როკო და მისი ძმები — რეჟისორ ლუკინო ვისკონტის მხატვრული ფილმი ჯოვანი ტესტორის ნაწარმოების მიხედვით. ფილმს მოპოვებული აქვს ვენეციის კინოფესტივალის პრიზი.

„როკო და მისი ძმები“
რეჟისორი ლუკინო ვისკონტი
პროდიუსერი გოფრედო ლომბარდო
სცენარისტი სუსო ჩეკი დ’ამიგო; ჯოვანი ტესტორი
როლებში ალენ დელონი, ანი ჟირარდო, რენატო სალვატორი
კომპოზიტორი ნინო როტა
ხანგრძლივობა 170 წუთი
ქვეყანა იტალია, საფრანგეთი
ენა იტალიური
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ქვრივი როზარია პარონდი და მისი ოთხი შვილი - სიმონე (რენატო სალვატორი), როკო (ალენ დელონი), ჩირო (მაქს კარტიე) და ლუკა - სამხრეთ იტალიიდან ჩადიან მილანში, სადაც როზარიას უფროსი ვაჟი, ვინჩენცო თავის საცოლესთან, ჯინეტასთან (კლაუდია კარდინალე) ცხოვრობს. ახალჩამოსულები სტუმრად ეწვევიან ვინჩენცოსა და ჯინეტას, სადაც ამ უკანასკნელების ნიშნობას ზეიმობენ. როზარია საყვედურობს ვინჩენცოს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი არ გლოვობს მამას და დაქორწინებას აპირებს. კონფლიქტი გაღრმავდება და როზარია შვილებთან, მათ შორის ვინჩენცოსთან ერთად დატოვებს ჯინეტას სახლს.

პარონდები იქირავენენ ბინას, ხოლო 2 თვის შემდეგ მათ გადაასახლებენ მევალეთა ბინებში. ვინჩენცო, როკო და სიმონე დადიან კრივზე. სიმონე ყველაზე ძლიერია ფიზიკურად. ის მოეწონება მოკრივეთა კლუბის უფროსს, ჩეკის და მასთავის კლუბში წაიყვანს, სადაც სიმონე წამყვანი მოკრივე გახდება. მილანში სიმონე გაიცნობს ნადიას (ანი ჟირარდო), რომელიც პროსტიტუციას ეწევა და მასთან ერთად ხშირად ატარებს დროს.

როკო პარონდი მუშაობს სამრეცხაოში და კეთილსინდისიერი მუშაა. სამრეცხაოდან სიმონე პერანგს მოიპარავს. თანამშრომლებს ეჭვი როკოზე აქვთ. სიმონე დააბრუნებს მოპარულ პერანგს, შეაცდენს სამრეცხაოს მფლობლს და მას ძვირფას გულსაბნევს მოპარავს. სიმონე გულსაბნევს ნადიას აჩუქებს, თუმცა ეს უკანასკნელი როკოს ხელით დააბრუნებს მოპარულ ნივთს.

გარკვეული დროის შემდეგ როკოს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. ვინჩენცო დაქორწინდება ჯინეტაზე და ცალკე საცხოვრებლად გადავა. სიმონე ვარჯიშს აგრძელებს, ჩირო საღამოს სკოლაში სწავლობს, ხოლო ლუკა სახლისთვის პროდუქტებს აგროვებს. როკო არმიაში ყოფნისას შეხვდება ნადიას, რომელიც ციხიდან ახალგამოსულია. მათ შორის სიყვარული იბადება. ნადია თავს ანებებს პროსტიტუციას და მბეჭდავ-მემანქანის კურსებზე დადის. სიმონე გაიგებს, რომ მის ძმას ნადია უყვარს. ის მეგობრებთან ერთად თავს დაესხმება როკოს, რომელსაც სცემს, ხოლო ნადიას გააუპატიურებს.

მომხდარის მიუხედავად როკო არ შეიძულებს ძმას. პირიქით, ის ნადიას სთხოვს, დაუბრუნდეს სიმონეს, რადგანაც სიმონეს ის ძალიან სჭირდება. ნადიას უყვარს როკო, თუმცა როკო გაწყვეტს მასთან ურთიერთობას, რის გამოც ნადია უბრუნდება სიმონესა და ცხოვრების ადრინდელ წესს. როკო საცხოვრებლად გადადის ვინჩენცოსთან. ის იწყებს სიარულს კრივზე. როკო, რომელიც ძმისგან განსხახევით დისციპლინირებული და მიზანმიმართულია, წარმატებებს აღწევს. როკო მუდმივად ეხმარება ფულით სიმონეს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მეტს სვამს, რის გამოც მის სპორტულ კარიერას წერტილი ესმება. სიმონეს დასცინიან მეგობრები და მიატოვებს ნადია. სიმონე მის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ და მოკლავს მას.

ამავდროულად პარონდები შეკრებულნი არიან ერთად და როკოს წარმატებას აღნიშნავენ. სიმონეს გამოჩენა მხოლოდ დედას უხარია. თავად სიმონეს კი სულაც არ ახარებს როკოს წარმატება, ის მხოლოდ ფულის სათხოვნელადაა მისული. როკო ამაზე თანახმაა, თუმცა ამის სასტიკი წინააღმდეგია ჩირო. ის პოლიციაში გაიქცევა და სიმონეს მკვლელობის შესახებ განაცხადებს. ამის შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავა და ოჯახს მიატოვებს. დასკვნით სცენაში ლუკა მიაკითხავს ჩიროს ალფა რომეოს ქარხანაში და მას ოჯახურ სადილზე დაპატიჟებს.

პერსონაჟების დახასიათება

რედაქტირება

ვინჩენცო ძმათა შორის ყველაზე უფროსია. ის პირველია, ვინც სახლიდან მიდის და ცალკე ოჯახს ქმნის. ვინჩენცო მიიყვანს კრივზე როკოსა და სიმონეს.

სიმონე ძმათა შორის ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, თუმცა ფსიქიკურად ყველაზე ლაბილურია. დიდი ქალაქის ”ბრჭყიალებით” მოხიბლული სწრაფი გამდიდრების ილუზიითა შეპყრობილი. ის ვერ უძლებს ქალაქის ცდუნებებს, ირჩევს ცხოვრების არასწორ წესს, რის გამოც ჯერ ქურდი, ხოლო ბოლოს მკვლელი ხდება.

როკო ძმათა შორის ყველაზე დამთმობია. ის ცდილობს, დაიცვას ოჯახის ერთიანობა და ტრადიციები, ოცნებობს სოფელში დაბრუნებაზე, თუმცა ამას ვერ ახერებს. როკო წარმატებული მოკრივე გახდება, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად სურდა. მზადაა, მუდამ მსხვერპლი გაიღოს ძმებისთვის, მათ შორის სიმონესათვის, რომელიც მის შეყვარებულს გააუპატიურებს.

ჩირო ერთადერთია ძმათა შორის, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრაციას ახერხებს. ის მუშაობს ქარხანაში, ხოლო თავის გამოცდილებას უმცროს ძმას, ლუკას უზიარებს, რომელიც უკეთესი მომავლის იმედს განასახიერებს.

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმმა მიიღო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება