ოზაანის ყველაწმინდის ეკლესია

ოზაანის ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ოზაანის დასავლეთ განაპირას, ყოფილ სოფლის ცლუნკაანის (ამჟამად სოფლის ერთ-ერთი უბანია) ტერიტორიაზე ძველ სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7x5,5 მეტრზე), გარედან სწორკუთხა მოხაზულობის. ნაგებია რიყის ქვით. კამარა, საბჯენი თაღები და კარ-სარკმლების ღიობები გამოყვანილია კვადრატული აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიგნიდან სწორკუთხა. ღიობი გარედან ბრტყელი თაღითაა გადახურული და შიგნითკენ თანდათან ვიწროვდება.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი შეისრული თაღითაა გამიჯნული. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ოთხი ნიშაა. მათგან სამი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ერთი — სამხრეთით. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით.

ეკლესიის დარბაზი მოკლეა, გეგმით კვადრატს მიახლოებული. გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც საკურთხევლის კამარის გარდა, ეყრდნობა კიდევ ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი დარბაზის შუაშია, მეორე - დასავლეთ კედელთან. ორივე თაღი შეკიდულია. დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები დანაწევრებულია ერთმანეთის სიმეტრიულად განლაგებული, ორ-ორი განიერი, მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშით. თითო მსგავსი, ოღონდ გაცილებით დაბალი, ვიწრო ნიშა, დასავლეთ შესასვლელის გვერდებზეცაა.

საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნიშაში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს, რომლის თაღი ნიშის თაღს ემთხვევა.

ეკლესია შიგნით შელესილია გაჯით, გარედან შელესილი და შეთეთრებულია — შიგნი კირის ხსნარით. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, წყობის შეღრმავებით გამოყვანილია მაღალი ჯვრის გამოსახულება, რომელიც საფეხუროვან პოსტამენტზე დგას.

კედლები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესია დაბურულია ღარისებრი კრამიტით.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმული იყო აგურის მრგვალი სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ საფუძველია შემორჩენილი.

2008 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: დაიდგა კანკელი, კედლები შიგნიდან ხელახლა შეილესა გაჯით, ხოლო გარედან (მხოლოდ დაზიანებული ადგილები) - კირის ხსნარით.

ლიტერატურა

რედაქტირება