რამაზ მამალაძე (დ. 28 აგვისტო, 1933, ხევი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.

რამაზ მამალაძე
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1933 (1933-08-28) (91 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სილიკატების ტექნოლოგიის სპეციალობით.

1956-1963 წლებში მუშაობდა რუსთავის ცემენტის ქარხანაში ჯერ საამქროს გამოწვის ცვლის უფროსად, შემდეგ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1963-1989 წლებში იყო თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის კერამიკის ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომ საცდელი ქარხნის დირექტორი; ქარხანაში მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო მონაწილეობით, განხორციელდა ქარხნის გენერალური რეკონსტრუქციის პირველი რიგის სამუშაოები — აშენდა ახალი საწარმოო კორპუსი, ოთხსართუიანი ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საამქრო-ლაბორატორიები, საწარმოო უბნები; მისი ხელმძღვანელობით საშენ მასალათა საცდელი ქარხანა თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში სისტემატიურად ასრულრბდა საწარმოო გეგმა-დავალებებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის მიერ დამუშავებული თემატიკის დანერგვას წარმოებაში, ახალი საშენი მასალებისა და ნაკეთობების გამოშვების საქმეს; საქართველოს მთის ქანების (პერლიტების, ბაზალტების, ანდეზიტების, ტრაქიტების და სხვა) გამოყენებით დაინერგა და გამოშვებულ იქნა ახალი შედგენილობის კერამიკული ნაკეთობანი, ჭიქურისა და მინანქრის ფრიტა, თერმოწყვილების დამცავი სხვადასხვა ზომის კარბორუნდის ნაკეთობანი, მჭიდა მასალები, სპეციალური შედგენილობის მოსაპირკეთებელი კირკარბონატული მასები, მოსაპირკეთებელი ბეტონის ფილები ჩამოტეხილი ზედაპირით, კერამიკული იზოლატორები და სხვა.

საცდელი ქარხნის მიერ გამოშვებული მასალებითა და ნაკეთობებით მოპირკეთებული ქ. თბილისის და ქვეყნის ბევრი შენობა-ნაგებობანი, მეტროპოლიტენის სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ვესტიბიული, სიონის საკათედრო ტაძრის კედლები და სხვა; 1989 წელს გადაყვანილ იქნა რესპუბლიკური გაერთიანება „საქსაშენმასალების“ ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდგომ უფროსად; 1992 წელს დაინიშნა დარგის პერსპექტიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად; 1997 წლიდან არჩეულ იქნა ს/ს „კასპცემენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, შემდგომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2000-2004 წლებში იყო ს/ს „კასპცემენტის“ მრჩეველი, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დარგში.

პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას; 1968 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საღამო სწავლების ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „გამოკვლევები პერლიტშემცვლელი ნახევარფაიფურისა და ფაიფურის მასების შესახებ“, რისთვისაც მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საქართველოს მთის ქანების გამოყენება და პერსპექტივა სილიკატური საშენი მასალების წარმოებაში.

100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; 32 გამოგონებაზე მიღებული აქვს საავტორო მოწმობა; ავტორია 25-ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადების, რომლებიც დაინერგა წარმოებაში და მიღებულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი; მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ თუ საზღვარგარეთის სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და სემინარებში; მისი ავტორობით გამოიცა 2 წიგნი: „ახალი შემცვლელების გამოყენება კერამიკული მასალების დამზადებისათვის“ და „კერამიკული მასალები“; აღსანიშნავია მისი ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში; იგი წლების განმავლობაში, შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; არაერთი სტუდენტის, მაძიებლისა და წარმოების მუშაკისთვის გაუკაფავს გზა; 1997 წლიდან აქტიურად მუშაობდა „ტასისის პროგრამის“ ენერგეტიკულ პროექტში ერთ-ერთ მეცნიერ ექსპერტად; მისი უშუალო მონაწილეობით მომზადებულია საპროექტო წინადადება ს/ს „კასპცემენტის“ და ს/ს „რუსთავცემენტის“ ნახევარფაბრიკატების კლინკერის გამოსაწვევი გვირაბისებრი ღუმელების ტყიბულის ქვანახშირზე გადასაყვანად, ბუნებრივი აირის ნაცვლად.

სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების სპეციალობის მიმნიჭებელი სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრი; 2004 წელს აირჩიეს სტუ-ის კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების კათედრასთან არსებული სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარედ; იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო რ/გ „საქსაშენმასალების“ თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1988 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციისა და საზოგადოება „საქართველოს სილიკატის“ ვიცე-პრეზიდენტად; არის საქართველოს აკად. ა. ძიძიგურის სახელობის სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, რეცენზირებადი სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალ „კერამიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; არჩეულ იყო ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონული საბჭოს XVII-XVIII საუკუნეების მოწვევის დეპუტატად; მრავალწლიანი შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს „საპატიო სიგელებით“, მიღებული აქვს საქართველოსა და საკავშირო დ. ი. მენდელეევის ქიმიური საზოგადოების პრემიები და დიპლომები; დაჯილდოებულია სსრ კავშირის გამომგონებლის სამკერდე ნიშნით.

ჯილდოები

რედაქტირება
  • ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება, წევრი (2003-)
  • კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაცია, წევრი (2007-)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 180-182

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება