პერიგლაციალი
პერიგლაციალი (ბერძ. peri — ირგვლივ და ლათ. glacies — ყინული) — გეომორფოლოგიური პროცესები, რომელიც წარმოიქმნება მრავალწლოვანი მზრალობის ზონებში თოვლის სეზონური ლღობის შედეგად, საიდანაც ჩამონადენი იყინება მყინვარულ ძარღვებსა და სხვა სტრუქტურებში.[1][2]
პერიგლაციალი ძველი მყინვარების კიდეზე განლაგებულ გარემოს მოგვაგონებს. თუმცა, გაყინვისა და ლღობის ციკლი გავლენას ახდენს ძველი მყინვარების არეალის მიღმა არსებულ ლადშაფტებზეც. მაშასადამე, პერიგლაციალური გარემო გავრცელებულია ყველგან, სადაც კი გაყინვისა და ლღობის შედეგად შესაძლებელია ლანდშაფტის სახეცვლილება.[3]
ტერმინი „პერიგლაციალი“ შემოიღო პოლონელმა გეოგრაფმა და ნიადაგთმცოდნემ ვალერი ლოზინსკიმ 1909 წელს, რომელიც ეყრდნობოდა იოჰან გუნარ ანდერსონის ადრინდელ ნაშრომებს.[4] პოლონელი გეოგრაფის ალფრედ იანის მიხედვით, 1910 წლის სტოკჰოლმის საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესზე წარდგენილმა ანდერსონის ნაშრომმა საყურადღებო დისკუსია გამოიწვია. ლოზინსკიმ თავისი ნაშრომი კონგრესზე 1912 წელს წარადგინა.[5]
1950–70 წლებში პერიგლაციალური გეომორფოლოგია უმთავრესად განვითარდა როგორც კლიმატური გეომორფოლოგიის ქვედარგი, რომელიც იმდროინდელ ევროპაში იყო აქტუალური. პოლონელი გეოგრაფის იან დილიკის მიერ დაარსებული ჟურნალი „Biuletyn Peryglacjalny“ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დისციპლინის განმტკიცების საქმეში.[6]
მყინვარისპირა ზონები ანუ პერიგლაციალური ზონები ხმელეთის ისეთი ზოლებია, რომელიც უშუალოდ ებჯინება პლეისტოცენურ მყინვარულ საფარს ან განლაგებულია თანამედროვე საფრების გასწვრივ და მთა-ხეობური მყინვარების ბოლოებთან. პერიგლაციალური ზონები მყინვარების ძლიერ გავლენას განიცდის და ჩვეულებრივ, ცივ მშრალ ქარებთან ერთად მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. მის ფარგლებში ხშირად განლაგებულია მრავალწლოვანი ან სეზონური მზრალობა და რელიეფის მზრალი ფორმები.[7]
პერიგლაციალური ზონებისთვის ნიშანდობლივია პერიგლაცილაური პროცესები, რომელსაც იწვევს ნოტიო ნიადაგ-გრუნტების ტემპერატურის ხშირი რყევა 0°C-ზე გავლით, ნიადაგ-გრუნტებში ყინულის წარმოქმნა (ყინულცემენტი, ყინულის ლინზები, სეგრეგაციები, სოლები), ნიადაგ-გრუნტების ქვედა და ზედა შრეების მოცულობითი წონის სხვაობითა და ტენშემცველობის ცვლილებით გამოწვეული კონვექციური მოძრაობები. პერიგლაციალური პროცესების შედეგად წარმოქმნილი ფორმები გვხვდება როგორც მზრალობის ფართო გავრცელების მხარეებში, ისე ლოკალურად მზრალ გრუნტებზეც.[7]
პერიგლაციალი გამოვლინებულია მიკრორელიეფის ფორმებისა და მასთან დაკავშირებული ნიადაგ-გრუნტების სტრუქტურების სახით. განასხვავებენ თანამედროვე ანუ ცოცხალ და ძველ ანუ ნამარხ პერიგლაციალს. პერიგლაციალს მიეკუთვნება რელიეფის ისეთი ფორმები როგორიცაა თერმოკარსტი, პინგო, კარკალები, კურუმები, ტუფურები, სტრუქტურული გრუნტები და სხვა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Murck, Barbara (2001). Geology; A Self-teaching Guide. New York, New York: John Wiley & Sons
- ↑ Slaymaker, O. (2011). "Criteria to Distinguish Between Periglacial, Proglacial and Paraglacial Environments". Quaestiones Geographicae. 30 (1): 85–94.
- ↑ Pidwirny, M (2006). "Periglacial Processes and Landforms". Fundamentals of Physical Geography.
- ↑ French, H. M. (1979). "Periglacial geomorphology". Progress in Physical Geography. 3 (2): 264–273.
- ↑ Mroczek, Przemysław (2010). "Stulecie pojêcia peryglacja" (PDF). Przegląd Geologiczny (in Polish). 58 (2): 130–132.
- ↑ Burt, T.P.; Chorley, R.J.; Brunsden, D.; Cox, N.J.; Goudie, A.S. (eds.). Quaternary and Recent Processes and Forms (1890–1965) and the Mid-Century Revolutions. The History of the Study of Landforms: Or the Development of Geomorphology. 4. pp. 647–49.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,