ვარსკვლავიერი სიდიდე
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე — ციური სხეულის (ვარსკვლავის, პლანეტის და ა. შ.) მიერ დედამიწაზე, მხედველობის სხივის მართობულ სიბრტყეში შექმნილი განათებულობის ზომა. ახასიათებს მნათობის ბრწყინვალება. ვარსკვლავიერი სიდიდის განსაზღვრისას გათვალისწინებულია მნათობის სხივთა შესუსტება დედამიწის ატმოსფეროს განჭოლვისას. გამოისახება, როგორც რიცხვი, „m“ ხარისხში (მაგალითად: 5m; ლათ. magnituda — „სიდიდე“).
პირველად შემოიღო ჰიპარქემ (ძვ. წ. II ს.), რომელმაც შეუიარაღებელი თვალით ხილვადი ყველა ვარსკვლავი 6 კლასად დაყო. ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებს მიაწერა 1-ლი სიდიდე, ხოლო ყველაზე მკრთალებს — მე-6. m ვარსკვლავიერი სიდიდე დაკავშირებულია შესაბამის E განათებულობასთან:
- ,
სადაც ვარსკვლავიერ სიდიდეთა სკალის ნულპუნქტია. იგი განისაზღვრება ე. წ. სტანდარტულ ვარსკვლავებზე ჩატარებული დაკვირვებებით k კოეფიციენტის მნიშვნელობად ინგლისელ ასტრონომის ნ. პოგსონის წინადადებით მიღებულია — 2.5. ვარსკვლავიერ სიდიდეთა განსხვავებას 5 ერთეულით შეესაბამება განათებულობათა განსხვავება 100-ჯერ. გაზომვის მეთოდიკის მიხედვით ვარსკვლავიერი სიდიდე შეიძლება იყოს ვიზუალური (რომელსაც ვიზუალური ფოტომეტრის მეშვეობით თვალით განსაზღვრავენ), ფოტოგრაფიული (ადგენენ ფოტოფირფიტაზე მნათობის გამონასახის მიხედვით), ფოტოელექტრული (საზღვრავენ ფოტოელექტრული ფოტომეტრით) და რადიომეტრული (განსაზღვრავენ ბოლომეტრით). ეს სხვადასხვაობა შეესაბამება მნათობის ბრწყინვალების გაზომვას სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში. ვიზუალურთან ახლოსაა ე. წ. ფოტოვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე; ვარსკვლავიერ სიდიდეს საზღვრავენ სტანდარტებად შერჩეული ვარსკვლავების ბრწყინვალებასთან მოცემული ვარსკვლავის ბრწყინვალების შედარების საფუძველზე. სტანდარტებად შერჩეულია ვარსკვლავთა ჯგუფები ცის სხვადასხვა უბანში და მათი ბრწყინვალება საგანგებოდაა განსაზღვრული. ფართოდ იყენებენ სტანდარტების ე. წ. UBV სისტემას, რომელშიც ვარსკვლავიერი სიდიდეები მოცემულია სპექტრის ულტრაიისფერ U (3500Å), ლურჯ B (4350Å) და ყვითელ V (5550Å) უბნებში. სხვადასხვა სისტემაში განსაზღვრულ ვარსკვლავიერ სიდიდეთა სხვაობები სპექტრში ენერგიის განაწილებას გვიჩვენებს და ფერის მაჩვენებლებს განსაზღვრავს.
ისეთ ვარსკვლავიერ სიდიდეს, რომელიც ექნებოდა მნათობს 10 პს მანძილზე, ეწოდება აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე; ხილული ვარსკვლავიერი სიდიდისაგან განსხვავებით, რომელიც ვარსკვლავის მანძილზეა დამოკიდებული, M აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე ცალსახად განსაზღვრავს მნათობის გამოსხივების სიდიდეს ანუ მის ნათობას. დაკავშირებულია m ხილულ ვარსკვლავიერ სიდიდესთან თანაფარდობით: , სადაც r არის პს-ობით გამოხატული მანძილი მნათობამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 310—311.
- ხარაძე ე., ზოგადი ასტროფიზიკის კურსი, თბ., 1960