აგრიპა პოსტუმუსი

(გადამისამართდა გვერდიდან პოსტუმუს აგრიპა)

აგრიპა პოსტუმუსი, აგრეთვე, მოიხსენიებენ, როგორც პოსტუმუს აგრიპა (დ. ძვ. წ. 12 — გ. 20 აგვისტო, 14), — მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის ვაჟი. თავდაპირველად, მისი სახელი იყო მარკუს ვიფსანიუს აგრიპა პოსტუმუსი. მას ასე მამამისის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. უფროსი ძმების, ლუციუსისა (გ. ახ. წ. 2) და გაიუსის (გ. ახ. წ. 4) გარდაცვალების შემდეგ, პოსტუმუსი იშვილა თავისმა პაპამ დედის მხრიდან, იმპერატორმა ავგუსტუსმა. სახელის დარქმევის რომაული ტრადიციის თანახმად, მისი სახელი შიცვალა და ეწოდა მარკუს იულიუს კეისარი აგრიპა პოსტუმუსი. ამ დროისათვის ავგუსტუსი მას შესაძლო მემკვიდრედ განიხილავდა, სანამ მისი სკანდალური ქცევების გამო იგი რომიდან არ განდევნეს. ამან, თუმცა არა სამართლებრივად, გააუქმა მისი შვილობლობა და ფაქტობრივად, გაამყარა ტიბერიუსის, როგორც ავგუსტუსის ერთადერთი მემკვიდრის პოზიციები. საბოლოოდ, პოსტუმუსი საკუთარმა მცველებმა სიკვდილით დასაჯეს ახ. წ. 14 წელს, ავგუსტუსის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ.

აგრიპა პოსტუმუსი
მშობლიური სახელი Marcus Vipsanius Agrippa Postumus
დაბადების სახელი მარკუს ვიფსანიუს აგრიპა პოსტუმუსი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 12
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, ახ. წ. 14
მეუღლე(ები) ლივილა
მშობლები მამა: მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
ავგუსტუსი (მამობილი)
დედა: იულია უფროსი

პოსტუმუსი იყო იულიუს-კლავდიუსების ოჯახის, რომის პირველი საიმპერატორო ოჯახის წევრი. მისი პაპა-ბებია დედის მხრიდან იყვნენ ავგუსტუსი და სკრიბონია, ავგუსტუსის მეორე ცოლი. იგი, აგრეთვე, იყო კალიგულას ბიძა დედის მხრიდან (კალიგულას დედა, აგრიპინა უფროსი, პოსტუმუსის და იყო). ნერონი, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი, პოსტუმუსის დის შვილიშვილი იყო (ნერონის დედა, აგრიპინა უმცროსი, კალიგულას და იყო).

ცხოვრების ადრეული წლები და პიროვნება რედაქტირება

აგრიპა პოსტუმუსი დაიბადა ძვ. წ. 12 წელს სავარაუდოდ, 26 ივნისის შემდეგ. რომის იმპერია ამ დროისათვის თავის პირველ წლებს ითვლიდა. მამამისი, რომაელი მხედართმთავარი მარკუს ვიფსანიუს აგრიპა, იმავე წელს გარდაიცვალა, მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე. დედამისი იყო იულია უფროსი, რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსისა და მისი მეორე ცოლის, სკრიბონიას ქალიშვილი.[1] პოსტუმუსი აგრიპასა და იულიას მესამე ვაჟი და უკანასკნელი შვილი იყო. მისი დედმამიშვილები იყვნენ გაიუს კეისარი, იულია უმცროსი, ლუციუს კეისარი და აგრიპინა უფროსი. მისი ძმები, გაიუსი და ლუციუსი, ავგუსტუსმა პოსტუმუსის დაბადებამდე იშვილა. თავდაპირველად, ავგუსტუსს არ უნდოდა მისი შვილად აყვანა, რადგან სურდა, რომ აგრიპას სულ ცოტა ერთი ვაჟი მაინც ჰყოლოდა, რომელიც მისი ოჯახის სახელს დაიცავდა, თუმცა, ლუციუსისა (გ. ახ. წ. 2 წელს) და გაიუსის (გ. ახ. წ. 4 წელს) ნაადრევმა გარდაცვალებამ ავგუსტუსი აიძულა პოსტუმუსი, თავის გერთან, ტიბერიუსთან ერთად, შვილად გამოეცხადებინა. სახელის დარქმევის რომაული ტრადიციის თანახმად, იულიუსების ოჯახში შესვლისას, პოსტუმუსმა სახელად მიიღო მარკუს იულიუს კეისარი აგრიპა პოსტუმუსი. გაიუსისა და ლუციუსის მსგავსად, ავგუსტუსმა პოსტუმუსი და ტიბერიუსიც თავის მემკვიდრეებად გამოაცხადა.

