ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოსტოსი (ძვ. ბერძნ. νόστος) — ანტიკურ ბერძნულ ლიტერატურაში გამოყენებული ფაბულა, რომელიც გულისხმობს გმირის სამშობლოში დაბრუნებას ზღვით. ძველ ბერძენთა საზოგადოებაში მიიჩნეოდა, რომ გმირობისა და ვაჟკაცობის უმაღლესი დონე მჟღავნდებოდა მაშინ, როცა პერსონაჟი შინ დაბრუნებას ახერხებდა. მოგზაურობა, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა გემის ჩაძირვას ამოუცნობ ტერიტორიაზე, სხვადასხვა განსაცდელის პირისპირ აღმოჩენას, რაც ერთგვარი გამოცდა იყო გმირის სიმამაცისა და სიმტკიცისათვის.[1] დაბრუნება მხოლოდ ფიზიკურ მიახლოებას არ ნიშნავდა, ამით გმირი განამტკიცებდა საკუთარ სტატუსს, სახელოვნებას. ნოსტოსის თემას ვხვდებით ჰომეროსისოდისეაში“, როცა მთავარი გმირი ცდილობს დაბრუნდეს სამშობლოში ტროას ომის შემდეგ. ოდისევსს მრავალ განსაცდელს შეეჭიდება, მაგალითად სირინოზებსა და ლოტოსის მჭამელებს. თუ პერსონაჟი რომელიმე ცდუნებას დანებდებოდა, ამით სამშობლოში დაბრუნებაზე იტყოდა უარს. თანამედროვეობაში ნოსტოსის თემა სხვადასხვა ფორმით გვხვდება ლიტერატურასა და ფილმებში.[2]

ბარელიეფი, რომელიც ასახავს ბერძნულ თქმულებას ოდისევსის სამშობლოში დაბრუნებისა.

ნოსტოსი „ოდისეაში“

რედაქტირება

ჰომეროსი ეპოსში შლის ტროადან სამშობლოში ზღვის გავლით დაბრუნების ისტორიას.[3] მოგზაურობა მათ მიერაა მოთხრობილი, ვინც ის საკუთარ თავზე გამოცადა. ესენი არიან მენელაოსი, ნესტორი და ოდისევსი.[3] მეოთხე თავში მენელაოსი მოგვითხრობს თავის ეგვიპტურ თავგადასავალს და ამასთან ერთად მკითხველს დეტალური სიზუსტით უმჟღავნებს აგამემნონის ფატალურ ნოსტოსს და მცირე ნაწილს ოდისევსის მოგზაურობისა.[3] ნესტორი უმეტესწილად მენელაოსისა და ოდისევსის ამბებს მოგვითხრობს. ნესტორი მესამე თავში ამჟღავნებს, რომ დიომედეს მოგზაურობა, აგამემნონისგან განსხვავებით, არ იყო სრულყოფილი ნოსტოსი. ამით ნაჩვენებია, თუ რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს გმირების სახლისაკენ მიმავალი გზა. პოემაში ნაჩვენებია მტკიცე განზრახვა კონკრეტული დანიშნულების ადგილის მიღწევისა, გაუთვალისწინებლობისა და მოულოდნელობების მიერ შექმნილი დაბრკოლების გადალახვა. „ოდისეაში“ ნოსტოსის სხვადასხვა შემთხვევაა ნაჩვენები. ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ეპიზოდი, რომელშიც ოდისევსის თანამგზავრები დაკარგავენ ნოსტოსს, როდესაც მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად შეჭამენ ჰელიოსის ცხვრებს. ოდისევსი მოუწოდებს მეგობრებს: „მოძმენო, ხომალდზე უხვად გვაქვს ცირცესაგან ნაბოძები სასმელ-საჭმელი, ნუ დავხარბდებით ჰელიოსის ცხვარსა და ძროხას, რომ არ მოვიმკათ ყოვლისმხილველი და ყოვლისმეცნაური მზეღმერთის რისხვა!“.[4] ამ შემთხვევაში თანამგზავრებმა არ დაუჯერეს ოდისევსს და სწორედ აქ შეწყდა მათი ნოსტოსი — გზა სახლისაკენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბერძენ გმირს სულაც არ ერგება ნოსტოსის საკუთარ თავზე გამოცდის პატივი. აქილევსის ნოსტოსი „ილიადადან“ უნიკალური შემთხვევაა, რადგან გმირმა იცის, რომ ის სახლში ვერ დაბრუნდება, რაც საკმაოდ განსხვავდება ოდისევსის ბედისაგან.[3] აქილევსს ორი არჩევანი აქვს: შეეწიროს ბრძოლას და მოიპოვოს დიდება ან არ მიიღოს მონაწილეობა ტროას ომში და იცხოვროს ხანგრძლივი, მაგრამ უმნიშვნელო ცხოვრებით.[3] ის ირჩევს დიდების გზას და აცნობიერებს, რომ მისი ბედისწერა ბრძოლის ველზე დაღუპვაა.[3]

