტაბილური პერსპექტივით, რაც დადასტურებულია 2017 წლის 14 სექტემბერს.[10] სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ბანკისთვის მინიჭებული რეიტინგია „BB-“ სტაბილური პერსპექტივით, რაც დადასტურებულია 2019 წლის 15 აპრილს.[11]


ისტორია რედაქტირება

90-იანი წლების დასაწყისში დაარსებული საქართველოს ბანკის არსებობის პირველი ათწლეული სიახლეებითა და ცვლილებებით ხასიათდებოდა, რაც ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემოტანით გამოიხატა. სადებეტო / საკრედიტო ბარათები, ბანკომატები, ფულადი გადარიცხვები, SMS ბანკი, წინასწარ დამტკიცებული SMS სესხები, ლიზინგი, დაზღვევა და ა.შ. დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და მათ ფართოდ სთავაზობენ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, თუმცა  საქართველოს ბაზარზე  მათი შემოტანა საქართველოს ბანკის დამსახურებაა.[12] 2004 წლიდან დაწყებული საქართველოს ბანკმა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის შესყიდვა განახორციელა, შემოიტანა საცალო პროდუქტების მთელი რიგი პაკეტები და დაიწყო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი მოდერნიზება. სწორედ ამ დროს წამოიწყო ბანკმა კერძო საბანკო მომსახურების შეთავაზება, პირველი კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა, ავტომატიზებული გახადა საბანკო პროცესები და მოსახლეობის მიერ საბანკო ბარათების ფართოდ გამოყენების აქტიური ხელშეწყობა დაიწყო. 2006 წლისთვის ბანკს უკვე მიღებული ჰქონდა რეიტინგები უმსხვილესი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისგან (Fitch Ratings[13], Moody’s[14], S&P Global[15]).

2006 წელს, საქართველოს ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენამ განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა ბანკი და ახალი პერსპექტივები დაუსახა მას. საქართველოს ბანკმა გაამყარა საკუთარი კორპორატიული მართვის სტანდარტები, მიიღო პირდაპირი წვდომა კაპიტალის ბაზრებზე და ინსტიტუციურ ინვესტორებზე. ლისტინგის მომდევნო პერიოდი აღინიშნა პირველი ევრობონდების გამოშვებით, შემდგომი შესყიდვებით, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით (მაგ.: American Express-თან[16]).

2008 წელს საქართველოს ბანკის პირველი ინტეგრირებული ინტერნეტ და მობაილ-პლატფორმა გაეშვა ქართულ ბაზარზე,[17] რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებისკენ. 

2009-2011 წლებში ბანკმა ახალ საბანკო გამოცდილებას ჩაუყარა საფუძველი SOLO[18]-სა და Express ბრენდების სახით, რაც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მომხმარებელზე მორგებული საბანკო პრაქტიკის მიმართულებით. საქართველოს ბანკმა საკუთარი შემოსავლების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინა არასაბანკო სექტორებში შესვლით, როგორებიცაა − ჯანდაცვა და უძრავი ქონება, რაც მოგვიანებით BGEO-ს საინვესტიციო მიმართულებად იქცა.    

2012 წელს საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ FTSE 250 სეგმენტში განთავსდა,[19] რამაც ბანკის ლიკვიდურობა გაზარდა და მეტი შესაძლებლობები მიანიჭა მას კაპიტალის ბაზრებზე. 2014 წლის ბოლოსთვის ბანკმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა საბანკო და არასაბანკო ბიზნესებში და ზრდის სტრატეგიის მოდიფიცირება მოახდინა ამ ორი მიმართულების ასახვის მიზნით.[20]  

ბანკის რეორგანიზაცია, რომელიც 2015 წელს დაიწყო, აღინიშნა საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების განცალკევებით  BGEO-ს ფარგლებში (რეორგანიზაციამდე ცნობილი როგორც „საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია“ ან BGH). ეს ის წელი იყო, როდესაც საქართველოს ბანკმა თავისი საცალო ბრენდის მომხმარებელზე ფოკუსირებულ ბიზნესად გარდაქმნა დაიწყო. ბანკის საცალო ბრენდი აერთიანებდა ტრანზაქციულ საბანკო მომსახურებას ექსპრეს ბანკის, მასობრივ საცალო საბანკო  მომსახურებას საქართველოს ბანკის ბრენდის, ხოლო პრემიუმ საბანკო მომსახურებას SOLO-ს მეშვეობით. 2015 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საინვესტიციო ბიზნესისთვისაც, რადგან ამ წელს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი  წარმატებით განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში.    

2017 წელს საქართველოს ბანკმა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე პირველად განათავსა ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში.[21]

2018 წელს BGEO ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო:  საქართველოს ბანკის ჯგუფი და საქართველოს კაპიტალი.[22]

2019 წელს საქართველოს ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.[23] ეს ტრანზაქცია დამატებითი პირველადი კაპიტალის პირველ ტრანზაქციას წარმოადგენს საქართველოდან და ამ ინსტრუმენტის პირველ გამოშვებას დსთ-დან 2018 წლის იანვრის შემდეგ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Company Overview of Bank of Georgia Group PLC. Bloomberg. ციტირების თარიღი: 30 June 2017.
  2. საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების თაობაზე განაცხადა. Bank of Georgia. ციტირების თარიღი: 3 July 2017.
  3. Bank of Georgia completes demerger. youinvest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 30 June 2018.
  4. Bank of Georgia completes demerger. youinvest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 30 June 2018.
  5. LONDON STOCK EXCHANGE WELCOMES BANK OF GEORGIA GROUP PLC AND GEORGIA CAPITAL PLC. London Stock Exchange Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-21. ციტირების თარიღი: May 2018.
  6. Bank of Georgia Buys Belarus Bank. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 30 June 2018.
  7. IFC: Bank of Georgia Group, Annual Report BGEO Group, 28 March 2019
  8. Bank of Georgia listed on London Stock Exchange. London Stock Exchange Group. ციტირების თარიღი: 01 December 2016.
  9. Annual Report Presentation დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine. BGEO Group, 14 May 2019
  10. JSC Bank of Georgia: Update following upgrade to Ba2, outlook remains stable. Moody’s. ციტირების თარიღი: 14 September 2017.
  11. Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable. FitchRatings. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  12. JSC Bank of Georgia: Update following upgrade to Ba2, outlook remains stable. Bank of Georgia. ციტირების თარიღი: 17 September 2012.
  13. Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable. FitchRatings. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  14. JSC Bank of Georgia: Update following upgrade to Ba2, outlook remains stable. Moody’s. ციტირების თარიღი: 14 September 2017.
  15. Fitch revises outlook on Bank of Georgia, TBC Bank. S&P Global. ციტირების თარიღი: 17 April 2019.
  16. American Express. Bank of Georgia. ციტირების თარიღი: 3 June 2019.
  17. iBank – მე-4 თაობის ინტერნეტბანკი. Bank of Georgia. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  18. SOLO პრივილეგიები. SOLO. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
  19. LONDON STOCK EXCHANGE WELCOMES BANK OF GEORGIA GROUP PLC AND GEORGIA CAPITAL PLC. London Stock Exchange Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-21. ციტირების თარიღი: May 2018.
  20. Aldagi BCI acquires controlling interest in Imedi L დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine. Georgia Today, May 2012
  21. Georgia Capital Eurobond. EBRD (27 February 2018). ციტირების თარიღი: 3 June 2019.
  22. Bank of Georgia completes demerger. youinvest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 30 June 2018.
  23. BOG issues US$ 100,000,000 11.125% AT 1 Notes. SOLO. ციტირების თარიღი: 22 March 2019.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება