პერსევსის თანავარსკვლავედი

(გადამისამართდა გვერდიდან პერსევსი (თანავარსკვლავედი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსევსი (მრავალმნიშვნელოვანი).

პერსევსის თანავარსკვლავედი თითქმის მთლიანად ირმის ნახტომის არეშია, მაგრამ კაშკაშა ვარსკვლავთა დიდი სიმრავლის გამო კარგად ჩანს მისი მოხაზულობა რძის თეთრ ფონზე. მისი მეზობლები არიან: მეეტლე, კურო, ვერძი, ანდრომედა და კასიოპეა.

პერსევსი

პერსევსის თანავარსკვლავედი კარგად ჩანს უღრუბლო უმთვარო ღამეებიში ნოემბრიდან მარტამდე. მოწმენდილ ცაზე შეუიარაღებელი თვალით დაინახება ვარსკვლავთკრებულის დაახლოებით 90 ვარსკვლავი, მათგან 11 ორიდან სამამდე ვარსკვლავიერი სიდიდისაა.

პერსევსის თანავარსკვლავედში არის საინტერესო ობიექტები, რომლებზეც დაკვირვება უბრალო თვალითაც შეიძლება. პირველ ადგილზეა ბეტა ვარსკვლავი, რომელსაც არაბებმა ალგოლი (ეშმაკი) უწოდეს. სავარაუდოა, რომ ეს საბაბი მათთვის ვარსკვლავის სინათლის ცვალებადმა ხასიათმა მისცა. ალგოლი იმ კლასის ცვალებად ვარსკვლავთა ტიპური წარმომადგენელია, რომელნიც ხან კაშკაშებენ, ხან ბჟუტავენ. ასეთებია ფიზიკურად ორმაგი ვარსკვლავები, სადაც ერთი კომპონენტი (მთავარი ვარსკვლავი) ჩვეულებრივ უფრო კაშკაშაა მეორეზე (თანამგზავრი). ასტრონომიული მასშტაბით ორი ვარსკვლავი ერთიმეორის მახლობლად ბრუნავს სიმძიმის ცენტრის გარშემო. ბრუნვის დროს სუსტი ვარსკვლავი (თანამგზავრი) მთავარს ეფარება და დროებით ასუსტებს მის ბრწყინვალებას. უბრალო თვალით ალგოლზე დაკვირვებისას შევამჩნევთ, რომ ორნახევარი დღე-ღამის განმავლობაში ის მეორე სიდიდისაა, არ იცვლება და არც შეიმჩნევა. ამის შემდეგ ხუთი საათის განმავლობაში ალგოლის სიკაშკაშე თანდათანობით მატულობს და მესამე ვარსკვლავიერ სიდიდეს აღწევს. სულ მცირე, ხუთის საათის შემდეგ ვარსკვლავის თვდაპირველი სიკაშკაშე სრულად აღდგება, რათა შემდეგ იგივე განმეორდეს. ეს პერიოდულობა მკაცრადაა დაცული 3,2-ან 3,5 შორის. მაგრამ არც ამ ცვლილების პერიოდია უცვლელი: განსხვავებაა 33-დან 35 დღე-ღამემდე. ამას ემატება სიკაშკაშის ცვლის დიდი პერიოდებ, დაახლოებით 1100 დღე-ღამის ხანგძლივობით. აუცილებელი ხდება სისტემური დაკვირვება ამ საინტერესო ნახევრად სწორი, ცვალებადი ვარსკვლავის სიკაშკაშეზე.

პერსევსის თანავარსკვლავედის ეტა ვარსკვლავის მახლობლად, ნათელ და უმთვარო ღამეს, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება უსწორმასწორო ფორმის ღია ფერის ლაქის დანახვა. არსებითად ეს ორი განუყოფელი ჯგუფია, რომლის შემადგენელი ვარსკვლავები აღინიშნებიან X და H ასოებით. ისინი ყურადღებას იპყობენ იმით, რომ თითოეული გაყოფილი ჯგუფი შეიცავს ძალზე ბევრ ვარსკვლავს. ბინოკლით დაკვირვებისას მოჩანს ამ ჯგუფის საოცრად ლამაზი გამოსახულება. პერსევსის თანავარსკვლავედში გამა ვასკვლავის მახლობლად ჩანს მეტეორთა ძალზე აქტიური ნაკადი — პერსეიდები. დაკვირვება შეიძლება 18 ივლისიდან 20 აგვისტომდე, უფრო ინტენსიურად 12 აგვისტოს, როდესაც საათში 70 მეტეორი გაივლის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება