რიტა სომეხი
რიტა სომეხი (ბერძ. Ρίτα της Αρμενίας), აგრეთვე ცნობილია, როგორც რიტა II (სომხ. Ռիտա II; დ. 10 იანვარი, 1278 ― გ. ივლისი, 1333) ― კილიკიის სომხეთის პრინცესა ჰეთუმიანთა დინასტიიდან. სომხეთის მეფე ლევონ III-ისა და დედოფალ კერან ჰეთუმიანის ასული. ბიზანტიის დედოფალი 1294-1320 წლებში, როგოც იმპერატორ მიხეილ IX-ის მეუღლე. იმპერატორ ანდრონიკე III-ის დედა.
რიტა სომეხი | |
---|---|
ბიზანტიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 იანვარი, 1294 |
მმართ. დასასრული: | 12 ოქტომბერი, 1320 |
წინამორბედი: | ირინე მონფერატელი |
მემკვიდრე: | ირინე ბრაუნშვაიგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 იანვარი, 1278 |
გარდ. თარიღი: | ივლისი, 1333, (55 წლის) |
მეუღლე: |
მიხეილ IX, ბიზანტიის იმპერატორი (ქ. 1294 - გარდ. 1320) |
შვილები: |
ანდრონიკე III, ბიზანტიის იმპერატორი ანა, ეპირის დესპოტი თეოდორა, ბულგარეთის დედოფალი |
დინასტია: | ჰეთუმიანები |
მამა: | ლევონ III, სომხეთის მეფე |
დედა: | კერან ჰეთუმიანი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ადრეული წლები
რედაქტირებარიტა დაიბადა 1278 წლის 10 იანვარს. იგი იყო კილიკიის სომხეთის მეფე ლევონ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კერან ჰეთუმიანის ასული. აღსანიშნავია, რომ რიტას ტყუპისცალი და ჰყავდა, სახელად თეოდორა, რომელიც შემდეგში თესალიის მმართველ იოანე I დუკასის ძეს მიათხოვეს. მსგავსად დისა, მშობლებმა რიტასაც ბერძენი ქმარი შეურჩიეს, რათა კიდევ უფრო დაახლოვებოდნენ ბიზანტიის იმპერიასთან.
ქორწინება და შვილები
რედაქტირებაუცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყო მოლაპარაკებები რიტასა და იმპერატორ მიხეილ IX-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. მიხეილის მამამ, იმპერატორმა ანდრონიკე II-მ იგი თანაიმპერატორად დაისვა და, შესაბამისად, მისთვის დედოფლის ძებნაც დაიწყო, არჩევანი კი სომეხთა მეფე ლევონის ქალიშვილებზე შეაჩერა. ლევონმა მას რიტას ხელი შესთავაზა, ბერძნებს მოეწონათ მისი კანდიდატურა, ამიტომაც 1294 წლის 16 იანვარს ის და მიხეილ IX დააქორწინეს, რითაც რიტა ბიზანტიის დედოფალი გახდა. ქორწინებისას პატარძალი თექვსმეტი წლის იყო, ხოლო სიძე ჩვიდმეტის.
ცნობილია, რომ კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე რიტა მარიას სახელით იყო ცნობილი. წყვილს სულ ოთხი შვილი შეეძინა:
- ანდრონიკე III (1297-1341), ბიზანტიის იმპერატორი 1328-1341 წლებში. პირველად იქორწინა ირინე ბრაუნშვაიგელზე, მის შემდეგ კი ანა სავოიელზე. მისი შვილები იყვნენ იმპერატორი იოანე V და ტრაპიზონის იმპერატრიცა ირინე;
- მანუელი (??-1319), დესპოტი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ანა (??-1320), პირველად ცოლად გაჰყვა ეპირის დესპოტ თომას I კომნენოს დუკასს, დაქვრივების შემდეგ კი იტალიელ დიდგვაროვან ნიკოლო ორსინს მისთხოვდა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- თეოდორა (??-1330), პირველად ცოლად გაჰყვა ბულგარეთის პრინც თეოდორე სვეტოსლავს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბულგარეთის მეფე მიხეილ ასენ III-ზე დაქორწინდა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
დედოფლობა
რედაქტირება1294 წლიდან მოყოლებული რიტა ბიზანტიის უმცროსი დედოფალი იყო, რამეთუ მისი ქმარი მხოლოდ თანამმართველი იყო მთავარი იმპერატორისა, რის გამოც უფროსი დედოფალი რიტას ქმრის დედინაცვალი, ირინე მონფერატელი იყო. 1303 წლიდან იმპერატორი ანდრონიკე და დედოფალი ირინე ცალ-ცალკე რეზიდენციებში ცხოვრობდნენ, რის გამოც სამეფო კარის მთავარ ქალად რიტა იქცა. მისი ძალაუფლება განსაკუთრებით გაიზარდა 1317 წლის შემდეგ, როდესაც დედოფალი ირენე გარდაიცვალა, რამაც რიტა ბიზანტიის ერთადერთ დედოფლად და, შესაბამისად, ქვეყნის ყველაზე გავლენიან ქალად აქცია.
მისი ერთპიროვნული დედოფლობა მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა. ჯერ კიდევ 1319 წლიდან რიტას ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მართალია უფროსი ძე, პრინცი ანდრონიკე არ გარდაცვლილა, თუმცა რიტას მისი დაკარგვისა და შეთქმულებების ძალიან ეშინოდა. ამის გამო დედოფალმა ბრძანება გასცა, რომ პრინცს გამუდმებით უნდა ხლებოდნენ დაცვის წევრები, ხოლო ვინც უნებართვოდ მის აპარტამენტებში შესვლას ეცდებოდა უნდა დაეპატიმრებინათ, გაძალიანების შემთხვევაში კი ადგილზევე მოეკლათ. სწორედ ამიტომ, ძმასთან ღამით უნებართვოდ მისული რიტას მეორე ძე, პრინცი მანუელი მისმა დაცვის გუშაგებმა ვერ იცნეს და მოკლეს.
ამ ტრაგიკულმა მოვლენამ საშინლად იმოქმედა იმპერატორ მიხეილის ჯანმრთელობაზე, რომელიც მალევე, 1320 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა. ასე დასრულდა რიტას დედოფლობაც, თუმცა სამეფო კარზე იგი მაინც ყველაზე გავლენიან ქალად რჩებოდა. მათმა გარდაცვალებამ ერთობ დაძაბა ურთიერთობა იმპერატორ ანდრონიკესა და პრინც ანდრონიკეს შორის. პაპა-შვილიშვილს შორის დაძაბულობა სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდა, რომელიც 1328 წელს, ანდრინიკე II-ის გარდაცვალებითა და ანდრინიკე III-ის გამეფებით დასრულდა. ამასობაში, დაქვრივებულმა რიტამ მიატოვა ხმაურიანი სამეფო კარი და მონასტერში გადასახლდა, სადაც იგი მონაზვნად აღიკვეცა ქსენეს სახელით. იგი სამოქალაქო ომის დასრულებისა და ძის გამეფებიდან ხუთ წელში, 1333 წელს აღესრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Pas L. v. Rita Maria of Armenia // Genealogics (англ.) — 2003.
- Biliarsky, Ivan (2011), Word and Power in Mediaeval Bulgaria (en inglés), BRILL, ISBN 9004191453.
- Failler, Albert (1999). «Le second mariage d'Andronic II Palaiologos». Revue des études byzantines (en francés) 57: 225-235..
- Geanakoplos, Deno (1975). «Byzantium and the Crusades, 1261-1354». En Hazard, Harry W., ed. A History of the Crusades: The Fourteenth and Fifteenth Centuries (en inglés). Vol. III. The University of Wisconsin Press.
- Nicol, Donald M. (1993). The Last Centuries of Byzantium, 1261-1453 (en inglés). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-43991-4.
- Ostrogorsky, Georges (1996). Histoire de l'État byzantin (J. Gouillard, trad.) (en francés). París: Payot. ISBN 9782228902069.
- Russell, Eugenia (2013). Literature and Culture in Late Byzantine Thessalonica (en inglés). Bloomsbury Academic.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Her listing in "Medieval Lands" by Charles Cawley The project "involves extracting and analyzing detailed information from primary sources, including contemporary chronicles, cartularies, necrologies, and testaments."