ორლოვის ბრილიანტი
ორლოვის ბრილიანტი (ძველი სახელწოდება „დერიანური“ ) (189,62 კარატი) — ინდოეთი. XVI—XVII საუკუნე. მომწვანო-მოცისფრო შეფერილობის. იგი გრაფმა ორლოვმა ამსტერდამში იყიდა და ეკატერინე II-ს მიუძღვნა. მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი. აღმოჩენისას ქვა 400 კარატს შეადგენდა. იგი შეიძინა შაჰ–ჯაჰანმა. მან მრავალი პატარა იარუსებად დაწყობილი წახნაგების საშუალებით ქვას ინდური ვარდის ფორმა მისცა. დაწახნაგების შემდეგ ქვა 199,6 კარატამდე შემცირდა. მძიმედ დაავადებული შაჰ–ჯეჰანის მემკვიდრეს, მის უფროს ვაჟს დარაშიკალს სურდა ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება, ინდუსებთან მშვიდობა, სახელოვან წინაპართა პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ მუსლიმი მოლები და და დიდებულები შაჰ–ჯეჰანის მეორე ვაჟს, დაუნდობელ ფანატიკოსს აურანგზებს ემხრობოდნენ. ამ უკანასკნელმა აჯობა ძმას, თავისი მეომრებით შევიდა აგრაში, სადაც შეიტყო მამის გამოჯანმრთელების ამბავი.
აურანგზებმა სასწრაფოდ გასცა მამის დაპატიმრებისა და ციხე–სიმაგრეში ჩამწყვდევის ბრძანება და ტახტის მფლობელი შეიქნა. 1665 წელს ახალმა მმართველმა ჟან ბატისტ ტავერნიეს თავისი უძვირფასესი ქვების აღწერის ნება მისცა. ძვირფასი ალმასი ტავერნიეს წიგნში დიდი მუღალის სახელწოდებით იხსენიება. ქვა მოცისფრო–მომწვანო შეფერილობისაა.
გადმოცემის თანახმად, ალმასი კარგა ხნის მანძილზე სერიგაპატამის ტაძარში ბუდას ქანდაკების მესამე თვალს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ალმასი მოიპარა ფრანგმა კარისკაცმა, ვინც ტაძარში შეღწევის მიზნით, საგანგებოდ მიიღო მათი რწმენა, მოიპოვა ქურუმის ნდობა და ტაძრის მცველად დაიწყო მუშაობა. ჯარისკაცმა ქვა მადრასში 2 000 ფუნტ სტრელინგად მიჰყიდა ინგლისური ხომალდის კაპიტანს, რომელმაც, თავის მხრივ, ძვირფასი ქვა 12 000 ფუნტად დაუთმო ლონდონში მცხოვრებ ებრაელ ვაჭარს. ამის მერე გარკვეული დროით ალმასის კვალი ქრება.
1767 წელს სომეხმა ვაჭარმა გრიგოლ საფრასმა (შაფრასი) სპარსი მეომრისაგან შეიძინა ალმასი და ამსტერდამის ბანკში დააგირავა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ 125 000 მანეთად მიჰყიდა თავისი მეუღლის ბიძაშვილს, სამეფო კარის იუველირს, სომეხ ივან ლაზარევს (ოვანე ეგიაზარიანი).
1773 წელს ამსტერდამში მყოფმა რუსმა თავადმა გრიგორი ორლოვმა ვაჭარ ლაზარევისგან ალმასი 400 000 მანეთად შეიძინა, ვაჭარს 20 000 მანეთის ოდენობით პენსია დაუნიშნა და დიდებულის წოდების დამადასტურებელი სიგელი უბოძა. გრიგორი ორლოვმა ბრილიანტი 1773 წლის 24 ნოემბერს, ეკატერინე II-ის სახელობის დღის აღსანიშნავად ცარსკოე სელოში გამართულ წვეულებაზე უსახსოვრა რუსეთის იმპერატორს. ორლოვი ამ უძვირფასესი საჩუქრით იმპერატორის გულის მოგებასა და ძველი უფლებების აღდგენას ცდილობდა, მაგრამ დედოფალი კვლავ ახალი ფავორიტის, თავად პოტიომკინის ერთგული დარჩა. 1784 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით ალმასმა რუსეთის იმპერატორთა კვერთხი დაამშვენა.
ამჟამად ალმასი ორლოვი 199,6 კარატს შეადგენს და მოსკოვის ალმასთა ფონდში ინახება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნინო გომართელი, ეს საბედისწერო ალმასები, „ომეგა“, № 2, 2003 წ., გვ.50
- Malecka, A. " Did Orlov buy the Orlov ?", Gems and Jewellery, July 2014, vol. 23, no. 6, pp. 10–12.
- Malecka, A. «The Great Mughal and the Orlov: One and the Same Diamond ?», Journal of Gemmology, 2016, VOL. 35, PP. 2-9.