პელასგები

(გადამისამართდა გვერდიდან პელაზგები)

პელასგები — ძველი ტომები, ანტიკური ტრადიციით, წინაბერძნული ტომი. სახელწოდებას ხშირად კრებითი მნიშვნელობით იყენებენ მთელი იმ მოსახლეობის აღსანიშნავად, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულის და ეგეოსის ზღვის აუზში ბინადრობდა ელინთა დამკვიდრებამდე. ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებში პელასგები ისევე როგორც სხვა წინაბერძნული ტომები (კარიელები, ლელეგები), ძირითადად მცირე აზიის დასავლეთში გადმოსახლებულან, რასაც ადასტურებენ ხეთური და ბერძნული წყაროები. ჰომეროსის მიხედვით, ტროის ომში პელასგები უკვე ტროელების ანატოლიელ მოკავშირეთა შორის ყოფილან. პელასგებს მკვლევარნი უკავშირებენ ეგვიპტური წყაროების Pw-z-s-ty-ს – ზღვის ხალხთა ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხეთურ Parista-ს – მცირე აზიის დასავლეთში ბინადარ ტომს, სემიტურ – Pelestim-ს – ბიბლიურ ფილისტიმელებს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში პელასგები უკვე ასიმილირებულნი არიან. პელასგების ენიდან შემოგვრჩა მხოლოდ ბერძნულში შემონახული ცალკეული ტერმინები.

პელასგების განსახლების სავარაუდო ტერიტორია

პელასგების წარმომავლობის საკითხებზე არ არის აზრთა ერთიანობა. ზოგნი მათ მიიჩნევენ ინდოევროპულ, ზოგნი - სემიტურ ტომებად. ბოლო ხანებში უფრო არაინდოევროპულობის იდეა მძლავრობს. ამას ხელი შეუწყო არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მცირე აზიაში და იმ რეგიონის დადგენამ, საიდანაც არაევროპულ მედიტერანულ (რომელთაც პელასგებიც ეკუთვნოდნენ) ტომთა გავრცელება უნდა დაწყებულიყო. წამოყენებულია თვალსაზრისი იბერიულ-კავკასიურ, კერძოდ კი ქართველურ ტომთა ახლო მიმართების შესახებ პელასგებთან, რასაც საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი, ანტიკურ წყაროთა მონაცემები და არქეოლოგიური მასალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება