ჰიპოფიზი

(გადამისამართდა გვერდიდან ნეიროჰიპოფიზი)

ჰიპოფიზი (ბერძნ. hypophysis – მორჩი) — თავის ტვინის ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა საშუალო 0,35-0,65 გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი (ადენოჰიპოფიზი) წარმოიქმნება ჩანასახოვანი პირისა და ხაზის ნაკეცისაგან. განვითარების ადრეულ საფეხურზე ჰიპოფიზი გარეგანი სეკრეციის ჯირკვლის როლს ასრულებს. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება და ჰიპოფიზის წინა წილი წმინდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება. უკანა წილი (ნეიროჰიპოფიზი) უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდს წარმოადგენს, ანატომიურად ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული.

დანიშნულება

რედაქტირება

ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ ანუ ზრდის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს (ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამოყოფის სტიმულატორი), გონადოტროპულ ჰორმონებს-ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მალუტეინიზირებელ ჰორმონს და ლაქტოგენურ ჰორმონს (სასქესო ჯირკვლების შიდასეკრეციული ფუნქციის სტიმულატორები). ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს აგრეთვე ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქული წილის ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას ასტიმულირებს.

ჰიპოფიზის უკანა წილი

რედაქტირება

ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს ნეიროსეკრეციაში - ჰიპოთალამუსის მიერ განსაკუთრებული ჰორმონების - ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე.წ. რილიზინგ-ფაქტორების მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში. ვაზოპრესინი ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, გარდა ამისა, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ჰორმოზი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას საშვილოსნოს კედლის კუმშვის უნარზეც ახდენს, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება ორსულობის ბოლო პერიოდში და მშობიარობის დროს. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს ან მოდულატორებს წარმოადგენენ.

ჰიპოფიზის შუა წილი

რედაქტირება

ნაკლებად არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით ადამიანში) ჰიპოფიზის შუა წილი; მასში გამომუშავდება მელანოფორული ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის სიბნელისადმი ადაპტაციაში.

ჰიპოფიზის შემადგენლობა

რედაქტირება

ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი ქიმიურად ცილა ან პეპტიდია. ზოგადად ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების რეგულატორებს წარმოადგენენ. ეს რეგულაცია ორმხრივი უკუკავშირით ხორციელდება. მაგალითად, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაკლებისთანავე იწყება თირეოტროპული ჰორმონის უხვი გამოყოფა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულ სეკრეციას და, პირიქით, უკანასკნელის გაძლიერებული სეკრეცია აკავებს ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.

ჰიპოფიზი ადამიანისა

რედაქტირება

ადამიანის ჰიპოფიზი თხილის ფორმის, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული ორგანოა, რომელიც მდებარეობს თურქული კეხის საგანგებო ფოსოში და ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით - თურქული კეხის შუასაძგიდით, რომელიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ერთვის თავის ტვინის რუხი ბორცვის ძაბრს წვრილი და ნაზი, ნერვული ქსოვილებისგან შემდგარი ფეხით. ორგანოს მასა 0,5 გრამს შეადგენს. ჰიპოფიზის წინა წილი - ადენოჰიპოფიზი ვითარდება ემბრიონული განვითარების მეოთხე კვირას პირის ღრუს ექტოდერმული ჩაღრმავების (რატკეს ჯიბე) მფარავი ეპითელიუმიდან, შუამდებარე წილი წარმოიქმნება იქ, სადაც რატკეს ჯიბის შიგნითა ფურცელი მეორეულად ამყარებს კონტაქტს ნეიროჰიპოფიზთან. წინა და შუამდებარე წილებს შორის რჩება ნაპრალი, ე.წ. ნარჩენი ღრუ (რატკეს ჯიბის პირველადი ღრუს ნაშთი). ადენოჰიპოფიზი ადრე იძენს ენდოკრინული ჯირკვლისათვის დამახასიათებელ თვისებებს. სეკრეტორული უჯრედების ირგვლივ ვითარდება სინუსოიდები. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის წინა წილი ფერად მოწითალო-რუხია, უკანა წილს, პიგმენტის დაგროვების გამო, ბაცი მომწვანო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს; იგი ნერვული ქსოვილისაგან შედგება და უფრო რბილია. შუამდებარე წილი მოივავს კოლოიდური შიგთავსის მქონე ცისტებს. ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ფაძლიერება - ჰიპერფუნქცია, თუ იგი ბავშვონის ასაკში დაიწყო, იწვევს გიგანტიზმს და ნაადრევ სქესობრივ განვითარებას. ზრდის დასრულების შემდეგ ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად ვითარდება აკრომელაგია. ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოფუნქცია, თუ ის ბავშვობის პერიოდში დაიწყო, იწვევს ნანიზმს - ქონდრისკაცობას. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის - ვაზოპრესინის ნაკლებობის დროს თირკმელი კარგავს შაქრის კონცენტრაციის უნარს და ვითარდება უშაქრო დიაბეტი.

აგებულება

რედაქტირება

ადენოჰიპოფიზი

რედაქტირება

ადენოჰიპოფიზიდან ექვსი მნიშვნელოვანი და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ჰორმონი გამოიყოფა.წინა წილის ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს მთელი ორგანიზმის მეტაბოლური ფუნქციების კონტროლში:

  • ზრდის ჰორმონი განაპირობებს მთელი ორგანიზმის ზრდას ცილების წარმოქმნის, უჯრედების გამრავლებისა და დიფერენციაციის პროცესებზე მოქმედების გზით.
  • ადრენოკორტიკოტროპინი(კორტიკოტროპინი) აკონტროლებს ზოგიერთი ადრენოკორტიკული ჰორმონის სეკრეციას,რომლებიც,თავის მხრივ,გავლენას ახდენენ გლუკოზის,ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმზე.
  • თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თიროტროპინი) აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლიდან თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის გამოყოფას,რომლებიც,თავის მხრივ,მოქმედებენ უჯრედშიდა ქიმიური რეაქციების სიჩქარეზე მთელ ორგანიზმში.
  • პროლაქტინი იწვევს სარძევე ჯირკვლების განვითარებასა და ლაქტაციას.
  • ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონები მოქმედებენ გონადების ზრდაზე და მათ ჰორმონულ და რეპროდუქციულ აქტივობაზე. [1]

ნეიროჰიპოფიზი

რედაქტირება

ჰიპოფიზის უკანა წილის მიერ გამოყოფილი ჰორმონებია:ანტიდიურეზული ჰორმონი(ვაზოპრესინი), რომელიც შარდით წყლის გამოყოფას აკონტროლებს და ამ გზით განსაზღვრავს წყლის კონცენტრაციას ორგანიზმის სითხეებში და ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს წოვის მომენტში სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუს თავებისაკენ რძის გადაადგილებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. (შემდგენელი). - თბილისი, 2008. - 444გვ.. - ISBN: 978-9941-0-0524-4