ნაოჭა სოკოები (ლათ. Helvella) — ჩანთიანი სოკოების ჯგუფი ჰელველასებრთა (ლათ. Helvellaceae) ოჯახისა. მათი ნაყოფსხეული შედგება ქუდისა და ფეხისაგან. ქუდი დანაოჭებული ან ტალღოვანია. ნაოჭა სოკოებს შორის უფრო ცნობილია უნაგირა სოკო (ლათ. Helvella lacunosa), რომლის ნაცრისფერი ქუდი უნაგირს წააგავს. გვხვდება წიფლნარში გაზაფხულიდან შემოდგომამდე; კონუსური ხარისფაშვა (ლათ. Morchella conica), რომლის მოყვითალო-მურა ქუდის ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებური უჯრედებით. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეში გაზაფხულზე; ნაოჭა სოკოს (ლათ. Gyromytra esculenta) — მომრგვალო, არასწორი ფორმის მურა ქუდის ზედაპირი ტვინისებურად აქვს დანაოჭებული. იზრდება გაზაფხულობით ფიჭვნარში, გზის პირსა და ნაცეცხლარ ადგილებში. ყველა სახეობა შეიცავს შხამიან ნივთიერებებს; ამიტომ საჭმელად მათი გამოყენება შეიძლება, თუ წვრილად დაჭრილ სოკოს 10 წთ ვადუღებთ.