პორტალი:თურქეთი/სტატია
მუჰაჯირობა, კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში. დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან. მუჰაჯირობამ მოიცვა აბაზები, აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, უბიხები, ჩეჩნები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, აფხაზები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები. ოსმალეთი ცდილობდა მუჰაჯირების დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით სურდა ამ მხარეში პოლიტიკური სიმშვიდისათვის მიეღწია, განთავისუფლებული მიწები კი კოლონიზაციისათვის გამოეყენებინა.