ჟებოტის ამაღლების ეკლესია

ჟებოტის ამაღლების ეკლესიაეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ჟებოტის ამაღლების ეკლესია და სამრეკლო
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ჟებოტის ამაღლების ეკლესიის სამრეკლო
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესია დარბაზულია (11,15X8,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი, ლავგარდანი და გარეთა მოპირკეთების მნიშვნელოვანი ნაწილი. ორივე მხრიდან არქიტრავით გადახურული შესასვლელები გაჭრილია დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია, ერთი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო ორი შედარებით მცირე ზომისა - დასავლეთ კედელში, ერთიმეორის ზემოთ. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის კედელს გასდევს საფეხური, რომლის ცენტრალურ ნაწილში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდის მხრებზე, მოგვიანებით მიშენებულ სწორკუთხა ფორმის გასამაგრებელ ბურჯებს შორის ქვის კანკელი დგას. კანკელის შუაში თაღოვანი კარია, მის ორივე მხარეს კი თითო ნახევარწრიულთაღიანი დაბალი ღიობი. დარბაზი წყვილი პილასტრით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა. დარბაზის კედლებს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. შიგნით ეკლესია ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილია. შენობა კრამიტით ყოფილა გადახურული.

სამრეკლო დგას ეკლესიის დასავლეთით 8-10 მეტრ მანძილზე. იგი ორსართულიანია, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია.

I სართული (7,15X7,15 მ) შეისრული კამარით გადახურული გასასვლელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, ერთმანეთის მოპირდაპირედ, მოწყობილია შეისრულთაღიანი შესასვლელები. აღმოსავლეთით, კამარის გვერდში გარეთკენ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია, მის ქვემოთ კი სწორკუთხა ნიში. კამარის დასავლეთის გვერდის შუაში დატანებულია პატარა ოთკუთხა შესაძვრომი, რომლითაც კედლის სისქეში არსებულ ვიწრო და მაღალ, შეისრული კამარით გადახურულ პატარა სათავსში ვხვდებით. სათავსის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელი ყოფილა მოწყობილი (შემორჩენილია მცირე ნაწილი). ჩრდილოეთ კედელში კი II სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის სწორკუთხა შესასვლელია.

II სართული ცილინდრული ფორმის (დიამეტრი 5,1 მ) გუმბათოვანი ფანჩატურია. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს, გუმბათის ყელში გაჭრილია შიგნით სწორკუთხა გარედან თაღოვანი ხუთი ვიწრო სარკმელი. გუმბათის ყელი დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. გადახურვა კონუსისებურია.

ლიტერატურა

რედაქტირება