როდამ ბაგრატიონი (დ. უცნობია ― გ. 1730) ― ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. ქართლის მეფე გიორგი XI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ხორეშან მიქელაძის ასული. იმერეთის ორგზის დედოფალი 1707-1711 და 1712-1713 წლებში, როგორც მეფე გიორგი VI-ის პირველი ცოლი. იმერეთის ორი მეფის: ალექსანდრე V-ისა და მამუკას დედა.

როდამ ბაგრატიონი
იმერეთის დედოფალი
მმართ. წლები: 1707-1711
წინამორბედი: ?? ლორთქიფანიძე
მემკვიდრე: თამარ ჩხეიძე
იმერეთის დედოფალი
მმართ. წლები: 1712-1713
წინამორბედი: თამარ ჩხეიძე
მემკვიდრე: თამარ ჩხეიძე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1730
მეუღლე: გიორგი VI, იმერეთის მეფე
(ქ. 1703 - განქ. 1714)
შვილები: ალექსანდრე V, იმერეთის მეფე
მამუკა, იმერეთის მეფე
თამარი
თუთა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი XI, ქართლის მეფე
დედა: ხორეშან მიქელაძე
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

როდამ ბაგრატიონის ადრეული ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. იგი სავარაუდოდ 1687-1695 წლებში დაიბადა. იგი იყო ქართლის მეფე გიორგი XI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ხორასან მიქელაძის ერთადერთი ასული, რომელსაც სახელი მამამისის დედის, როდამ ყაფლანიშვილ-ორბელიანის პატივსაცემად დაარქვეს.

1703 წელს მეფე გიორგი XI სპარსეთის შაჰმა ჰუსეინმა ყანდაარის მმართველად დანიშნა, რის გამოც მას ქართლის დატოვება მოუხდა, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო კი როდამი დედის მამასთან, მთავარ გიორგი მიქელაძესთან გააგზავნეს აღსაზრდელად იმერეთში. იმავე წელს მან მოახერხა იმერეთის ბატონიშვილ გიორგი ბაგრატიონის დარწმუნება, რომ ქართლთან კავშირისათვის როდამი ცოლად შეერთო, რაც ასეც მოხდა.

 
დედოფალი როდამი ქმართან და უფროს ვაჟთან ერთად

ამ ქორწინებას შედეგად უნდა მოჰყოლოდა გიორგი ბაგრატიონის ტახტზე ასვლა, რაც მოხერხდებოდა როდამის ბიძაშვილის, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ფინანსური დახმარების შედეგად. ამასთან, ეს ქორწინება ძირს გამოუთხრიდა იმერეთში გაბატონებული აბაშიძეების საგვარეულოს ძლიერებას. აღსანიშნავია, რომ სამეფო კარზე გავლენის გასაძლიერებლად იმერეთის უზურპატორი, გიორგი აბაშიძე დაჟინებით მოითხოვდა ტახტის მემკვიდრისა და თავისი ქალიშვილის ქორწინებას. როდამისა და გიორგი ბაგრატიონის ნიშნობის ჩასაშლელად აბაშიძემ როდამის პაპას, გიორგი მიქელაძეს ომიც კი გამოუცხადა, თუმცა მან თავს ქართლში გაქცევით უშველა. იმერეთის სამოქალაქო ომი მხოლოდ 1707 წელს, მას შემდეგ დასრულდა, რაც როდამის ქმარმა, გიორგი VI-მ მოახერხა ძალაუფლების ხელში აღება და იმერეთის მეფედ დაჯდომა, რითაც როდამი დედოფალი გახდა.

გიორგი VI-ის მმართველობა მშვიდობიანი არ ყოფილა. 1711 წელს იგი ამბოხებულმა დიდებულებმა დაამხეს, რის შემდეგაც მეფე-დედოფალმა თავი ქართლს შეაფარა. მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის დიმპლომატიურობის დამსახურებით, დამხობილ მეფესა და აბაშიძეებს შორის მშვიდობა დამყარდა. ცნობილია, რომ ამის შემდეგ როდამსა და გიორგის შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა. ამერიკელი ისტორიკოსის, დონალდ რეიფელის მტკიცებით, მეფე ცოლს „სძულდა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიორგიმ საყვარლად თავისი ყოფილი მტრის ასული, თამარ აბაშიძე დაისვა. გადასახლებაში ყოფნის დროს გიორგიმ თვალები დასთხარა თამარის ქმარს, გიორგი ნიჟარიძეს და ცნობების მიხედვით, 1712 წელს მასზე ფარულად იქორწინა.

1712 წელს აბაშიძის დახმარებით გიორგი დროებით იბრუნებს ტახტს და როდამი კვლავ იმერეთის დედოფალი ხდება, თუმცა უცნობია, ამ დროს იგი კვლავ დაბრუნდა იმერეთში თუ არა. ტახტის დაბრუნებიდან 10 თვეში, 1713 წელს გიორგი VI ისევ დაამხეს. 1714 წლის იანვარში როდამის ბიძაშვილმა, ქართლის მეფე იესემ გიორგი VI-ს შესთავაზა თავისი ჯარების დახმარებით ქუთაისის აღება და მისთვის მეფობის დაბრუნება, თუმცა სანაცვლოდ მოსთხოვა, რომ ჯვარზე დაეფიცებინა, რომ მიატოვებდა თამარს და როდამს დაუბრუნდებოდა. მან იესეს მოთხოვნა შეუსრულა, დაშორდა თამარს და მესამედ დაბრუნდა ხელისუფლებაში. თუმცაღა, მალევე მან პირობა დაარღვია, როდამი და მათი ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი სვანეთის მთიანეთში გადაასახლა და იმავე წელს დედოფალს გაეყარა კიდეც.

გიორგის ხელისუფლებაში მესამედ მოსვლა ზურაბ აბაშიძემ და ბეჟან დადიანმა დიდად გააპროტესტეს და სამოქალაქო ომი გააახლეს. ცნობილია, რომ მათმა ჯარებმა 1716 წელს დაარბიეს გიორგის მომხრე სვანეთი და გაანადგურეს ის ციხეც, რომელშიც დედოფალი როდამი ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. ამის შემდეგ როდამზე ისტორიული ცნობები აღარ არსებობს, გარდა იმისა, რომ იგი 1730 წელს გარდაიცვალა.

დედოფალ როდამს გიორგი VI-ისაგან სულ ხუთი შვილი ჰყავდა:

  1. ალექსანდრე V (გ. 1752), იმერეთის მეფე 1720-1741 და 1742-1752 წლებში. პირველად იქორწინა მარიამ დადიანზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თამარ აბაშიძეზე. ცოლებისაგან სულ ჰყავდა ექვსი შვილი, თუმცა საყვარლისგან ასევე შეეძინა ერთი უკანონო ქალიშვილიც;
  2. მამუკა (გ. 1747), იმერეთის მეფე 1747 წელს. ცოლად შეირთო დარეჯან დადიანი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე თეიმურაზ I;
  3. თამარი, 1735 წელს ცოლად გაჰყვა დავით აბაშიძეს;
  4. თუთა, 1735 წელს ცოლად გაჰყვა მაჰმუდ-ბეგს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც 1738 წელს დაქორწინდა პაპუნა ჭიჭუაზე;
  5. უცნობი ქალიშვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Royal Ark, « Kartli - Page 3 » [archive] (consulté le 22 janvier 2018).
  • Peter Avery, William Bayne Fisher, Gavin Hambly et Charles Melville, Nadir Shah and the Afsharid Legacy, The Cambridge history of Iran: From Nadir Shah to the Islamic Republic, Cambridge University Press, 1991, p. 11.
  • Vakhoucht Bagration, « Roi Georges d'Iméréthie, dans la Description du royaume de Géorgie » [archive] [PDF], 1745 (consulté le 22 janvier 2018).
  • Donald Rayfield, Edge of Empires: A History of Georgia, Reaktion Books, 2012, 447 p. Ouvrage utilisé pour la rédaction de l'article
  • Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990
  • Marie-Félicité Brosset (trad. du géorgien), Histoire de la Géorgie depuis l'Antiquité jusqu'au XIXe siècle, Histoire moderne, St-Pétersbourg, Imprimerie de l'Académie impériale des sciences, 1856 (ISBN 978-0543944801), partie II: Réédition en 2006 par Adamant Media Corporation