ონისიმე (სამოცდაათთაგანი)

მოციქული ონისიმე (ბერძ. Ονήσιμος) (გ. 68) - ქრისტეს მოციქული, ბიზანტიის ეპისკოპოსი (54-68 წწ.). მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 15 თებერვალი და 4 იანვარი, ახალი სტილით - 28 თებერვალი და 17 იანვარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ონისიმე მოციქული ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმინდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმინდანს, არამედ გაათავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმინდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმინდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წინამორბედი:
სტაქოსი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

5468
შემდეგი:
პოლიკარპე