პორტალი:ლიტერატურა/ბიოგრაფია
მარგერიტ დიურასი (Marguerite Duras; 1914-1996) — ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი. ინდოჩინეთში დაბადებული და გაზრდილი მარგერიტ დიურასის პირველი რომანები (წინდაუხედავნი, 1943; მშვიდი ცხოვრება, 1944) პროვინციულ გარემოსა და ოჯახურ ვნებებზე კონცენტრირებული ყურადღებით მორიაკისეულ სამყაროს უახლოვდება. ჯერ კიდევ ტრადიციული ფორმის ქვეშ ჩნდება დიურასის მთელი შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თემები: მოწყენილობა, დედა-შვილის დაძაბული ურთიერთობა. 1950 წელს გამოსულ რომანში კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ უკვე იჩენს თავს ავტობიოგრაფიული ელემენტები და პირველად ჩნდება კოლონიალური ინდოჩინეთის ატმოსფერო.
1953-1958 წლები ფორმალური განვითარებისა და სიმბოლური მნიშვნელობის ზრდის ხანაა, ძირითად თემას კი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს (მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952; ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953). ფორმალური გარდატეხა ხდება 1955 წელს დაწერილ მცირე ზომის რომანში სკვერი, სადაც მოცემულია ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოსა და მოგზაურ კომერსანტს შორის საუბარი. ერთდროულად ცერემონიალური და ბანალური დიალოგის მიღმა ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა. რაც მთავარია, ამ მოთხრობაში ყალიბდება ის სამწერლობო ტექნიკა, რომელიც დამახასიათებელი გახდება დიურასის შემდგომი ნაწარმოებებისთვის: ინტრიგის უკიდურესი შემჭიდროება და დიალოგიზირებული ფორმა. ამ პერიოდს უკავშირდება დიურასის პირველი ყველაზე დიდი წარმატება, რომანი Moderato cantabile, რომელიც 1960 წელს პიტერ ბრუკის მიერ ფილმად იქნა გადაღებული (მთ როლებში ჟანა მორო და ჟან-პოლ ბელმონდო). (...სრულად)