ისტორიკოს ერიხ გრუენის მიხედვით, მრავალი მისი თანამედროვე წყარო ამტკიცებს, რომ პოსტუმუსი იყო „ვულგარული ახალგაზრდა კაცი, გარყვნილი ხასიათის, სასტიკი და ულმობელი“.[2] რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი იცავს მას, თუმცა მისი შექება მაინც ზედაპირულია: [ის იყო] ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი, აგრიპა პოსტუმუსი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული იყო, რაიმე სკანდალში მაინც არ გახვეულა. [3]

გადასახლებაში რედაქტირება

არასდროს არსებობდა ერთსულოვნება საკითხზე, თუ რატომ გადაასახლა ავგუსტუსმა პოსტუმუსი პატარა კუნძულ პლანასიაზე (ელბას მახლობლად) ახ. წ. 9 წელს. ტაციტუსი ვარაუდობს, რომ ავგუსტუსის ცოლს, ლივიას, არასდროს მოსწონდა პოსტუმუსი და ყოველთვის თავს არიდებდა, რამდენადაც ის ხელს უშლიდა მის ვაჟს, ტიბერიუსს, ავგუსტუსის შემდეგ ხელში აეღო ძალაუფლება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ უხეშობისა და არასასიამოვნოობისათვის გაძევება (და საბოლოოდ, სიკვდილიც) აშკარად ზედმეტად მკაცრი სასჯელია. ამიტომ, ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ აგრიპა, შესაძლოა, გარეული ყოფილიყო ავგუსტუსის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში.[4] არსებობს ვარაუდები იმის შესახებაც, რომ პოსტუმუსს, შესაძლოა, დასწავლის პრობლემები ჰქონდა. იგი ინტენსიური დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.[5]

პოსტუმუსის და, იულია უმცროსი, დაახლოებით ამავე პერიოდში გააძევეს (ახ. წ. 8), მისი ქმარი კი, ლუციუს ემილიუს პაულუსი, ავგუსტუსის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სიკვდილით დასაჯეს.[6] აღსანიშნავია, რომ იგეგმებოდა შეთქმულება პოსტუმუსისა და იულიას დასახმარებლად, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა.[6]

ნებისმიერ შემთხვევაში, პოსტუმუსის გადასახლებამ ტიბერიუსს გზა გაუხსნა ავგუსტუსის მემკვიდრეობისაკენ. ტაციტუსს ჩაწერილი აქვს ჭორი, რომ 13 წელს ავგუსტუსი უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ეწვია კუნძულს, რათა ბოდიში მოეხადა შვილობილისათვის და მისთვის მისი რომში დაბრუნების გეგმების შესახებ მინიშნება მიეცა.[7] როგორც ამტკიცებენ, ავგუსტუსი პლანასიაზე სანდო მეგობართან, პაულუს ფაბიუს მაქსიმუსთან ერთად იმყოფებოდა, რომლისგანაც საიდუმლოს შენახვის ფიცი მიიღო, თუმცა მოგვიანებით, მაქსიმუსმა ამის შესახებ თავის ცოლს, მარციას უამბო, ამ უკანასკნელმა კი ლივიას შეატყობინა. მაქსიმუსი მალევე მკვდარი იპოვეს. მარცია ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო დამნაშავე მის სიკვდილში. დიონ კასიუსის ვერსია[8] კუნძულზე სტუმრობის ამბავს ფაქტის სახეს აძლევს, თუმცა მისი ბუნდოვანი გადმოცემა სავარაუდოდ, ტაციტუსისაზეა დაფუძნებული [9] და არც ფაბიუსსა და მარციას ახსენებს. ამ ამბის კავშირი სიმართლესთან საეჭვოა.

სიკვდილი რედაქტირება

მიუხედავად ავგუსტუსის სავარაუდო ვიზიტისა, იმპერატორი მომდევნო წელს ისე გარდაიცვალა, რომ პოსტუმუსი არც პლანასიიდან დაუბრუნებია და არც თავის ანდერძში მოუხსენიებია. ავგუსტუსის გარდაცვალების პერიოდისთვის აგრიპა საკუთარმა მცველებმა მოკლეს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროები იმის შესახებ, ეს იმპერატორის სიკვდილამდე მოხდა თუ ამის შემდეგ. წყაროები ვერც იმაზე თანხმდებიან თუ ვინ გასცა მისი მოკვლის ბრძანება. ეს შეუჯერებლობა თითქმის დასაწყისიდანვე არსებობდა, როდესაც მომხდარის შეტყობისთანავე, ტიბერიუსმა დაუყოვნებლივ და საჯაროდ განაცხადა რომ მას ამასთან არაფერი აკავშირებდა.[10] ზოგი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ბრძანება ავგუსტუსმა გასცა, სხვები კი ბრალს ტიბერიუსს ან ლივიას (შესაძლოა ისე, რომ ტიბერიუსმა არც იცოდა ან პირიქით) სდებენ[11] და ხელსაყრელ პირობად ასახელებენ ავგუსტუსის გარდაცვალებისას შექმნილ გაურკვეველ პოლიტიკურ სიტუაციას.[12]

სიკვდილის შემდეგ, ვინმე კლემენსი თავს პოსტუმუსად ასაღებდა.

წინაპრები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Plate, William (1867), „Agrippa, Postumus“, Smith, William, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, 1, Boston: Little, Brown and Company, pp. 78, http://www.ancientlibrary.com/smith-bio/0087.html
  2. Gruen (2005), 49.
  3. ტაციტუსი, ანალები 1.3
  4. Norwood, Frances, "The Riddle of Ovid's Relegatio", Classical Philology (1963) გვ. 153
  5. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 65
  6. 6.0 6.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 19
  7. ტაციტუსი, ანალები 1.3
  8. დიონ კასიუსი 56.30
  9. ტაციტუსი, ანალები 1.1
  10. ტაციტუსი, ანალები 1.5
  11. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ტიბერიუსი 22
  12. Pappano, Albert, "Agrippa Postumus", Classical Philology, 1941, გვ. 43