ნაკურალეშის წმინდა გიორგის ეკლესია
ნაკურალეშის ეკლესია — ეკლესია ლეჩხუმში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფ. ნაკურალეშის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. აშენებულია ყორე ქვით. შიგნიდან და გარედან ეკლესია შელესილია. ფასადები სრულიად მოკლებულია მორთულობას. ეკლესიის შიდა, მაღალი და ხალვათი სივრცე კამარით არის დასრულებული. საკურთხეველი განათებულია სამი სარკმლით. იგი ღრმაა და უსწორო მოხაზულობის.
ნაკურალეშის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°33′04″ ჩ. გ. 42°45′11″ ა. გ. / 42.55111° ჩ. გ. 42.75306° ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ნაკურალეში, ცაგერის მუნიციპალიტეტი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ეკლესიის კედლები შიგნით მთლიანად დაფარულია მხატვრობით, რომელმაც დღემდე მცირე დაზიანებებით მოაღწია. მხატვრობა XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. რელიგიური სიუჟეტების ამსახველი სცენები ტრადიციული სქემის მიხედვით არის განლაგებული. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ღვთისმშობელი ყრმით, დაბლა ზიარების სცენაა, ქვედა რიგში ჩვეულებისამებრ ეკლესიის მამათა ფიგურებია. დანარჩენი კედლების ზედა რეგისტრები საუფლო სცენებს აქვს დათმობილი. ისინი სამხრეთიდან დასავლეთისაკენ ასეთი თანმიმდევრობით იკითხება: „ხარება“, „შობა“, „ნათლისღება“, „მირქმა“,„ფერისცვალება“, „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“, „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“ და „ამაღლება“. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში წმინდა გიორგის შეპყრობაა გამოსახული, ხოლო მარცხნივ წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლის ქვედა რიგში, მთელი ტანით წარმოდგენილი დიდი ფიგურების მწკრივი: "მთელი სახლობა ჩიქვანთა გვარისა,რომლიდგანაც მომდინარეობენ უკანასკნელნი სამეგრელოს დადიანები[1] რომლებსაც მათი ვინაობის აღმნიშვნელი მხედრული წარწერები ახლავს. ჩრდილოეთ კედელზე მღვდელმთავარი „საყდრის ამის აღმაშენებელი ჭყონდიდელი ჩიქოვანი გაბრიელ“ არის გამოხატული ეკლესიის მოდელით ხელში. მის მარცხნივ — ახალგაზრდა მღვდელმთავარი „ცაგერელი ჩიქუანი სვიმონ“ და ცოლ–ქმარნი: „ჩიქუანი ბაკა და ჩარკვიანის ქალი ხვარამზე“. „ლეჩხუმისა და სალიპარტიანოს პატრონი, ოდიშის თავადი... ჩიქუანი ბატონი კაცია“ გამოსახულია სამხრეთის კედელზე. აქვეა მისი მეუღლე,„ქართლისა ერისთავთ–ერისთავის ასული ბატონი თამარ“. გვერდით კი ქაიხოსრო ჩიქვანისა და ლაშხიშვილის ქალის, ქეთევანის პორტრეტებია. ფრონტალურად მდგომი ფიგურები ვედრების პოზაში არიან გამოსახული.
ეკლესია მოხატული ყოფილა არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარედანაც. ფასადის ამგვარი გაფორმების ერთეული ნიმუშებია მოღწეული. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში მოთავსებული სცენა თითქმის წაშლილია. იგი საიდუმლო სერობას უნდა გამოსახავდეს.
ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ხის, ორფრთიანი, ლამაზად მოჩუქურთმებული კარი, რომელიც ნაკურალეშის ეკლესიიდან არის გადმოტანილი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვილი, ლ. ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაკურალეშის ეკლესია, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ექვთ.თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წ., პარიზი, 1937.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