რბილი ძალა (ინგლ. soft power) — საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ცნება, რომელიც აღწერს ძალაუფლების გამოყენების, გავლენის გაზრდის არაძალადობრივ მეთოდს, როდესაც სამიზნე ობიექტის სურვილებისა და განწყობების განსაზღვრა ხდება მისი კეთილგანწყობის მოპოვების და არა იძულების გზით. უკანასკნელ პერიოდში, ტერმინი ასევე გამოიყენება სამთავრობო და არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაციების ლობისტური და ეკონომიკური პოლიტიკების გავლენით საზოგადოებრივი აზრის ცვლილების დახასიათებისას. ცნება 1980-იან წლებში ამერიკელმა პოლიტოლოგმა და მკვლევარმა ჯოზეფ ნაიმ დაამკვიდრა თავის ნაშრომში — „ამერიკული ძალის ცვალებადი ბუნება“.

250
ჯოზეფ ნაის წიგნის გარეკანი, რომელშიც აღწერილია „რბილი ძალის“ კონცეფცია

ნაი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„როდესაც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებს აკეთებინებს იმას, რაც მას სურს, არა იძულების, არამედ თანამშრომლობის გზით, ამას ეწოდება რბილი ძალა, განსხვავებით ხისტი ძალისგან, რომელიც ბრაძანების გაცემას, დავალების მიცემას გულისხმობს.[1]

იმ პერიოდში მსოფლიოში მკვიდრდებოდა აზრი, რომ აშშ წარმოადგენდა იმპერიას, რომლის ძალაუფლება ნელ-ნელა სუსტდებოდა. თუმცა, ნაიმ თავისი ახალი ნაშრომით ამ აზრის უარყოფა სცადა. მისი მტკიცებით, ტრადიციული ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების თვალსაზრისით შესაძლოა აშშ-მა გლობალურ დონეზე დომინანტური პოზიცია დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას რბილი ძალის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების სხვა აქტორებთან მიმართებით. ნაის თანახმად, იძულების გამოყენება ძალაუფლებრივ ურთიერთობებში სულ უფრო კარგავდა თავის მნიშვნელობას და ადგილს უთმობდა თანაარსებობის ახალ ფორმას, რომელიც კულტურული და იდეოლოგიური მიმზიდველობის საფუძველზე აღმოცენდება. ძალაუფლების ხელშეუხებელი წყაროები, როგორიცაა ინფორმაცია, ცოდნა და ურთიერთდამოკიდებულება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.[2]

კონცეფცია მალევე აიტაცეს აკადემიკოსებმა და პოლიტიკოსებმა. სახელმწიფოებმა მიიღეს ძალაუფლების ეს ახალი გაგება და აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება საგარეო პოლიტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ რბილი ძალის ცნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.[3] მოგვიანებით, თავის 2004 წლის ნაშრომში „რბილი ძალა: წარმატების საშუალება მსოფლიო პოლიტიკაში“ ნაიმ დამატებით განმარტა, რომ კულტურა, იდეოლოგია და ინსტიტუტები წარმოადგენს რბილი ძალის წყაროებს, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო მისი ძალაუფლებისა და პოლიტიკის ლეგიტიმაციას ახდენს სხვების თვალში. რბილი ძალა არის უნარი, განსაზღვრო დღის წესრიგი და თამაშის წესები.[4]

არსებობს არაერთი მედია სააგენტო თუ პოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე, სახელმწიფოთა „რბილი ძალის“ შეფასებას ახდენს. ამერიკული პოლიტიკური საკონსულტაციო სააგენტოს „Portland Communications“ ყოველწლიური გამოცემა „რბილი ძალა 30“-ის და სამხრეთ კაროლინის საჯარო დიპლომატიის ცენტრის მიერ 2018 წელს „რბილი ძალის“ მოწინავე ლიდერად გაერთიანებული სამეფო დასახელდა. მას მოჰყვება ისეთი ქვეყნები როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია, შვედეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია და დანია. 2016-2017 წლებში საერთაშორისო გამოშვება „Monocle“-ის მიერ განხორციელებული რბილი ძალის კვლევის შედეგად მსოფლიო ლიდერად აშშ დასახელდა. 2019 წელს Monocle და Soft Power 30-ის შეფასებით საფრანგეთი დაწინაურდა.

