პრუსები
პრუსები (გერმ. Pruzzen ან Prußen; ლათ. Pruteni; ლატვ. Prūši; ლიეტ. Prūsai; პოლ. Prusowie; კაშუბ. Prësowié) — ტომთა ჯგუფი, რომელიც ძველთაგან ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მდ. ვისლისა და ნემანის ქვემო დინებათა შორის სახლობდა. მატერიალური კულტურის მხრივ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ ენით მონათესავე ლატვიელებსა და ლიტველებთან, აგრეთვე სლავებთან. წყაროებში პრუსები იხსენიებიან IX საუკუნიდან. XIII საუკუნისთვის ისინი შეადგენდნენ 11 მხარის კონფედერაციას, რომელსაც დიდებულები მართავდნენ. პრუსების ადრეფეოდალური საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი შეაჩერა გერმანიის ფეოდალურ-კათოლიკურმა აგრესიამ. XIII საუკუნის 30-იან წლებში ტევტონთა ორდენმა რომის პაპისა და გერმანელი ფეოდალების აქტიური მხარდაჭერით დაიწყო პრუსების მიწა-წყლის დაპყრობა, რაც 1283 წელს დასრულდა. პრუსების მეტი წილი დამპყრობლებმა მოსპეს, დანარჩენი იძულებით გააგერმანელეს. პრუსების სახელი შემოინახა პრუსიამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიოშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 222.