ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბორჯომში. დაარსდა 1926 წელს საკურორტო სამმართველოსთან სატყეო მუზეუმის სახელწოდებით (მ. მურვანიშვილისა და გ. სალარიძის ინიციატივით). მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, ყოფილი სასახლის კანცელარიის შენობაში, რომელიც 1890 წელს გერმანელმა არქიტორმა ვ. შვეიერმა ფსევდოგოთურ სტილში ააგო. პირველ ექსპოზიციაში იყო ხის ჯიშები, ცხოველთა ფიტულები, პეპლების კოლექციები, დაზიანებული ხეების ნიმუშები, ტყის, როგორც კურორტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, ამსახველი მასალა.
1936 წელს იგი გადაკეთდა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. ჩატარდა საორგანიზაციო სამუშაოები (1952, 1964, 1986), ექსპედიციები, ახალი ექსპონატების შეგროვება-შენახვა. მუზეუმში 4 სტაციონარული განყოფილებაა: მხარის ბუნების, 1921 წლამდე პერიოდის, უახლესი ისტორიის პერიოდისა და მხატვრული. ფონდებში დაცულია გეოლოგიური, ბოტანანიკური, ზოოლოგიური, არქეოლოგიური, მინერალოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული კოლექციები, ფოტოსურათები, დოკუმენტები, ფერწერა და სხვა. სულ 2 ათასი ექსპონატი, რომელთა შორისაა: მზის ღვთაებასთან დაკავშირებული ჭვირული დისკოები (ძვ. წ. II ათასწლეული), ბრინჯაოს ბალთები, ფიბულები და სხვა; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის პირადი ნივთები – გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები (მე-19 საუკუნე) და სხვა. მუზეუმის ფართობი მოიცავს 584 მ²-ს, აქედან მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 297 მ², პერიოდულ გამოფენებს — 36 მ², საცავს — 110 მ².
მუზეუმში ტარდება ლექცია-საუბრები, სამეცნიერო სესიები, შეხვედრები და სხვა.