პირველი ქართული ლატარია
პირველი ქართული ლატარია — საქველმოქმედო ლატარია, რომლის მთელი შემოსავალი მოხმარდა თსუსა და ქართულ თეატრს. ამ ეროვნული ლატარიის საბჭოს თავმჯდომარე იყო ივანე ჯავახიშვილი, ხოლო მმართველობის თავმჯდომარე — გ. ლასხიშვილი. ლატარიის მოწყობის იდეა 1917 წლის ზაფხულში გაჩნდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის საჭირო სახსრების შეგროვებას. 1917 წლის 29 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა თანხმობა განაცადა ლატარიის მოწყობაზე. გადაწყდა, გამოეშვათ 5 მილიონი მანათის საერთო ღირებულების 25 მანეთიანი ლატარიის ბილეთები. აქედან ნახევარი მილიონი მანათი უნდა დახარჯულიყო მოგებაზე. წმინდა შემოსავლის ნახევარი უნდა გადასცემოდა ქართულ უნივერსიტეტს ხელუხლებელ თანხად, საგრძნობი ნაწილი გამიზნული იყო ქართული თეატრის შენობის ასაგებად, მოგების ხუთი პროცენტი კი — საქართველოს მსახიობთა კავშირისათვის. ლატარიის გავრცელება დიდხანს გაჭიანურდა. ქართულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მოწოდებები ლატარიის ბილეთების შესაძენად. ბილეთები იყიდებოდა საქართველოს ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელშიც, სადაც ცნობილი ქართველი მწერლები აგიტაციას უწევდნენ მათ გავრცელებას. მაგალითად, შ. დადიანი და ვ. აბაშიძე ჩავიდნენ ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში, ვასილ ბარნოვი და დ. ჭიაბრიშვილი — დუშეთისა და თიანეთის მაზრებში და სხვ. ლატარიის გათამაშება განზრახული იყო 1918 წლის 25 დეკემბერს, მაგრამ მას ხელი შეუშალა სომხეთ-საქართველოს ომმა და მკაცრმა ზამთარმა. ლატარიის გათამაშება თითქმის ერთი წლის დაგვიანებით, 1919 წლის 1 ნოემბერს შედგა თბილისის სახელმწიფო თეატრში (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიის თეატრი). ლატარიის წმინდა შემოსასვლელიდან უნივერსიტეტს გადაეცა 1 077 677 მანეთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 738, ISBN 99928-20-32-2.