ნოსტოსი და ოდისევსი

რედაქტირება

ოდისევსს საშუალება ეძლევა თვითონ მოუთხროს გარშემომყოფებს საკუთარი ნოსტოსის შესახებ. მისი მოგზაურობის ხანგრძლივობა კი იმაზე მეტყველებს, თუ რა რთული იყო ნოსტოსის მოპოვება.

სიკვდილისგან თავის დახსნა, უსაფრთხოდ გადმოსხდომა გემიდან, ომიდან მშვიდობით დაბრუნება არასრული ჩამონათვალია იმ მახასიათებლებისა, რომლებიც ნოსტოსის ფაბულას შეადგენს. ომის შემდეგ გმირების მთავარი საზრუნავი წინდახედული ქმედება, სიკვდილის თავიდან არიდება და სამშობლოში უვნებლად დაბრუნებაა.[3]

თანამედროვეობა

რედაქტირება

სიტყვა ნოსტალგია პირველად გამოყენებული იქნა, როგორც სამედიცინო ტერმინი შვეიცარიელი ექიმის ჯონას ჰოფერის მიერ 1688 წელს. ის მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან νόστος და წარსულის მონატრებით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსანიშნავად გამოიყენება.

ნოსტოსს ვხვდებით ჯეიმზ ჯოისის რომანში „ულისე“, ფინალურ ნაწილში (ეპიზოდი 16-18), როდესაც ლეოპოლდ ბლუმი სახლში ბრუნდება.

თანამედროვე კინოინდუსტრიაში ნოსტოსის მაგალითია ფილმი Hercules Unchained, რომელიც 1959 წელს გამოვიდა. ფილმი მოგვაგონებს „ოდისეას“, ხოლო ჰერკულესის მოგზაურობა — ოდისევსის თავგადასავალს.[5]

ამ პერიოდისათვის არ არსებობდა ბევრი ფილმი, რომლებიც ანტიკურ თქმულებებს ეფუძნებოდა.[5] ფილმის მიხედვით, ჰერკულესს მოუწია დაღუპულიყო და შემდეგ თავიდან დაბადებულიყო, რათა თავიდან აღმოეჩინა თავისი იდენტობა, მსგავსად ოდისევსისა.[5]

1989 წლის ფილმი Nostos: The Return ასევე ასახავს ოდისევსის დაბრუნებას და ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ბუნებაზე, გარემოზე, ვიზუალურ თხრობაზე.

ტელესერიალში ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი წარმოდგენილია მოგზაურობა კოსმოსური ხომალდისა, რომელიც 70000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწას. გზად სახლისაკენ ეკიპაჟი გადალახავს უამრავ დაბრკოლებას, რაც კლასიკოსების მიერ ნოსტოსადაა შეფასებული.[6]

  1. Bonifazi, Anna (2009). „Inquiring into Nostos and Its Cognates“. American Journal of Philology. 130: 481. doi:10.1353/ajp.0.0078
  2. Alexopoulou, Marigo (2009). The Theme of Returning Home in Ancient Greek Literature : The Nostos of the Epic Heroes. Lewiston, New York: Edwin Mellen Press. pp. 2–5.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Bonifazi, A.(2009). Inquiring into Nostos and Its Cognates. American Journal of Philology 130(4), 481–510. The Johns Hopkins University Press. Retrieved April 24, 2016, from Project MUSE database.
  4. Homer, Odyssey 12.320-23. (The Odyssey of Homer. Trans. Richmond Lattimore. New York: Harper & Row, 1975. Print.)
  5. 5.0 5.1 5.2 Clauss, J. J.(2008). Hercules Unchained: Contaminatio, Nostos, Katabasis, and the Surreal. Arethusa 41(1), 51-66. The Johns Hopkins University Press. Retrieved April 24, 2016, from Project MUSE database.
  6. Meyer, Uwe (2009). „,,Die Muse“ — Populäre Antikerezeption am Beispiel einer Episode der Fernsehserie Star Trek: Voyager" (PDF). Pegasus-Onlinezeitschrift. 9 (2): 48. Retrieved 6 December 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოსტოსი“-დან