რევაზ დოღონაძე
რევაზ რომანის ძე დოღონაძე (დ. 21 ნოემბერი, 1931, თბილისი ― გ. 13 მაისი, 1985) — ქართველი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკური ელექტროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლარულ სითხეში ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური პროცესების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიის მთავარი ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1972).
რევაზ დოღონაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 ნოემბერი, 1931 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 13 მაისი, 1985 (53 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ფიზიკოსი და ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და Frumkin Institute of Electrochemistry (1958—2005) |
ალმა-მატერი | ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი დაიბადა 1931 წელს, ქალაქ თბილისში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ რომან დოღონაძის (1905-1970) ოჯახში. 1955 წელს დაასრულა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი და ამის შემდეგ 1978 წლამდე მოღვაწეობდა მოსკოვში. 1961 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1966 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები, 1972 წელს - პროფესორის სამეცნიერო წოდება. რევაზ დოღონაძე წლების მანძილზე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მოსკოვის ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი.
რევაზ დოღონაძე იყო 190-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა 20 დისერტაცია (15 საკანდიდატო და 5 სადოქტორო). მისი ყოფილი ასპირანტები და დოქტორანტები ამჟამად ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან საქართველოში, აშშ-ში, გერმანიაში, დანიაში, რუსეთსა და უკრაინაში. იგი იყო თანარედაქტორი და თანაავტორი სამ ტომიანი კოლექტიური მონოგრაფიის - „სოლვატაციის ფიზიკური ქიმია“ (საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ელსევირი, ამსტერდამი, 1985-1986). გარდა ამისა, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში გამოქვეყნდა მისი 2 მონოგრაფია და 50-მდე სამეცნიერო სტატია. მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის დასტური იყო ის, რომ 1975 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო ელექტროქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების (ISE, შვეიცარია) საბჭოს წევრი და ელექტროქიმიური ფიზიკის განყოფილების თავმჯდომარე. იგი არჩეული იყო არაერთი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის საორგანიზაციო და საკონსულტაციო კომიტეტების წევრად. 1970-იანი წლების შუა ხანებში მისი თაოსნობით დაარსდა კვანტური ელექტროქიმიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ოხრიდში (იუგოსლავია), რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ დარგში სამეცნიერო კადრების ერთ-ერთ უმთავრეს სამჭედლოს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური რეაქციების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიისა რევაზ დოღონაძემ მ. ვოლკენშტეინთან, ზ. ურუშაძესთან და სხვებთან ერთად შექმნა ფერმენტული კატალიზის პირველი კვანტურ-მექანიკური (ფიზიკური) მოდელი, რაც ჯერ კიდევ 1972 წელს მოხსენდა ბიოფიზიკოსთა IV საერთაშორისო კონგრესს (მოსკოვი).
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1978) რ. დოღონაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა მის მიერვე დაარსებული განყოფილების გამგე (დღეს ეს განყოფილება მის სახელს ატარებს) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1982 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
რევაზ დოღონაძის სამეცნიერო მოღვაწეობის დასასრულ პერიოდში (საქართველოში დაბრუნების შემდეგ), მისი დიდი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლის, საერთაშორისო აღიარების წყალობით, 1984 წლის 1-6 ოქტომბერს შესაძლებელი გახდა თელავში უმნიშვნელოვანესი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თემაზე „ფაზთაშორისი საზღვრის ელექტროდინამიკა. კვანტური ეფექტები ადსორბირებულ ფენებსა და აფსკებში“. ეს კონფერენცია მნიშვნელოვან მოვლენად იქნა აღიარებული ელექტროდინამიკის ფიზიკის დარგის ისტორიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა მეცნიერებმა: რუსეთიდან - ვ. აგრანოვიჩმა, ე. ველიხოვმა, ნ. ლიდორენკომ, ა. ნაუმოვეცმა, უცხოეთიდან - ჰ. გერიშერმა (მაქს პლანკის საზოგადოების, ფრანც ჰაბერის ინსტიტუტი, დას. ბერლინი), ს. დევისონმა (ვატერლოოს უნივერსიტეტი), ი. ულსტრუპმა (დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი), ვ. ჰანსენმა (იუტას უნივერსიტეტი, აშშ), ვ. შულცემ (დიუსელდორფის უნივერსიტეტი, გერმანია), კ. ფონ კლიტცინგმა (ნობელის პრემიის ლაურეატი, გერმანია), რ. კუბომ (იაპონიის ფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი), ვ. შმიკლერმა (დიუსელდორფის უნივერსიტეტი, გერმანია) და სხვებმა. საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში შედიოდნენ: რუსეთიდან - ა. გოროდიცკი, ვ. კაზარინოვი, ა. რჟანოვი, ვ. სპიცინი; უცხოეთიდან: ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი ფიზიკაში - ჯონ ბარდინი (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ), ა. დესპიჩი (ბელგრადის უნივერსიტეტი, იუგოსლავიის ფედერაცია), ჩ. დიუკი (კორპორაცია ქსეროქსი), რ. კუბო (კეიოს უნივერსიტეტი, იაპონია), ა. ოტტო (დიუსელდორფის უნივერსიტეტი), რ.პარსონსი (სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრი, საფრანგეთი), ს. ტრასატი (მილანის უნივერსიტეტი, იტალია), ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში რობერტ შრიფერი (თომას ჯ. უატსონის კვლევების ცენტრი, აშშ) და სხვები.
დოღონაძის საერთაშორისო ავტორიტეტის დასტურია ის, რომ იგი შეყვანილია პრესტიჟულ საერთაშორისო ენციკლოპედიურ გამოცემაში „Electrochemical Dictionary“ (გამომცემლობა Springer–ი, ბერლინი–ჰაიდელბერგი, 2008).
რევაზ დოღონაძე გარდაიცვალა 1985 წელს, 54 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- რევაზ დოღონაძისადმი მიძღვნილი მემორიალური გამოცემა - საერთაშორისო ჟურნალი „ელექტროანალიტიკური ქიმია და ფაზათაშორისი ელექტროქიმია“ ტ. 204, ლოზანა, 1986.
- ა. მ. კუზნეცოვი. „პროფესორი რევაზ დოღონაძე“: „კაცი და მისი შრომა“.- საერთაშორისო ჟურნალი „ზედაპირის მეცნიერების პროგრესი“, ტ. 20(1), „პერგამონ პრესი“, აშშ, 1985, გვ.1-7.
- ზ. დ. ურუშაძე. „პროფესორი რევაზ დოღონაძე“, გამომცემლობა „ცოდნა“, თბილისი, 1986, 30 გვ. (ქართულ ენაზე)
- „კვანტური ელექტროქიმიის მებაირახტრე“. შემდგენელი პროფ. ზურაბ ურუშაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1991, 141 გვ. (რუსულ ენაზე).
- რ. ჩაგუნავა. დოღონაძე რევაზ რომანის ძე.- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბილისი, 2013, გვ. 489.