პოლიკარპე სანიკიძე

პოლიკარპე დავითის ძე სანიკიძე (დ. 1893, სოფ. სურები, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 10 თებერვალი, 1923, სოფ. კვაჭალათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო პირი.

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1914 წელს დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი, პოდპორუჩიკად ჩარიცხეს ციმბირის 30-ე მსროლელთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა გერმანელებთან სოფ. კურიანკისთან (უკრაინა) 1914 წლის სექტემბრის ბრძოლებში, რისთვისაც პორუჩიკად დაწინაურდა და მიიღო „გიორგის იარაღი“ (1915). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. სტანისლავის II (მახვილებით, 1916) და III (მახვილებითა და ბაბთით, 1916), წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1916) და II (მახვილებით, 1916).[1] ომის დროს ორჯერ იყო დაჭრილი.[2]

საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ სანიკიძე მსახურობდა წითელ არმიაში, მეთაურობდა ქართული მსროლელი დივიზიის სასწავლო-საკადრო ბატალიონს. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამათავისუფლებელი გამოსვლების ჩახშობაში ხევსურეთსა (1922) და გურიაში (1923). 1923 წლის 10 თებერვალს გოგია ღლონტმა სანიკიძე, ბატალიონის სამხედრო კომისარი საშა ობოლაძე და რაზმის უფროსის თანაშემწე დავით ჩუბინაშვილი სოფელ კვაჭალეთში მოკლა.[2] მკვლელობის საპასუხოდ, პირველივე დღეებში საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი 92 მოქალაქე დახვრიტა (საქართველოს საგანგებო კომისია მათ თავადვე უწოდებდა „მძევლებს“).[3] სამივე მოკლული წითელარმიელი თბილისში, ალექსანდრეს ბაღის ზედა ტერასაზე (ახლანდ. 9 აპრილის ბაღი) დაკრძალეს.[4] სანიკიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენით.

  1. Саникидзе Поликарп, «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  2. 2.0 2.1 გაზ. „წითელი არმიელი“, 1923, №216 დაარქივებული 2023-04-04 საიტზე Wayback Machine. .
  3. გაზ. „კომუნისტი“, 1923, №38.
  4. ელისაშვილი ა, ალექსანდრეს ბაღის ბოლშევიკური წარსული, „საზოგადოებრივი არქივი“, 2012.