ნოვოჩერკასკის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი
ნოვოჩერკასკის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი (რუს. Музей истории виноградарства и виноделия) — მუზეუმი ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმის დანიშნულებაა სპეციალისტებს და მუზეუმის ვიზიტორებს გააცნოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია დონის მიწაზე. მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილია 500-ზე მეტი ექსპონატი: მაკეტები, ფოტოები, სურათები, ჭურჭელი და სხვა.
ნოვოჩერკასკის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი | |
---|---|
47°25′26″ ჩ. გ. 40°03′16″ ა. გ. / 47.424111° ჩ. გ. 40.054611° ა. გ. | |
დაარსდა | 1972 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ნოვოჩერკასკი |
ოფიციალური საიტი | http://rusvine.ru |
ისტორია
რედაქტირებამუზეუმი დაარსდა 1972 წელს იაკობ პოტაპენკოს სახელობის სრულიად რუსეთის მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის თაოსნობით მცირე ექსპოზიციის გარშემო. მუზეუმის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ენთუზიასტი-ისტორიკოსი ა. პოტაპენკო, ასევე მის შექმნაზე მუშაობდნენ არქეოლოგ-ისტორიკოსები ე. სავჩენკო და მ. კრაისვეტნი.
აღწერა
რედაქტირებაამჟამად მუზეუმში მრავალრიცხოვანი ექსპოზიციაა, რომელიც მოგვითხრობს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიის შესახებ დონის ტერიტორიაზე, აქ განთავსებულია სტენდები ანტიკური მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ. შეგროვებულია ღვინისათვის გამოსადეგი ჭურჭელი, ანტიკური შავლაქიანი ღვინის სასმისები, ვერცხლის მოოქროვილი ფიალები, რომლებიც აღმოაჩინეს სადოვის ყორღანის გათხრების დროს 1962 წელს. მუზეუმის ექსპოზიციის შემადგენლობაში შედის ასევე ქალის ბიუსტი - სარმატი „დედოფლის“ გამოსახულება, რომელიც არის მიხაილ გერასიმოვის ნამუშევარი.
ვიზიტორებისათვის საინტერესოა განყოფილება, რომელიც ეძღვნება დონის ტერიტორიაზე ვაზის კულტურის გავრცელებას (VIII-X სს.). ეს მოხდა ხაზართა სახაკანოს მმართველობის პერიოდში.
კაზაკების მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფლება შეიცავს მთელ რიგ ექსპონატებს: ვენახის მაკრატლებს, ღვინის დასაწურ ვარცლებს, სხვადასხვა განსხვავებულ ჭურჭელს, რომელიც გამოიყენება მეღვინეობისათვის, აზარფეშები და სხვადასხვა დანიშნულების მევენახეობის იარაღები.
ცალკე ექსპოზიცია ეკუთვნის ალექსანდრე პუშკინს, რომელიც თავის შემოქმედებაში არაერთხელ ახსენებს დონის ყურძენს და ღვინოს. ექსპონატებს შორისაა პოეტის მარმარილოს ბიუსტი და მწერლის თანადროული ღვინის ბოთლი.
ინსტიტუტის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ცალკე ოთახში განთავსებული ექსპოზიცია. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ყურძნის ჯიშების ნახვა, რომლებიც გამოყვანილია ინსტიტუტში. აქვეა წარმოდგენილი ინსტიტუტის მეცნიერთა ფოტოები.
მუზეუმში გახსნილია სუვენირებისა და საჩუქრების განყოფილება ვიზიტორებისათვის.
უნიკალური სტენდი მოგვითხრობს ინსტიტუტისა და ცნობილი მეცნიერისა და მოგზაურის ტურ ჰეიერდალის მეგობრობის შესახებ. აქ წარმოდგენილია მისი ნავის „კონ-ტიკის“ მაკეტი, ღვინოების „კონ-ტიკისა“ და „რას“ ეტიკეტები, ტურ ჰეიერდალის წიგნები და ფოტოები ავტოგრაფებით.