როშკის ლოდები
როშკის ლოდები — ერატიკული ლოდები საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ როშკის მიდამოებში, მდინარე ხევსურეთის არაგვის შენაკადის — აბუდელაურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1850–1900 მ სიმაღლეზე. როშკის ორი უზარმაზარი ლოდი მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი ერატიკული ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19x5x7 და 22x13x10 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე).[1]
ლოდები შედგება მაგმური ქანებისაგან — დიაბაზისაგან. მათგან შედარებით ხევსურთა სახლები სათამაშო ხუხულებივით გამოიყურება. სოფლის ზემოთ უფრო დიდი ლოდებიცაა: 22x20x8 და „გახლეჩილი ლოდი“ 25x10x11 მ. შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიკული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც — ხევსურეთის არაგვის ხეობაში. მათი გავრცელების ქვემო (სამხრული) ზღვარი თითქმის აღწევს მდინარე ორხევის შესართავს. მსხვილი ლოდოვანი მასალა ღელისვაკისა და ღულის მიდამოებშიც არის, ხეობის ფსკერიდან 200–250 მ სიმაღლეზე.[2]
ყველა ეს ლოდი ჩამოტანილია ჭაუხის მასივიდან — ხევსურების, მთიულებისა და მოხევეების ზეპირსიტყვიერებაში ხშირად ხსენებული კლდოვანი მთიდან, რომელიც ერთ-ერთი თავისი ბუნებრივი კოშკით ზღვის დონიდან 3940 მ სიმაღლეზეა აღმართული. ლოდები ჩამოზიდა ჭაუხის უდიდესმა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 სიმაღლეზე (ამჟამად ეს ადგილი აზევებულია 1650 მ სიმაღლემდე).[2]
როშკის ლოდებთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფელი როშკა. თბილისიდან როშკა დაშორებულია 119 კმ-ით; ხანგრძლივობა — 3 სთ; სოფელი როშკა — როშკის ლოდები — 1 კმ, ხანგრძლივობა — 10 წთ; (საფეხმავლო). ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია როშკაში ან ბარისახოში დარჩენა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014
- ↑ 2.0 2.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
- ↑ როშკის ლოდების ბუნების ძეგლი