საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონის თანახმად, გვარდიის უმაღლესი მმართველი ორგანო იყო მთავარი შტაბი, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე შტაბის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისაგან ირჩევდა. მთავარი შტაბი რეგიონებში რეგიონალური შტაბების მეშვეობით ფუნქციონირებდა. სახალხო გვარდიის გაწვევა შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს. თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გაწვევის უფლება ჰქონდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. 1919 წლის 19 დეკემბერს მიღებული ახალი კანონის თანახმად, კიდევ უფრო დაკონკრეტდა გვარდიის დეტალები. სახალხო გვარდიის მმართველ ორგანოდ დარჩა მთავარი შტაბი, რომელიც შედგებოდა 21 წევრისაგან, მათ ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა: მთავარი შტაბი პირდაპირ ექვემდებარებოდა რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარის საშუალებით; მთავრობის სხდომებზე გვარდიის წარმომადგენელს ჰქონდა სათათბირო ხმა. წინა კანონისაგან განსხვავებით, მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო შტაბები, ხოლო ამ უკანასკნელს სარაიონო შტაბები. სარაიონო შტაბებს ერთი წლის ვადით ირჩევდა ადგილობრივი რაიონის გვარდიელთა საზოგადო კრება, ხოლო საოლქო შტაბს ამავე ვადით მთელი ოლქის გვარდიელთა კრება, რასაც საბოლოოდ მთავარი შტაბი ამტკიცებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 392.