ოქროსოფლის მაცხოვრის ეკლესია
ოქროსოფლის მაცხოვრის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ოქროსოფელში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 1 კილომეტრზე, ძველ სასაფლაოზე, ნასოფლარ ცუქითის (სუქითი) ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით IX-X საუკუნეებით თარიღდება.
ეკლესია დარბაზულია (12,2 X 6,9 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ცუდად დამუშავებული ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმიც. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ჩრდილოეთის კარით ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენს უკავშირდებოდა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. ასეთივე თითო ნიშია გრძივი კედლების აღმოსავლეთ მონაკვეთში. სამხრეთ სარკმელი გადახურულია ბრტყელი ქვით. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, მის პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, მეორეს - კამარის საბჯენი თაღი. იმპოსტების პროფილი შედგენილია თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან. დასავლეთ კედლის კუთხეებში, კამარის ქუსლის დონეზე, ბრტყელი კრონშტაინებია, რომლებსაც კედლის დეკორატიული თაღი ეყრდნობოდა.
მოხატულობა
რედაქტირებაეკლესიის კედლის მონაკვეთები მოგვიანებით შეულესავთ და მოუხატავთ. საკურთხევლის სარკმლის ერთ გვერდზე, სამხრეთით შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობა - ცხენზე ამხედრებული წმ. მეომარი გველეშაპს კლავს. წმინდანი პირით სარკმლისკენაა მიბრუნებული. თანმხლები ასომთავრული წარწერა დაზიანებულია. კომპოზიცია მოჩარჩოებულია მოწითალო-ყავისფერი ხაზით. ფონი მონაცრისფრო-თეთრია. წმინდანის სხეული არაპროპორციულია. მხატვრობისათვის დამახასიათებელია ფერთა ძუნწად გამოყენება (თეთრი, მონაცრისფრო-თეთრი, შავი მოწითალო-ყავისფერი). შესრულების უკიდურესად გამარტივებული მანერით, ხაზოვანი დამუშავებით მხატვრობა ხალხური ხასიათის ნიმუშებს უკავშირდება. მოხატული ყოფილა კედლის მონაკვეთი სარკმლის მეორე გვერდზეც , ჩრდილოეთით. სავარაუდოა, რომ საკურთხეველში წარმოდგენილი იყო ფეოდალური ხანის ქართული ეკლესიის მოხატულობისათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური კომპოზიცია (პირით ერთმანეთისაკენ მიბრუნებული ორი ცხენოსანი წმ. მეომარი, რომელთაგან ერთი გველეშაპს კლავს, ხოლო მეორე - მეფეს).
ფასადები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის ჩრდილოეთით და დასავლეთით მიშენებული სათავსები მთლიანად დანგრეულია (არ ხერხდება გეგმის დადგენა).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 383-384.