რომაული ხელოვნება
რომაული ხელოვნება — ანტიკური ხელოვნების უკანასკნელი ეტაპი. მას მსოფლიო კულტურის ისტორიაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
რომაული ქანდაკება
რედაქტირებარომის ხელოვნების ერთ–ერთი უდიდესი შენაძენი რომაული ქანდაკებაა, რომელიც თავის საწყისებს აპენინის ნახევარკუნძულის უძველეს მკვიდრთა – ეტრუსკების ხელოვნებიდან იღებს. რომის ხელოვნების ყველა სხვა დარგთან ერთად, ქანდაკებამაც განვითარების რთული და თავისებური გზა განვლო. იგი მოიცავს იტალიის უძველეს ხელოვნებას (უძველესი ხანიდან ძვ.წ. III საუკუნემდე), რომის რესპუბლიკის ხანის ხელოვნებას (ძვ. წ. III- ძვ.წ.I საუკუნეებს) და იმპერიის ეპოქის ხელოვნებას.
ეტრუსკების ქანდაკების აყვავების ხანა იყო ძვ.წ. I შუა პერიოდი. სწორედ ეტრუსკების ხელოვნებიდან მომდინარეობს რომაული ქანდაკების ძირითადი დარგის– სკულპტურული პორტრეტის უდიდესი მიღწევები. ეტრუსკული პორტრეტული ქანდაკება გამპოირჩეოდა განსაკუთრებული მისწრაფებით– გადმოეცა ადამიანის ინდივიდუალური ნიშნები, უფრო ღრმად დაკვირვებოდა მის ბუნებას და სიზუსტით აესახა იგი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ძველი ეტრუსკული სარკოფაგები, რომელთაც გარდაცვლილის ქანდაკება ამკობდა. ეტრუსკი მოქანდაკეებიდან ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობდა ოსტატივულკი ქალაქ ვეიდან. მას ეკუთვნის აპოლონის მონუმენტური ქანდაკება. იგი გამოირჩევა ერთგვარი პირობითობით მოძრაობის გადმოცემაში– გარკვეული ემოციურობით, ორნამენტული დამუშავებისკენ მიდრეკილებით. მასში აგრეთვე იგრძნობა არქაულ ბერძნულ ქანდაკებასთან სიახლოვე.
განსაკუთრებით განვითარდა ეტრურიაში ბრინჯაოს ქანდაკება. მონუმენტური ფიგურების შესაქმნელად მრავალფეროვანი ხერხები იხმარებოდა: ჩამოსხმა, ჭედვა, გრავირება. ძვ. წ.–ის VI საუკუნის ეტრუსკული ქანდაკების ერთ–ერთი საყურადრებო ნიმუშიაკაპიტოლიუმის ძუ მგელი, რომელიც მკაცრი და შეუპოვარი რომის სიმბოლოდ იქცა.
რომაულმა ქანდაკებამ თავის უმაღლეს წერტილს იმპერატორთა ეპოქაში მიაღწია, მაგრამ იგი მეტად თავისებურად განვითარდა რესპუბლიკის ხანაში. რომაული ქანდაკების უდიდესი მონაპოვარი–სკულპტურული პორტრეტი– სწორედ ამ ეპოქაში იწყებს ორიგინალურ, თავისთავად განვითარებას. პორტრეტში მთავარი იყო მიახლოება ნატურასთან, ადამიანის გადმოცემა მისი დამახასიათებელი ნაკვთებით. რესპუბლიკის ხანიდან მოყოლებული, რომაული პორტრეტის სტილმა საგრძნობი ცვლილება განიცადა, მაგრამ მისი რეალისტური ტენდენცია, მისი სწრაფვა სიმართლისაკენ უცნობი დარჩა.
რესპუბლიკის დროს რომაული პორტრეტი ჯერ კიდევ არ იყო სავსებით ჩამოყალიბებული. ჯერ კიდევ ხშირი იყო მეორეხარისხოვანი დეტალებით გატაცება. პლასტიკური მოდელირება ერთგვარი სიმშრალით ხასიათდებოდა. ამ პერიოდის ზოგიერთი პორტრეტი ნიღბის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯერ კიდევ არ ჩანდა ადამიანის ხასიათის სრული გახნა, მხატვრული განზოგადება.
