Red Hot Chili Peppers

(გადამისამართდა გვერდიდან რედ ჰოთ ჩილი პეპერსი)

Red Hot Chili Peppers — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, 1983 წელს. ამჟამად მასში შედიან - ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დასარტყმელი საკრავები) და ჯონ ფრუშანტე (გიტარა). ჯგუფის მუსიკალური სტილი მოიცავს ფანკს სხვა მუსიკალური ჟანრების ელემენტებით, როგორიც არის პანკ-როკი და ფსიქოდელიური როკი.

Red Hot Chili Peppers

ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2022 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ფლი, ენტონი კიდისი, ჩედ სმითი, ჯონ ფრუშანტე
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფანკ-მეტალი,
ალტერნატიული როკი,
ფანკ-როკი
აქტიური 1983-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი redhotchilipeppers.com
Red Hot Chili Peppers ვიკისაწყობში

Red Hot Chili Peppers-ის თავდაპირველ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჰილელ სლოვაკი (გიტარა) და ჯეკ აირონსი (დასარტყმელი საკრავები). სლოვაკი გარდაიცვალა ჰეროინის ჭარბად მოხმარების შედეგად, 1988 წელს. ამას მოჰყვა ჯგუფიდან აირონსის წასვლაც.[1] თავდაპირველად ჯგუფს დაემატა დ.ჰ. პელიგრო (Dead Kennedys), რომელმაც შეცვალა აირონსი. სლოვაკს ჩაენაცვლა ჯონ ფრუშანტე. მოგვიანებით პელიგრომ დატოვა კოლექტივი, თუმცა ფრუშანტეს მონაწილეობით ჩაიწერა ალბომები Mother's Milk (1989), Blood Sugar Sex Magik (1991), Californication (1999), By the Way (2002) და Stadium Arcadium (2006).

Blood Sugar Sex Magik, ჯგუფის პირველი კომერციული წარმატება, გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით. ფრუშანტემ კოლექტივი დატოვა 1992 წელს, მისი მხარდამჭერი ტურნეს პერიოდში. ამ დროს იგი აქტიურად იყო გატაცებული ჰეროინით. მას შემდეგ, რაც გიტარისტ არიკ მარშალის დახმარებით ტურნე დასრულებული იქნა, ალბომის One Hot Minute (1995) ჩასაწერად ჯგუფში მოვიდა დეივ ნავარო (Jane's Addiction). მიუხედავად კომერციული წარმატებისა, წინა ალბომის პოპულარობა მას წილად არ ხვდა. 1998 წელს ფრუშანტე, რომელიც განიკურნა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან, დაუბრუნდა ჯგუფს. ჩაიწერა ახალი სტუდიური დისკი, Californication (1999), რომელიც გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა Red Hot Chili Peppers-ის ახალ კომერციულ წარმატებად. სამი წლის შემდეგ მას მოჰყვა წარმატებული By the Way (2002). 2006 წელს გამოვიდა ორმაგი ალბომი Stadium Arcadium - ჯგუფისათვის პირველი ალბომი, რომელიც ამერიკის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა. მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრები საკუთარ პროექტებზე ზრუნავდნენ. ფრუშანტემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა სოლო-კარიერაზე ყურადღების გასამახვილებლად.[2] იგი შეცვალა ჯოშ კლინჰოფერმა, რომელიც ტურნეს Stadium Arcadium და ფრუშანტეს სოლო პროექტებზე დამატებითი მუსიკოსის სახით ჩნდებოდა.[3] მეათე სტუდიური ალბომი I'm With You გამოიცა 2011 წლის 30 აგვისტოს და არის Red Hot Chili Peppers-ის პირველი ჩანაწერი კლინჰოფერის მონაწილეობით.

Red Hot Chili Peppers-ს მიღებული აქვს 7 გრემის ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 60 მილიონი ჩანაწერი. ბილბორდის ცხელ ასეულში სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო მისი 8 სინგლი (3 სინგლი - 10-ეულში). მეინსტრიმული როკის ჩარტში წარმოდგენილი იყო ჯგუფის ხუთი #1 სინგლი, ხოლო 11 სინგლი მოხვდა თანამედროვე როკ-ჩარტის სათავეში.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Kiedis და Slomans 2004, p. 224
  2. John Frusciante Explains His Departure from Red Hot Chili Peppers. Undercover.com.au (2010-01-29). ციტირების თარიღი: 2010-09-10.
  3. GRAMMY Camper Nick Arnold Interview With Red Hot Chili Peppers' Drummer Chad Smith. Grammycampblog.blogspot.com (2010-02-08). ციტირების თარიღი: 2010-09-10.