ოშორის მეჩეთი — არქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის ცენტრში. აგებულია 1898 წელს.

მეჩეთი ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვის კვადრებით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ქვები დაჩეჩქვილი ე.წ. "ნასეჩკებით" არის დამუშავებული. კუთხეები და ღიობების მოჩარჩოება კბილანებად დაწყობილი თლილი ქვით არის შემოსაზღვრული. რელიეფური, ჰორიზონტალური, ქვაში ამოკვეთილი ზოლი მიუყვება შენობის მეორე სართულს, მთელ პერიმეტრზე. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი და წარმოადგენს თაღით დასრულებულ ღიობს, რომლის ტიმპანში არაბული წარწერაა მოცემული თარიღით — 1898 წ. შესასვლელს ხის, დეკორაციული კარები აქვს. მეჩეთი რთული პროფილის კარნიზით სრულდება. შენობა ორქანობა სახურავითაა გადახურული. მეჩეთის კვადრატული მოცულობის ცენტრში, ოთხი ხის სვეტია აღმართული, რომელზეც გუმბათია დაფუძნებული. პატარა, მოხდენილი ფორმის გუმბათი მოხატულია. ხის სვეტების ქვედა, შუა და ზედა ნაწილი დეკორირებულია. სამხრეთ კედელში ძალიან დიდი მიჰრაბია მოცემული, რომელსაც განიერი, ბრტყელი საპირე ევლება. ჩრდილოეთ კედელს მახფილი მიუყვება, რომელსაც მთელი შენობის სიგანის 1/3 უჭირავს. მახფილიც ხისაა. მოაჯირი, მის ცენტრში მოწყობილი მრგვალი, შვერილი აივანი — ჭვრულად არის დამუშავებული. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთს მიუყვება აივნზე აღმავალი ერთმარშიანი კიბე, ასევე ჭვრული მოაჯირი. ინტერიერი შელესილია. მიჰრაბის თავზე ფერში შესრულებული ვარდულებით ფლანკირებული მიჰრაბის გამოსახულებაა მოცემული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17257