როშკის მთავარანგელოზის ჯვარი

მთავარანგელოზის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ როშკაში, მდინარე როშკისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის წვერზე. სალოცავში შედის ბეღელი, დარბაზი, მარიამწმინდის კოშკი და საზარე.

ბეღელი ფიქლით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა, შელესილკედლებიანი ნაგებობაა. შემორჩენილია მხოლოდ მისი უკანა ნაწილი, შვიდსაფეხურიანი გადახურვით. დარბაზი ბეღლის სამხრეთითაა. ნაგებია ფიქლის ქვის მშრალი წყობით. გეგმით ოთხკუთხაა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, იმავე კედელში სარკმელია გაჭრილი. სათავსში, კედლების გაყოლებაზე, ქვის სკამებია. ცენტრში კერაა მოწყობილი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოზრდილი ხის თაროა - თასების დასაწყობად. გადახურვა ბრტყელია - ძელური.

მარიამწმინდის კოშკი ოთხწახნაგა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა. დგას დარბაზის სამხრეთით. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. ჩრდილო-დასავლეთით პატარა ნიში აქვს მოწყობილი. კოშკის წინ შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტი. კოშკსა და დარბაზს შორის ძველი ციხის ნანგრევებია.

საზარე კოშკისებრი მასიური ნაგებობაა. დგას კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში. შემორჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება