ნაპოლეონ ოტიას ძე კახიანი (დ. 1877, სოფ. ეწერი — გ. 1937, ტურუხანსკი, კრასნოიარსკის მხარე, რსფსრ) — ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. პროფესიით მუშა, დაწყებითი განათლებით. 1900 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი შტაბის წევრი. მონაწილეობდა გვარდიის სამხედრო ოპერაციების უმრავლესობაში. 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო ორგანიზაციების მოწყობას თბილისის რაიონებში. დააპატიმრეს და 1925 წლის ივლისში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით. შემდეგ გადაასახლეს ციმბირში, ქ. კამენ-ნა-ობში. 1936 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკში, სადაც დახვრიტეს 1937 წელს. რეაბილიტირებულია 1989 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012;
  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი: დაკარგული ისტორია, თბ., 2016. - გვ. 166.