ოფერ ბარ-იოზეფი
ოფერ ბარ-იოზეფი (ებრ. עופר בר-יוסף, ინგლ. Ofer Bar-Yosef; დ. 29 აგვისტო, 1937, იერუსალიმი, — გ. 14 მარტი, 2020) — ებრაელი (ისრაელი) არქეოლოგი და ანთროპოლოგი.
დაამთავრა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (1963); იქვე მოიპოვა სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები. 1973 წლიდან იყო იმავე უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის ასოცირებული პროფესორი, 1979 წლიდან — პროფესორი. შემდეგ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (1988), შემდეგ — ემერიტუსი (2013). იყო ამერიკის ეროვნული აკადემიისა (2010) და ბრიტანეთის აკადემიის (2005) წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2003), კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) კოცენის პრემიის პირველი ლაურეატი (2013), ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ისრაელი) საპატიო დოქტორი (2013).
ბარ-იოზეფი სწავლობდა ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს, იკვლევდა უძველეს ქვის ინდუსტრიებს, თანამედროვე ადამიანის წარმოშობისა და ბიოლოგიური ადაპტაციის პრობლემებს, ევრაზიაში ნეანდერტალელის და თანამედროვე ადამიანის ურთიერთკავშირებსა და მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების მწარმოებელ მეურნეობაზე გადასვლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დიდი როლი მიუძღვის საქართველოში პრეისტორიული კვლევების განვითარებაში. ქართველ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობდა 1993 წლიდან. იყო საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ინიციატორი. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს პრეისტორიული მეცნიერების ისეთ მნიშვნელოვანი აღმოჩენები, როგორიცაა მსოფლიოში უძველესი დართული სელის ძაფის ძუძუანას მღვიმეში გამოვლენა (2009), ასევე აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ტიპის ადამიანის მიგრაციის ორი, 45 000 და 25 000 წლის წინანდელი, ტალღის დადგენა და თანამედროვე ევროპელების გენეტიკური ჯაჭვის აქამდე უცნობი, ერთ-ერთი მთავარი რგოლის აღმოჩენა (2015).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პრესრელიზი: პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 18 მარტი, 2020;
- Ofer Bar-Yosef (1937-2020): Celebration of Life. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჟელესი. 16 მარტი, 2020.