ცნების აღწერა

რედაქტირება

ჯოზეფ ნაისთვის, ძალაუფლება არის უნარი, გავლენა მოახდინო სხვების ქცევაზე, რათა მიიღო შენთვის სასურველი შედეგები. არსებობს ამის მიღწევის უამრავი გზა: სამიზნე ობიექტის იძულება შანტაჟით, მოსყიდვა, ან მოხიბვლა, რათა მას მოუნდეს ის, რაც თავად გსურს. ასეთი რბილი ძალა ადამიანებს უბიძგებს თანამშრომლობისკენ. რბილ ძალას განასხვავებენ „ხისტი ძალისგან“, რომელიც მოსყიდვას და იძულებას მოიაზრებს. რბილი ძალა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის სხვა აქტორების მიერ, მაგალითად — არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები და სხვა. ნაის განმარტებით, სახელმწიფოს რბილი ძალა სამ წყაროს ეყრდნობა: კულტურას, პოლიტიკურ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას.[5]

სახელმწიფომ შესაძლოა მიაღწიოს მისთვის სასრუველ შედეგებს გლობალურ პოლიტიკურ დონეზე, მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები თაყვანს სცემენ რა მის ღირებულებებს და ბაძავენ რა მის კეთილდღეობის მაგალითს, მისდევენ მის რეკომენდაციებსა და რჩევებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, დღის წესრიგის განსაზღვრა, რომელსაც სხვები გაჰყვებიან, ვიდრე სამხედრო ძალის თუ ეკონომიკური სანქციების გამოყენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოებისთვის რბილი ძალის გამოყენება უფრო მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ხისტი ძალის, რასაც ნაის განმარტებით ორი რამ განაპირობებს: ერთის მხრივ, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების უდიდესი ნაწილი მთავრობის კონტროლის მიღმაა; მეორეს მხრივ, რბილი ძალა ირიბად მოქმედებს, აყალიბებს რა გარემოს კონკრეტული პოლიტიკების გასატარებლად და ხშირად, სასურველი შედეგების მიღებას წლები სჭირდება.[6]

2011 წლის ნაშრომში „ძალაუფლების მომავალი“ ნაი აღნიშნავს, რომ „რბილი ძალა“ დესკრიფციული და არა ნორმატიული კონცეფციაა. ამდენად, მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. იგი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის თეორიას. „რბილი ძალა არ წარმოადგენს იდეალიზმის ან ლიბერალიზმის ფორმას. იგი უბრალოდ ძალაუფლების ფორმაა, სასურველი მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება“.[7]

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზღვარი რბილ და ხისტ ძალას შორის, ხშირად, ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, Janice Bially Mattern-ის მტკიცებით, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ცნობილი ფრაზა გამოიყენა „ან ჩვენთან ხართ ან ტერორისტებთან“, აღნიშნული რეალურად ხისტი ძალის დემონსტრირებას წარმოადგენდა. მართალია სამხედრო და ეკონომიკური იძულების მეთოდები არ ყოფილა გამოყენებული, სახელმწიფოები იძულებულები იყვნენ კოალიციას შეერთებოდნენ, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სტატუსს და რეპუტაციას დაემუქრებოდა საფრთხე. ამდენად, მატერნის განცხადებით, რბილი ძალა თავისი არსით სულაც არ არის რბილი.[8]

უკანასკნელ პერიოდში მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთოების არენაზე ახალი ძალების გამოჩენასთან ერთად [იგულისხმება ჩინეთი], რბილი ძალის განხორციელების მიდგომებიც შეიცვალა და იგი უფრო მეტად თავდაცვითი მიზნებით გამოიყენება.[9]

საზომი კრიტერიუმები

რედაქტირება

რბილი ძალის გასაზომად კრიტერიუმების შემუშავების პირველი მცდელობა ჰქონდა სამთავრობო და მედია კომპანია Monocle-ს 2010 წელს. მონოკლის „რბილი ძალის ინდექსი“ აერთიანებდა სტატისტიკური საზომი ერთეულებისა და სუბიექტური ქულების სისტემას, რომლის საფუძველზეც 26 სახელმწიფოს რბილი ძალის რესურსების შეფასება ხდებოდა. შეფასების ჩარჩო მოიცავდა ხუთ ქვე-ინდექსს, მათ შორის — კულტურას, დიპლომატიას, განათლებას, ბიზნესს/ინოვაციას და მთავრობას. საზომი ინდექსი ითვალისწინებს არა სახელმწიფოების გავლენების, არამედ, მათ მიერ ხსენებულ სფეროებში დახარჯული რესურსების გაზოვმას. მას შემდეგ, მონოკლი ყოველწლიურად აქვეყნებს „რბილი ძალის კვლევის“ შედეგებს. 2016-2017 წლებისთვის შეფასება ხდებოდა უკვე 50 ფაქტორის დათვლით. აღნიშნულ კრიტერიუმებს შორისაა, კულტურული მისიების რაოდენობა, მოპოვებული ოლიმპიური მედლების რაოდენობა, სახელმწიფოს არქიტექტურისა და ბიზნეს ბრენდების ავტორიტეტი/ხარისხი და სხვ.

ელკანოს გლობალური წარმომადგენლობის ყოველწლიური ანგარიში, რბილი ძალის ნაწილში ევროკავშირს აძლევს უმაღლეს შეფასებას. ისტორიულად, ეროვნული ძალაუფლების შეფასების დომინანტურ საზომს წარმოადგენდა ხისტი ძალა, რომელიც რაოდენობრივი მაჩვენებლებით იზომებოდა, როგორიცაა ქვეყნის მოსახლეობა, სამხედრო აღჭურვილობის მოცულობა, მშპ და სხვა. თუმცა, ამგვარი რესურსების არსებობა, აუცილებლად არ განსაზღვრავს სახელმწიფოს გავლენას გლობალურ დონეზე.[10]

რბილი ძალის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია აქტორის რეპუტაციაზე საერთაშორისო საზოგადოებაში, ისევე როგორც ინფორმაციის მიმოცვლაზე აქტორებს შორის. რბილ ძალას ხშირად აკავშირებენ გლობალიზაციისა და ნეოლიბერალური საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ზრდასთან. პოპ-კულტურა და მასმედია როგორც წესი რბილი ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროდ განიხილება. კერძოდ, ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევით დადგინდა, რომ საერთაშორისო მედია არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოთა იმიჯს და რეპუტაციას. საერთაშორისო ახალ ამბებში აშშ-ს ფართო წარმომადგენლობას მის რბილ ძალას უკავშირებენ.[11]

სადისკუსიო საკითხები

რედაქტირება

რბილი ძალის ირგვლივ მკვლევართა შორის დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობაა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მისი სარგებლიანობა;
  • რა ურთიერთმიმართებაა რბილ და ხისტ ძალას შორის;
  • როდის არის რბილი ძალა იძულებითი და მანიპულაციური?;
  • რბილი ძალა და ნორმატიული ძალა ევროპაში;
  • როგორ შეიძლება რბილი ძალის გამოყენება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დროს?;
  • როგორ კონვერტირდება რბილი ძალის „რესურსები“ მის „შედეგებად“ და რა უკუჩვენებები შეიძლება ახლდეს თან.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული „რბილი ძალა“ მნიშვნელოვნად ზრდის მის ექსპორტს.[12]

მაგალითები

რედაქტირება

ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლური ლიბერალიზმი, დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფო სისტემისა და საზოგადოებრივი მოწყობის ერთადერთ უალტერნატივო ნიმუშად განიხილებოდა. პოლიტიკური თეორეტიკოსის, ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ფრაზაც „ისტორიის დასასრული“, ამ უალტერნატივობაზე მიუთითებდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ენთუზიაზმით შეუდგნენ დემოკრატიზაციის ხანგრძლივ პროცესს და მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში დასავლური ინსტიტუტებისა და კულტურის როლი მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. აქ პირველ რიგში იგულისხმება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი. 1990-2010 წლებში ლიბერალური დემოკრატიების რაოდენობა, თავისუფლების სახლის თანახმად, 100-დან 150-მდე გაიზარდა. ხოლო Wall Street Journal-ის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, საბაზრო კაპიტალისტური ეკონომიკების რაოდენობა 40-დან 100-მდე. აღნიშნული მონაცემები, სწორედ დასავლური ქვეყნების „რბილი ძალის“ გავლენებზე მიუთითებენ.[13]

აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ფართო დიპლომატიური ქსელი აქვს, უცხოელი ჟურნალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანაა უმაღლესი განათლების თვალსაზრისით. ამერიკულმა ფილმებმა, მუსიკამ, ტელევიზიამ, პოპ-კულტურამ და მოდის ტენდენციებმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს დანარჩენი კულტურების ამერიკანიზაციაში.[14]

რბილი ძალა სცდება სამთავრობო საქმიანობებს და მოიცავს როგორც კერძო სექტორის, ისე საზოგადოებისა და კულტურის ფართო სფეროებს.[15] საინფორმაციო ერამ, მნიშვნელოვნად გაზარდა არასამთავრობო აქტორების როლი რბილი ძალის წარმოებაში, პირველ რიგში გლობალური მედიის - ინტერნეტის გამოყენებით. თუ ადრე სხვადასხვა ორგანიზაციები ტრადიციული გზებით ცდილობდნენ ხელისუფლებებზე გავლენის მოხდენას, დღეს ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია კიბერ საადვოკატო კამპანიების წარმოება ნებისმიერ საკითხზე, და ამგვარად გლობალურ დონეზე გავლენების მოპოვება.[16]

გლობალური მედია კორპორაციების (CNN, BBC) როლი საერთაშორისო პოლიტიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრაში უკანასკნელ ათწლეულებში განუსაზღვრელად გაიზარდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება CNN და მსგავსი მედია-მაგნატების სასარგებლოდ დაკარგეს.[17] ამერიკულმა ბეჭდურმა გამოცემებმა, რადიომ და ტელევიზიამ, როგორიცაა მაგალითად Radio Sawa, Al Hurrah, ამერიკის ხმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული გავლენების ზრდაში.[18]