გვიან რესპუბლიკის ხანაში ცხოვრებისეულ რეალობას ემატება პლასტიკური დამუშავების დახვეწა, მხატვრული სახის სრულყოფა. ამ ხანას ეკუთვნის ციცერონისა და პომპეუსის პორტრეტები.
ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა რომაული ქანდაკების აყვავების ხანაა. იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის დროს რომის ფორუმზე აღიმართა რომაული არქიტექტურისა და პლასტიკის შესანიშნავი ძეგლი, ე.წ. „მშვიდობის საკურთხეველი“.მისი კედლები მთლიანად რელიეფებით იყო დაფარული. ეს მრავალფიგურიანი კომპოზიცია გამოსახავდა საზეიმო პროცესიას, რომელშიც მონაწილეობენ თვით ავგუსტუსი, მისი ოჯახის წევრები, სენატორები, ქურუმები. რელიეფი გამოირჩევა დამუშავების სიმკვეთრით და სიმკაცრით. რომაელი პატრიციების პორტრეტები უდიდესი რეალიზმითაა შესრულებული.
იმპერატორთა ეპოქა რომში არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით გამოირჩეოდა, ხელოვნების ყველა დარგი იმპერატორის განდიდებას ემსახურებოდა. ამისთვის იყო განკუთვნილი რელიეფებით შემკული ტრიუმფალური თაღებიც. ისინი გამოხატავდნენ იმპერატორთა იმ ტრიუმფებს, რომელთა უკვდავსაყოფადაც იყო აგებული თაღი. ეს იყო სწორედ ის „ისტორიული რელიეფი“, რომელიც სკულპტურულ პორტრეტთან ერთად რომაული ხელოვნების უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს.
ტრიუმფალური თაღების საუკეთესო მაგალითია იმპერატორ ტიტუსის თაღი. ისტორიული რელიეფის საყურადღებო ძეგლია ტრაიანეს სვეტი. მასზე სპირალურად განლაგებული რელიეფებია მოთავსებული. აქ იმპერატორ ტრაიანეს წარმატებით ლაშქრობის ამბავია მოთხრობილი. ისტორიული ეპიზოდების დოკუმენტური სიზუსტითაა გადმოცემული.
ძირითადი მიღწევები რომაულმა ქანდაკებამ მაინც პორტრეტულ ხელოვნებაში მოიპოვა. ავგუსტუსის დროს ოფიციალური, პირადული პორტრეტის გვერდით(იმპერატორ ავგუსტუსის ქანდაკებები), რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მეტი გაიდეალება, განდიდება, სიმკაცრე, ვითარდება პორტრეტის უფრო რეალისტური ხაზი, მეტი ინდივიდუალიზაციით, მეტი სიახლოვით ნატურასთან, გარკვეული დინამიურობით პორტრეტის კომპოზიციურ აგებაში. ეს ტენდეციები განსაკუთრებით მკაფიო ხდება რომაულ პორტრეტში ახ. წ. I საუკუნის II ნახევრისთვის.
იმპერატორ ადრიანეს ეპოქის აშკარა გატაცება ბერძნული ხელოვნებით, კლასიკური ბერძნული ქანდაკების ნიმუშთა განმეორებით, მიბაძვით, ამავე საუკუნის ბოლოსათვის უფრო რეალისტური ტენდენციებით შეიცვალა. ცვლილებას განიცდის სკულპტურული პორტეტის ხასიათიც, შესრულების მანერა. მიმდინარეობს მარმარილოს ზედაპირის დამუშავება. მოქანდაკე ხშირად იყენებს ბურღს თვალების, თმების დამუშავებისთვის, დიდი ყურადღება ექცევა სახისა და თმების ფაქტურულ კონტრასტებს, შუქ–ჩრდილის ეფექტებს. ავგუსტუსისდროინდელ სიმშვიდეს, მკაფიოებასა და თავშეკავებას ცვლის მოძრაობა, ცხოველხატულობა.
