რომანოვების ქვის სასახლე

რომანოვების ქვის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, დაბა აბასთუმანში. იგი რომანოვების სასახლეთა კომპლექსის ნაწილია. ძეგლი მდინარე ოცხეს ნაპირზე, ფალიაშვილის ქუჩის ზედა მხარეს, კლდოვანი მთის ძირშია აშენებული. ორსართულიანი ნაგებობა, განსხვავებით უფლისწულის საზაფხულო სასახლისა და შუა სასახლისაგან, ქვის არის, მაგრამ მისი სივრცითი სტრუქტურა სხვა სასახლეთა მსგავსად, მკვეთრად ასიმეტრიულია. ძირითადი მოცულობის, მკრთალი რიზალიტების, სამერცხლულების ფრამუგების სამკუთხა ფრონტონები, ორსართულად განლაგებული ვიწრო და ფართე ხის აივნების დამასრულებელი ასევე სამკუთხა ფრონტონები, კოშკურა მოცულობის ციცაბო გადახურვა, ძლიერად შვერილი წინფრა და თავად შენობის არაერთგვაროვანი კონტური, ფასადის როგორც კლასიცისტური, ისე ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები მთელი ნაგებობის ასიმეტრიულ კომპოზიციას ქმნის და შენობას ევროპული ნეორომანტიზმის მიმართულებაში აქცევს. აღსანიშნავია ღიობთა სათაურები, თაროები და სხვა არაერთგვაროვანი, ფლეთილი ქვებისგან შემდგარი კედლის სიბრტყის ფონზე გამოყოფა. სწორი კვადრების რეგულარული რიგებით მხოლოდ ცოკოლი გამოირჩევა. აბასთუმნურ ტრადიციას მისდევს სამკუთხა ფრონტონების ხის დეტალების დამუშავება — ჭვირული ელემენტებით თუ ხის ძელაკებისაგან შემდგარი კომპოზიციები. ინტერიერში შემორჩენილია რომანოვებისდროინდელი ქვის კიბე რკინის აჟურული მოაჯირით, დარაბები და ინტერიერის მორთულობის სხვა დეტალები. სასახლის სიახლოვეს მდებარე, წაგრძელებული გეგმის, ერთსართულიანი ნაგებობა ასევე რომანოვების კომპლექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო. იგი ძლიერ გადაკეთებულია, მაგრამ მისი სამშენებლო მასალა — ადგილობრივი ქვა, ქვის წყობის ხასიათი, ჯერ კიდევ გადარჩენილ ღიობთა პროპორცია გვაფიქრებინებს, რომ ერთსართულიანი ნაგებობაც სასახლის პარალელურად როგორც დამხმარე შენობა XIX საუკუნის მიწურულში უნდა აშენებულიყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6226