თუმცა, მკვლევართა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლური „რბილი ძალა“ კარგავდ თავის დომინაციას გლობალურ დონეზე და ადგილს ჩინეთს უთმობს, რომელმაც კონცეფციას ახალი შინაარსი შესძინა. ჩინური „რბილი ძალა“ ნაკლებ ინვაზიურია და უმეტესად ეკონომიკურ ფაქტორებს ემყარება.[13]

რბილი ძალა და საქართველო

რედაქტირება

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს მთვარობამ მიიღო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც რუსეთის რბილი ძალა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტში „რბილი ძალის“ ცნების გამოყენების პირველ შემთხვევას.[19]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Joseph Nye, Bound to Lead: The Changing Nature of American Power (London: Basic Books, 1990).
  • Joseph Nye, Soft Power: The Means to Success in World Politics (New York: Public Affairs, 2004).
  • Umut Yukaruc, A Critical Approach to Soft Power, Journal of Bitlis Eren University, 2017.
  • Hongying Wang & Yeh-Chung Lu, (2008), The Conception of Soft Power and its Policy Implications: a comparative study of China and Taiwan, Journal of Contemporary China.
  • McClory, Jonathan, (12 July 2018), "The Soft Power 30: A Global Ranking of Soft Power, 2018", Portland.
  • Carnes Lord, "Public Diplomacy and Soft Power," in Waller, ed., Strategic Influence: Public Diplomacy, Counterpropaganda and Political Warfare (IWP Press, 2008.).
  • Janice Bially Mattern, "Why 'Soft Power' Isn't So Soft: Representational Force and the Sociolinguistic Construction of Attraction in World Politics," Millennium: Journal of International Studies 33, no. 3 (2005).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nye, Joseph, Bound to Lead: The Changing Nature of American Power (London: Basic Books, 1990)
  2. Umut Yukaruc, A Critical Approach to Soft Power, Journal of Bitlis Eren University, 2017
  3. The Rise and Fall of Soft Power
  4. Hongying Wang & Yeh-Chung Lu, (2008), The Conception of Soft Power and its Policy Implications: a comparative study of China and Taiwan, Journal of Contemporary China, pp. 425-447
  5. Nye, Joseph S. (2011). The Future of Power, New York: Public Affairs. p. 84.
  6. Carnes Lord, "Public Diplomacy and Soft Power," in Waller, ed., Strategic Influence: Public Diplomacy, Counterpropaganda and Political Warfare (IWP Press, 2008.) pp. 59–71
  7. Joseph S. Nye, (2011). The Future of Power, New York: Public Affairs. p. 81-82
  8. Janice Bially Mattern, "Why 'Soft Power' Isn't So Soft: Representational Force and the Sociolinguistic Construction of Attraction in World Politics," Millennium: Journal of International Studies 33, no. 3 (2005): p. 586
  9. Eliküçük Yıldırım, N., & Aslan, M. (2020). China’s Charm Defensive: Image Protection by Acquiring Mass Entertainment. Pacific Focus, 35(1), pp. 141-171
  10. ელკანოს ოფიციალური საიტი
  11. Menahem Blondheim; Elad Segev, (2015), "Just Spell US Right: America's News Prominence and Soft Power". Journalism Studies. 18 (9): 1128–1147
  12. Soft power raises exports
  13. 13.0 13.1 The Rise and Fall of Soft Power
  14. Prof. Dr. Winfried Fluck, (2009). "The Americanization of Modern Culture: A Cultural History of the Popular Media*" (PDF). John F. Kennedy Institute for North American Studies, Berlin.
  15. Carnes Lord, "Public Diplomacy and Soft Power," in Waller, ed., Strategic Influence: Public Diplomacy, Counterpropaganda and Political Warfare (IWP Press, 2008) p. 60
  16. Robert D. Steele, The New Craft of Intelligence: Personal, Public, & Political: Citizen's Action Handbook for Fighting Terrorism, Genocide, Disease, Toxic Bombs and Corruption. Oakton, Virginia: OSS International Press, 2002
  17. Gilboa, E. (2008), ‘Searching for a Theory of Public Diplomacy’, The Annals of the American Academy of Political and Social Science, Vol. 616 No.1, pp. 55-77
  18. Dalacoura, K. (2005), ‘US Democracy Promotion in the Arab Middle East since 11 September 2001: a Critique’, International Affairs, Vol. 81 No.5, pp. 963-979
  19. საქართველოს მთავრობის დადგენილება №202, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017 – 2020 წწ.-ის დამტკიცების შესახებ, 2017 წლის 21 აპრილი