III საუკუნის რომის იმპერიის გართულებულმა ვითარებამ დაღი დაასვა ქანდაკების ხასიათს. პორტრეტში ხაზი ესმება უხეშ ძალას, მედიდურობას, მრისხანებას. იზრდება შინაგანი დაძაბულობა. ამ პერიოდის პლასტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლებია რელიეფებიანი სარკოფაგები, რომელთა რთული კომპოზიციები არ არიან მოკლებული გარკვეულ გამომსახველობას, ექსპრესიას. მაგრამ სიმკვეთირს დაკარგვაში, მასშტაბების არევაში უკვე დაცემის ნიშნები იჩენს თავს.
IV საუკუნისათვის რომის იმპერიის კრიზისი თავისებურად აისახა ქანდაკებაშიც. იმპერატორის დიდებულება გამოიხატებოდა კოლოსალური ზომის ქანდაკებებსა და ბიუსტებში, რომლებშიც თავისებურად იყო შერწყმული მონუმენტალობა და პირობითობა, ერთგავრი აბსტრაქცია და სულიერი საწყისის ხაზგასმა.
რომაული ფერწერა
რედაქტირებაახ.წ. 74 წლის 24 აგვისტოს მიწისძვრისა და ვეზუვის ამოფრქვევისგან დაიღუპა ნეაპოლის ყურესთან მდებარე აყვავებული იტალიური ქალაქები: პომპეი, ჰერკულანუმი, სტაბიუმი. ვულკანურმა ლავამ ამ ქალაქებში სიცოცხლე მოსპო, მაგრამ ფერფლის საფარქვეშ საუკუნეთა განმავლობაში ნაგებობანი მთელი მათი მოწყობილობით და მოხატულობით ხელუხლებლად ინახებოდა.
კედლის მოხატვის ტრადიცია რომში რესპუბლიკის ხანიდანვე არსებობს. იგი ემყარებოდა საგანგებოდ დამუშავებულ რთულ დეკორატიულ სისტემას. საბერძნეთიდან ათვისებული ეს ტრადიცია რომმა საკუთარ ნიადაგზე განავითარა საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად.
რომაული ფერწერის ნიმუშები ყველაზე უკეთ პომპეიშია შენახული. იგი წარმოდგენას გვიქმნის ძვ. წ. II საუკუნისა და ახ.წ. I საუკუნის რომაულ ფერწერულ ხელოვნებაზე. საერთოდ, ამის გამო პომპეის კედლის მხატვრობის დახასიათება შეიძლება გავრცელდეს მთელ რომაულ ფერწერაზე.
მეცნიერებაში მიღებულია რომაული მხატვრობის დაჯგუფება ოთხ პერიოდად, ოთხ „სტილად“, რომელთაგან თითოეული საკუთარი მხატვრული სტილით, თავისებური დეკორატიული პრინციპით გამოირჩევა. იმის გამო, რომ რომაული მხატვრობის ძეგლები ყველაზე ადრე და სრულად პომპეიშია შესწავლილი, რომაული მხატვრობის ამ ოთხ ეტაპს პირობითად უწოდებენ „პომპეის ოთხ სტილს“.
ყველაზე ადრეულია ის მხატვრობა, რომელშიც შენობის შიდა კედელი შემკული იყო პლასტიკურად შესრულებული არქიტექტურული დეტალებით. ასეთია ე.წ. „პომპეის პირველი სტილი“. ასეთი ხასიათის იყო რომაული მხატვრობა ძვ.წ. II საუკუნეში. მეორენაირად ამ სტილს ინკრუსტაციულსაც უწოდებენ.
ძვ.წ. I საუკუნეში კედლის მხატვრობაში შემოდის ილუზიონიზმის ელემენტები, კედლები იფარება რთული არქიტექტურული ელემენტებითა და კომპოზიციებით, რომელნიც თეატრალური დეკორაციების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ სახის მხატვრობა „პომპეის მეორე სტილის“ სახელითაა ცნობილი. მას ხანდახან არქიტექტურულ სტილსაც უწოდებენ.
იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქას შეესაბამება პომპეის ე.წ. „მესამე სტილი“, რომელსაც „ეგვიპტური იერის სტილსაც“ უწოდებენ. ეს არის რომაული მხატვრობის ძეგლთა ყველაზე დახვეწილი და ბრწყინვალე ჯგუფი. კედლის სადა ფონი იყოფა ცალკეულ პანოებად დახატული სვეტებითა და შანდლებით, მათ შორის კი დახატულ ჩარჩოებში ჩასმული პატარ–პატარა სიუჟეტური სურათებია მოთავსებული. მხატვრები არჩევენ მითოლოგიურ კომპოზიციებს, რომლებიც გამოსახულია შესანიშნავად აგებული ფანტასტიკური პეიზაჟის ფონზე. სურათების უმრავლესობა ბერძნული მხატვრების ნიმუშების ასლებს წარმოადგენს.
მეოთხე სტილი, რომელიც „პომპეური ბაროკოს“ სახელითაა ცნობილი, სხვა პერიოდის მხატვრობისგან გამოირჩევა მეტი პომპეზურობით, ფერადოვნებით, საზეიმო ხასიათით. ეს თითქმის მეორე და მესამე სტილთა ნარევია.
დღეისათვის ცნობილია რომაული მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები. პომპეის ნაგებობებში–„ვეტიების სახლში“, „ფავნის სახლში“, „ტრაგიკოსი მსახიობის სახლში“, „მისტერიების ვილაში“, რომში– ოლივიას სახლში პალატინზე, სასახლეში ესკვილინის ბორცვზე, ჰერკულანუმისა და სტაბიუმის შენობებში დაცული ფრესკები აღტაცებას იწვევენ დეკორაციული კომპოზიციების ბრწყინვალებით, ფერწერული ოსტატობის სრულყოფით.
რომაული არქიტექტურა
რედაქტირებაბეტონი რომაელებამდე გამოიგონეს აღმოსავლეთში თუმცა რომაელებმა შეძლეს მისი გამოყენებით არქიტექტურის ახალ სიმაღლეზე აყვანა და შექმნეს პანთეონებისა და კოლოსეუმების საუკეთესო ნიმუშები. ცემენტის საფუძველი იფარებოდა აგურის, ქვის ან მარმარილოს ზედაპირით.[1] ამასთან რომაული არქიტექტურა გამოირჩევა მისი გამძლეობითაც. ბევრი რომაული შენობა ქრისტიანულ ეპოქაში ეკლესიად გადაკეთდა და დღემდე გამოიყენება.
რესპუბლიკის პერიოდში, რომაულმა არქიტექტურამ შეაერთა ბერძნული და ეტრუსკული ტრადიციები. რომის ყველაზე დიდი შენობა კოლოსეუმი წარმოადგენს რომაული ინჟინერიის შერწყმას დორიულ, იონურ და კორინთულ არქიტექტურულ ტრადიციებთან.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Lutraan, Katherine L., Late Roman Gold-Glass: Images and Inscriptions დაარქივებული 2014-01-04 საიტზე Wayback Machine. , MA thesis, McMaster University, 2006, available online
- Piper, David. The Illustrated Library of Art, Portland House, New York, 1986, ISBN 0-517-62336-6
- Sines, George, and Sakellarakis, Yannis A., "Lenses in Antiquity", American Journal of Archaeology, Vol. 91, No. 2 (Apr., 1987), pp. 191–196, Archaeological Institute of America, JSTOR
- Strong, Donald, et al., Roman Art, 1995 (2nd edn.), Yale University Press (Penguin/Yale History of Art), ISBN 0300052936
- Syndicus, Eduard, Early Christian Art, Burns & Oates, London, 1962
- Turner, Jane. The Dictionary of Art. Volumes 26 and 27. Macmillan, 2002. Hong Kong.
- Vickers, Michael, "The Wilshere Collection of Early Christian and Jewish Antiquities in the Ashmolean Museum, Oxford," Miscellanea a Emilio Marin Sexagenario Dicata, Kacic, 41-43 (2009-2011), pp. 605–614, PDF დაარქივებული 2017-10-19 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ancient Rome Art History Resources დაარქივებული 2009-03-15 საიტზე Wayback Machine.
- Gallery of the Ancient Roman Art
- [1]
- Dissolution and Becoming in Roman Wall-Painting დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine.