პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (რომანი)
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre-Dame de Paris) — ვიქტორ ჰიუგოს რომანი. მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ვნება, ცოდვა, სიკვდილი.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ | |
---|---|
Notre-Dame de Paris | |
კოზეტი | |
ავტორი | ვიქტორ ჰიუგო |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამომცემელი | Gosselin |
გამოცემის თარიღი | 14 იანვარი, 1831 |
გვერდი | 940 512 |
შინაარსი
რედაქტირებარომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – ინტელექტუალი არქიდიაკვანის კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა და მაცდური ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდი ფროლო მეცნიერების არაერთ დარგს ფლობდა. ღრმად განათლებულ მარტოსულ აზნაურს, 35 წლის ეპისკოპოსობის კანდიდატ მათემატიკოს-ალქიმიკოსს მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მას სასულიერო წოდებისთვის ამზადებდნენ; მხოლოდ ექვსი წლისა მამამისმა სასწავლებელში გამოკეტა - იქ გაიზარდა კურთხევანსა და ლექსიკონებში თავჩარგული. ბუნებით ისედაც სევდიანი, დაფიქრებული და წყნარი, ის შედგა მკაცრ, ნაადრევად დაღვინებულ და დიდებულად მოსაუბრე ხუცესად, რომელიც იყო სულთა ზედამხედველი, არქიდიაკონი ჟოზასელი, ეპისკოპოსის ქორეპისკოპოსი, მონლერიის, შატოფორის ორი სადეკანოზოსა და ასსამოცდათოთხმეტი სოფლის მრევლის მეურვე. ცხრამეტი წლისამ, უკვე ღრმად განათლებულმა ახალგაზრდა ფილოსოფოს-ინტელექტუალმა სწავლა დაამთავრა; ოცი წლის ასაკში დაობლდა - მშობლები პანდემიამ დაუხოცა. ამავ დროს მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და შვილივით აღზარდა ქუჩაში ნაპოვნ ჩვილ კუზიანს, კვაზიმოდოს, რომელიც დაასახლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მას ასევე ჰყავდა პატარა ძმა, ახლაზან დაობლებული ჩვილი, ერთადერთი ახლობელი, რომელიც გაგიჟებით შეუყვარდა და რომელსაც მთელი ბავშვობა ანებივრებდა, თუმცა უფროსი ძმისგან განსხვავებით უმცროსი ჟანი გარყვნილი და უზნეო გაიზარდა. დომ კლოდი კი თავაწეული და მკაცრი პიროვნება დამდგარიყო, რომლის წინაშეც ყველა კანკალებდა და რომელიც მუდამ გაურბოდა საპირისპირო სქესს. ზვიად, დიდებულ ღვთისმსახურს თავი მუდან სანიმუშოდ ეჭირა. ჰიუგო აღწერს, რომ მისი ღრმად ჩამჯდარი, ჭკვიანი თვალებიდან მუდამ გამოსჭვიოდა უჩვეულო ახალგაზრდული ცეცხლი, მგზნებარე ლტოლვა სიცოცხლისადმი და გულის სიღრმეში ჩამარხული მწველი ვნებები. იმ დროს როდესაც კლოდი სადღაც ოცდათექვსმეტის იყო, ამ ვნებებს მასში გამოავლენს ახალგაზრდა ბოშა ქალის, ესმერალდას გამოჩენა, რომელიც ყოველდღე ნოტრ-დამის წინ, მოედანზე ცეკვავს. მარტოსული კლოდისთვის, რომელსაც დაუქორწინებლობის მტკიცე ფიცი აქვს დადებული კათოლიკური ეკლესიის წინაშე, ყველაფერი აზრს დაკარგავს იმდენად შეიპყრობს მშვენიერი ქალწული და მისი ყოველდღიურად ნოტრ-დამში თავისი სენაკიდან ცქერა. მამაკაცის გრძნობები კონფლიქტურია; გოგონა ობოლი, დაბალი ფენიდან წარმომავალი ბოშაა, თხა ყავს და ამიტომ კლოდიც და სხვებიც ჯადოქრად აღიქვამენ, ხალხის წინ უსირცხვილოდ ცეკვავს და კეკლუცობს. ვნების ალში გახვეული მთავარდიაკონი ცდუნებასთან შეწინააღმდეგებას ცდის, თუმცა უშედეგოდ - ყველგან ახალგაზრდა ლამაზმანი ელანდება. თვეები ტანჯვის შემდგომ, შეყვარებული იგი საბოლოოდ მივა დასკვნამდე რომ ვეღარ ეწინააღმდეგება ამ ვნებას და გადაწყვეტს რომ ცდუნებას აჰყვეს. თუმცა, კლოდის მხურვალე გრძნობებს ახალგაზრდა ესმერალდა გულგრილად, უპასუხოდ დატოვებს და სანაცვლოდ პაემანზე ახალგაზრდა მექალთანე კაპიტანთან წავა. პატიოსანმა გოგონამ არ იცის რომ იგი კაპიტან ფებუსს, რომელსახ საცოლე - ფლორ-დე-ლისი ჰყავს, ესმერალდა მხოლოდ ერთი ღამისთვის, გასართობად უნდა. მათი პაემნისას, ეჭვისგან გონდაკარგული, გაფითრებული არქიდიაკვანი კედელს, რომლის უკანაც უსირცხვილო კაპიტანმა თავად დამალა, გამოანგრევს და სწორედ იმ მომენტში როდესაც ესმერალდაზე გადაიხრილი ფებუსი აწითლებულ, დაბნეულ ქალიშვილს კოცნის, მექალთანეს ზურგში ხანჯალს დასცემს. მთვრალი კაპიტანი ჩაიკეცება, დაბნეული, შეშინებული გოგონა კი შეჰკივლებს და გული წაუვა, თუმცა სანამ მგრძნობელობას დაკარგავს იგი იგრძნობს ტუჩებზე იდუმალი კაპიშონიანის გავარვარებულ, მხურვალე კოცნას. მკვლელობის მცდელობა გოგონას დაბრალდება, თუმცა კლოდი არ ჩაერევა სასამართლოს სასიკვდილო განაჩენში. ლამაზი, მაგრამ გულცივი, ესმერალდაზე მხურვალედ შეყვარებული მედიდური არქიდიაკონი სიკვდილმისჯილ გოგოს დილეგში ეწვევა, ქალის ფეხთით დაემხობა და მგზნებარე სიყვარულს შეჰღაღადებს. მწველი ვნების ალში გახვეული დიაკონი დაუფარავად ახსნის თუ რა და როგორ მოხდა და დასტურად საზარლად დასერილ, კვლავ შეუხორცებელ გულმკერდსაც ანახებს რომელიც როდესაც გოგონას სასამართლოში აწამებდნენ რომ დანაშაული ეღიარებინა, მაშინ, გოგოს კივილების მოსმენისას სიმწრისგან ხანჯლით დაეგლიჯა. გოგონა შეძრწუნდება, თუმცა თაყვანისმცემლის ცრემლები გულს ოდნავაც არ მოულბობს, არამედ პირიქით. კვლავ თავის საოცნებო კაპიტანზე დადარდიანებული, რომელსაც მხოლოდ ორჯერ შეხვედროდა თუმცა ქალიშვილობას მაინც გულუბრყვილოდ აძლევდა, ის ზიზღით დახედავს არქიდიაკვანს და ჰკითხავს თუ რა ბედი ეწია თავის საყვარელ ფებუსს. არქიდიაკვანი ვარაუდით მიუგებს რომ იგი მოკვდა, თუმცა კი რეალურად მექალთანე კაპიტანი გადარჩენილიყო და დიდგვაროვანო საცოლის დაკარგვის შიშით (რომელსაც მხოლოდ მისი ფულის გამო ირთავდა) ინციდენტიც და ესმერალდაც უმალვე მიევიწყებინა და სასიკვდილოდ გაეწირა. ფებუსის სიკვდილის გაგონებაზე, გამძვინვარებული გოგო ღრმა სიძულვილით ეცემა კლოდს და გააგდებს დილეგიდან, ისე რომ მის შემოთავაზებას, გოგონა გადაარჩინოს და თავისთან ბედნიერად აცხოვროს, არც კი განიხილავს. ყველასგან მიტოვებულ, უსახურ, ყრუ მაგრამ კეთილ კვაზიმოდოს, ასევე შეყვარებოდა გულუბრყვილო ესმერალდა, რომელიც ერთხელ გონჯ კუზიანს დაეხმარა და როდესაც სხვები სახალხოდ დასცონოდნენ, წყალი დაალევინა. როდესაც სიკვდილმისჯილი გოგოს განაჩენს ეკლესიის წინ ასრულებდნენ, კვაზიმოდო თოკით დაეშვება ტაძრის კოშკურიდან, აიტაცებს ქალს და მასთან ერთად ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარებს თავი. ხოლო როდესაც ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენი მაინც შესრულდება, გაცეცხლებული კვაზიმოდო ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდებს თავის მამობილ-გამზრდელ კლოდ ფროლოს, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგება. ორი წლის შემდეგ, როდესაც გახსნიან სიკვდილმისჯილ გვამთა აკლდამას, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე დეფორმირებული ადამიანის ჩონჩხს ნახავენ, რომელიც კვაზიმოდო აღმოჩნდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 94–95
- ვიქტორ ჰიუგო, რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“