ომარ ნაფეტვარიძე
ომარ ნაფეტვარიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2007). თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.
1966 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“. მუშაობდა თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტზე. 1966–1970 წლებში — ამ ინსტიტუტში მუშაობდა უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად. 1970–1979 წლებში მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ „გიპროტორგში“ ჯგუფის ხელმძღვანელად, სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1980–1981 წლებში იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ადაპტაციისა და რესტავრაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი. 1981–1983 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საპროექტო ორგანიზაცია „საქქალაქპროექტის“ დირექტორი იყო. 1984–1989 წლებში — საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს საპროექტო-ტექნოლოგიური ბიუროს დირექტორი. 1990–1995 წლებში მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ საპროექტო ორგანიზაციის დირექტორად. 1995–2006 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ შემოქმედებით გაერთიანებაში პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე. 2006–2012 წლებში მუშაობდა საინვესტიციო კომპანიების „ევორდისა“ და „კაპიტალვოსტოკის“ მთავარ არქიტექტორად. 2012 წელს თბილისში, მახათას მთაზე „ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის“ სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსების პროექტირებასთან დაკავშირებით, მან, როგორც ავტორმა, დააფუძნა საპროექტო ორგანიზაცია შპს „უტა 2012“. მისი დირექტორია და მთავარი არქიტექტორი. მისი ავტორობით შექმნილია მრავალი პროექტი. 2012 წელს მისი პროექტი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი ტარას შევჩენკოს ქუჩაზე („Rustaveli Residence“) დაჯილდოებულია ქ. ლონდონში გამართულ 24-ე საერთაშორისო კონგრესზე ოქროს კატეგორიის პრიზითა და სერტიფიკატით. 2013 წელს ხარისხის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESQR) მიერ ვენაში დაჯილდოვდა ოქროს კატეგორიის პრიზითა და სერტიფიკატით. 2014 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე განმეორებით დაჯილდოვდა პლატინის კატეგორიის პრიზით და სერტიფიკატით. 2015 წელს მიენიჭა „არქიტექტურის რაინდის“ წოდება.