ნუგზარ ვაწაძე
ნუგზარ ვაწაძე (დ. 10 ივნისი, 1937, თბილისი — გ. 9 ივნისი, 2018) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).
1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა მუსიკალურ სკოლასა და მესამე სამუსიკო სასწავლებელში. ის ავტორია: ორი ერთნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტი (1956, d-moll; 1961, C-dur); სიმებიანი კვარტეტი (1961, E-dur სამ ნაწილად), რომელსაც 1962 წელს მიენიჭა პირველი პრემია ახალგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედების საკავშირო დათვალიერებაზე, მოსკოვში; „იუმორესკა“ სიმფონიური ორკესტრისათვის, სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის ოპერიდან „ზღვა, მზე და ბიჭუნა“; მას ეკუთვნის მრავალი სიმღერა, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის, ესენია: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965); ანიმაციური ფილმები: „მამლაყინწა“ (1979), „მონადირე, ბიჭი და ძაღლი“ (1970), „ბომბორა“(1968), „ო, მოდა, მოდა...“ (1968); გადაღებულია ფილმში „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975).