ოთარ ჯაფარიძე (ფერმწერი)
ოთარ გრიგოლის ძე ჯაფარიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1920, ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთი — გ. 27 ნოემბერი, 2020) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
ბიოგრაფია
რედაქტირებაოთარ ჯაფარიძე დაიბადა 1920 წლის 29 ოქტომბერს ქ. ოჩამჩირეში, სადაც მამამისი, გრიგოლ ჯაფარიძე, ქართული გიმნაზიის დირექტორად მუშაობდა. სწავლა დაიწყო 1927 წელს სოხუმის ქართულ ცხრაწლედში და ოჯახის თბილისში გადასვლის შემდეგ განაგრძო თბილისის I საცდელ–საჩვენებელ სკოლაში (ამჟამად თბილისის კლასიკური გიმნაზია), რომელიც დაამთავრა 1939 წელს.
1939–1946 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1947 წელს ჩაირიცხა ფერწერის კათედრის ასპირანტურაში, სადაც დაჰყო 1950 წლამდე. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 1947 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში (შემდგომში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) სპეციალური საგნების პედაგოგად. როგორც ჩანს, ოჯახის ტრადიციებმა (პაპა და მამა პედაგოგები იყვნენ) განაპირობეს ოთარ ჯაფარიძის ერთგულება პედაგოგიური მოღვაწეობისადმი. მან 60 წელი იმუშავა პედაგოგად და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას გაუწია დახმარება მყარად დამდგარიყვნენ პროფესიონალური მხატვრობის რთულ გზაზე.
1960 წლიდან ოთარ ჯაფარიძემ დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის მასწავლებლის თანამდებობაზე. მან სამხატვრო აკადემიაში მუშაობის 47 წლის განმავლობაში გაიარა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის ყველა საფეხური კათედრის პროფესორის თანამდებობამდე. 1968 წელს სამხატვრო აკადემიის მაშინდელი რექტორის აპოლონ ქუთათელაძის რეკომენდაციით დაინიშნა აკადემიის პრორექტორად სასწავლო დარგში. მან ამ თანამდებობაზე იმუშავა 15 წელი (1983 წლამდე). შემდგომში ოთარ ჯაფარიძე აკადემიაშივე განაგრძობდა მოღვაწეობას ფერწერის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე. 1988 წლიდან – უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის დაარსების დღიდან შეთავსებით იყო ამ მუზეუმის ხელმძღვანელი.
1969 წელს ოთარ ჯაფარიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო ძირითადად პეიზაჟის მხატვრობით განისაზღვრა, რასაც ხელს უწყობდა სისტემატიური კონტაქტი მშობლიურ რაჭასთან. სწორედ რაჭის პეიზაჟი გახდა მისი შემოქმედებითი შთაგონების მთავარი წყარო.
ოთარ ჯაფარიძის ფერწერული ნამუშევრები ძირითადად დაცულია საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო გალერეის (ამჟამად „მხატვრის სახლი“), ონისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ფონდებში. ერთ–ერთი ტილო იმყოფება მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ცალკეული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში ოთარ ჯაფარიძის, როგორც მხატვრის, ინტერესები მიიპყრო ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მხატვრულმა ასახვამ. ამ თემაზე მის მიერ შექმნილია ორასამდე მცირე ზომის გრაფიკული ნამუშევარი.
ოთარ ჯაფარიძე დაჯილდოებულია რამდენიმე საბჭოთა მედლით და ღირსების ორდენით.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1967: საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი
- 1998 : ღირსების ორდენი