ნიკოლოზ გუდიაშვილი

ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილი (დ. 19 მაისი, 1913, თბილისი, — გ. 7 აპრილი, 1998, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (სერგეი ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1941 წელს — ასპირანტურა (პეტრე რიაზანოვის ხელმძღვანელობით). 1937 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1981 წლიდან — პროფესორი. გუდიაშვილი მოღვაწეობდა თეატრის, სიმფონიურ კამერულ-საკრავიერ, კამერულ-ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი (1948) ამ ჟანრის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ელისო" (ალექსანდრე ყაზბეგის მიხედვით, 1944), „ქეთევან წამებული" (1960); ერთმოქმედებიანი ოპერები — „სისხლიანი სუფრა", „შურისძიება" და „ვივა ივერია" (სამივე 1971); 2 ბალეტი: „დედის მანდილი" (1951) და „ნარიყალას ციხესთან" (1958); ოპერეტები: „შეხვედრა აგარაკზე" (1950), „საჩუქარი" (1951), „სალხინობელი" (1953), „ვახშამზე" (1959); 4 სიმფონია (1944, 1949, 1968, 1980); 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980); სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო კვინტეტი (1948), საფორტეპიანო სონატინა (1950), 24 პრელუდია და ფუგა (1975), რომანსები, ხალხურ თემებზე შექმნილი საესტრადო ჟანრის „ქართული ფანტაზია“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა 40-იანი წლებიდან ქართველ და, კერძოდ, თბილისელ მუსიკის მოყვარულთა შორის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება