სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიხლაძე.

დეკანოზი რომანოზ ჩიხლაძე (დ. 1879, სოფ. გორდი — გ.1937, დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მღვდელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დეკანოზი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1879 წელს ხონის რაიონის სოფელ გორდში, მღვდლის ოჯახში დაბადებულა. დაწყებითი განათლება იქვე მიუღია, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია დაუმთავრებია წარჩინების დიპლომით. უმაღლესი განათლების მისაღებად უკრაინაში გამგზავრებულა, სადაც გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია და კიევის სასულიერო აკადემიაში ჩარიცხულა. აქ მასთან ერთად სწავლობდა კორნელი კეკელიძე, რომელმაც ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა:„მამა რომანოზი აკადემიაში გამორჩეული სტუდენტი გახლდათ თავისი განსწავლლობითა და შრომისმოყვარეობით. სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა“.

მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა მამა რომანოზი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე...

მღვდლად კურთხევის შემდეგ ერთხანობას ხონის წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესიაში მოღვაწეობდა, მერე კი მშობლიურ გორდს დაუბრუნდა. მამა რომანოზი გახლდათ ღარიბთა და უპოვართა შემწე და დიდი ქომაგი. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, თურმე პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი 1937 წელს რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დეკანოზი რომანოზ ჩიხლაძე დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში. იმ პერიოდში დაუხვრეტიათ მისი ქვისლი მღვდელი ამბროსი კუხალაშვილიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს იმედი, წიგნი 45, გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი, 2014, გვ. 108-109