ონტარიო (ქლიავის ჯიში)

ონტარიოქლიავის ჯიში. გამოყვანილია იტალიაში. საქართველოში შემოტანილია XX საუკუნის შუა ხანებში. ამ ჯიშის მხოლოდ ახალგაზრდა ხეები გვხვდება საკოლექციო ნარგავებში.

ხე ხასიათდება ოვალური სიმეტრიული ვარჯით. ფოთოლი მსხვილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, მუქი მწვანე ფერის; ფოთლის კიდე დაკბილულია ბლაგვად. ყვავილობის პერიოდი ადრეული იცის. ჯიში საქართველოს პირობებში თვითსტერილია, მის საუკეთესო დამამტვერიანებლად ანა შპეტი ითვლება.

ხე ადრე შედის მსხმოიარობაში და უხვად ისხამს. საშუალო ხნის ერთი ხე იძლევა 30–35 კილოგრამ ნაყოფს. ამ ჯიშის დადებითი მხარეებია: უხვი მოსავლიანობა, ადრეულა სიმწიფე, მსხვილი და ლამაზი სუფთა ნაყოფი. ნაყოფიჭამია ნაკლებად აზიანებს ნაყოფს. მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში და აგვისტოს დასაწყისში (გორის რაიონი), ნაყოფი ხეზე მწიფდება არაერთდროულად, არამედ თანდათანობით, დაახლოებით 15 დღის განმავლობაში.

ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, მსხვილი (4,5🞩4,3🞩4,1 სმ), საშუალო მასა 40 გრამს უდრის. ნაყოფის კანი სქელია, ღია მომწვანო-ყვითელი ფერის; ძირითად ფერზე ეტყობა უფრო მუქი მწვანე ფერის განიერი ზოლები. გარედან გადაჰკრავს თეთრი ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მომწვანო-ყვითელი ფერისაა. საშუალო სიმკვრივის, ნაკლებად წვნიანი, გადამწიფებისას ფხვიერი, მომჟავო-ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. კურკა რბილობს კარგად სცილდება და ნაყოფის წონის 3,5%-ს შეადგენს.

განსაკუთრებული მსხვილი და ლამაზი გარეგნობის ნაყოფის, უხვი მოსავლისა და გარემო პირობათა უარყოფითი მოქმედების წინააღმდეგ შედარებით კარგი გამძლეობის გამო ქლიავის ამ ჯიშს ფართო გავრცელების პერსპექტივა აქვს საქართველოს რაიონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.