ნადია ანჯუმანი
ნადია ანჯუმანი (სპარს. Nadia Anjuman, დ. 27 დეკემბერი, 1980 — 4 ნოემბერი, 2005) — სპარსული წარმოშობის ავღანელი პოეტი.
ნადია ანჯუმანი | |
---|---|
სპარს. نادیا انجمن | |
დაბადების თარიღი | 27 დეკემბერი, 1981 ან 1980 |
დაბადების ადგილი | ჰერათი |
გარდაცვალების თარიღი | 4 ნოემბერი, 2005[1] ან 2005 |
გარდაცვალების ადგილი | ჰერათი |
საქმიანობა | პოეტი, ჟურნალისტი და მწერალი |
მოქალაქეობა | ავღანეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1980 წელს ნადია ანჯუმან ჰერავი დაიბადა ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში, ქალაქ ჰერათში. ოჯახს ექვსი შვილი ჰყავდა. მისი ბავშვობა ავღანეთში არეულობის ერთ-ერთ პერიოდში მოხდა. 1995 წლის სექტემბერში თალიბებმა აიღეს ჰერათი და ჩამოაგდეს პროვინციის მაშინდელი გუბერნატორი ისმაილ ხანი. თალიბანის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით ქალთა თავისუფლება მკვეთრად შეიზღუდა. თალიბებმა დახურეს გოგონების სკოლები და უარი თქვეს მეათე კლასის ნიჭიერი გოგნასთვის და მის თანატოლებისთვის განათლების მიღებაზე.
მოზარდობისას ანჯუმანი სხვა ადგილობრივ ქალებთან ერთად გაერთიანდა და დაიწყო მიწისქვეშა საგანმანათლებლო ჯგუფში შეხვედრებზე დასწრება, სახელწოდებით Golden Needle School of Sewing, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ქალების მიერ ჰერათის უნივერსიტეტის პროფესორის მუჰამედ ალი რაჰიაბის ხელმძღვანელობით 1996 წელს. სამკერვალო სკოლა „ოქროს ნემსის“ წრის წევრები (თალიბანის მთავრობის მიერ დამტკიცებული პრაქტიკა) ვითომ კერვის შესწავლის მიზეზით, კვირაში სამჯერ იკრიბებოდნენ, რათა მოესმინათ ჰერათის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები და გაემართათ დისკუსია ლიტერატურაზე.[2] მათი აღმოჩენის შემთხვევაში სავარაუდო სასჯელი იქნებოდა პატიმრობა, წამება და შესაძლოა ჩამოხრჩობა. საკუთარი თავის დასაცავად მონაწილეებს თავიანთი შვილები შენობის გარეთ ყავდათ დატოვილი სათამაშოდ, რომლებიც დამკვირვებლების როლს ასრულებდნენ. ისინი ქალებს აფრთხილებდნენ რელიგიური პოლიციის მოახლოვების შესახებ, რის შემდეგაც სტუდენტები წიგნებს მალავდნენ და ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებს იღებდნენ. პროგრამა გაგრძელდა თალიბანის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში.[3]
სანამ თალიბანი ხელისუფლებაში იყო „ოქროს ნემსის“ სკოლა არ იყო ანჯუმანის ერთადერთი შემოქმედებითი შესაძლებლობა. მან გადაწყვიტა პროფესორ რაჰიაბისთვის ეთხოვა გახდებოდა მისი მენტორი ლიტერატურაში. იმ დროს, როცა ქალებს სახლიდან მარტო გასვლის უფლება არ ჰქონდათ, რაჰიაბი ასწავლიდა თექვსმეტი წლის ანჯუმანს და დაეხმარა მას დაუფლებოდა წერის უნარ-ჩვევებს. მან ნადიას ასევე გააცნო მრავალი მწერალი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე, მათ შორის ჰაფიზ შირაზი, ბიდელ დეჰლავი, ფორუხა ფაროხზადა და სხვები.
ქალაქ ჰერათის მაცხოვრებლები ექვსი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ თალიბების მმართველობის ქვეშ ყოფნით, სანამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ წამოიწყო ოპერაცია, რომელიც დასრულდა თალიბანის რეჟიმის დამხობით. ანჯუმანი 21 წლის იყო და რაკი განათლების მიღება შეეძლო, მიმართა და ჩაირიცხა ჰერათის უნივერსიტეტში, ხოლო 2002 წელს ჩაირიცხა სპარსული ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტზე.[4]
2005 წელს, ჰერათის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს, მან გამოაქვეყნა თავისი ლექსების კრებული, „მუქი წითელი ყვავილი“ (Gul-e-dodi), რომელიც პოპულარული გახდა როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ ირანში.
ანჯუმანის ქმარმა, ფარიდ აჰმად მაჯიდ ნეიამ, დაამთავრა ჰერათის უნივერსიტეტი ლიტერატურის განხრით და ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. ანჯუმანის მეგობრები და მხარდამჭერები თვლიან, რომ ნეიმ და მისმა ოჯახმა მისი პოეზია მათი რეპუტაციის შეურაცხყოფად მიიჩნია. ამის მიუხედავად, იგი აპირებდა გამოექვეყნებინა პოეზიის მეორე ტომი სახელწოდებით „Yek sàbad délhoreh“ („საზრისის სიუხვე“), რომელშიც შედიოდა ლექსები, რომლებიც გამოხატავდა მის მარტოობასა და მწუხარებას ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
სიკვდილი
რედაქტირება2005 წლის 4 ნოემბერს ანჯუმანსა და მის მეუღლეს შორის კამათი მოხდა. ნეიას თქმით, ანჯუმანს ოჯახისა და მეგობრების მონახულება სურდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ურაზ-ბაირამით (რამადანის წმინდა თვის ბოლო დღე). ნეიამ უთხრა, რომ დასთან სტუმრობის უფლებას არ მისცემდა. ანჯუმანმა გააპროტესტა და დაიწყეს ჩხუბი. იმ ღამეს ნეიამ სცემა ანჯუმანს გონების დაკარგვამდე,[5] რის შედეგადაც ქალს სერიოზული სისხლჩაქცევები და ჭრილობები აღენიშნებოდა თავის არეში. რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში მყოფი ანჯუმანი, ნეიამ საავადმყოფოში რიქშათი წაიყვანა. მოგვიანებით მძღოლმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ ანჯუმანი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ნეიამ მისი ცხედარი მის ეტლში მოათავსა. პოლიციის უფროსმა ოფიცერმა ნისარ აჰმედ ფაიკარმა განაცხადა, რომ ანჟუმანის ქმარმა აღიარა მისი ცემა ჩხუბის შემდეგ, მაგრამ არა მკვლელობა.[5] ნეია აცხადებდა, რომ ანჟუმანმა შხამი დალია და ეს აღიარა სიკვდილის წინ.[6]
ექიმების მოსაზრებით, ანჟუმანს სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ მისი სიკვდილის უმთავრესი მიზეზი იყო. ნეია ამტკიცებდა, რომ ანჯუმანმა ჩხუბის შემდეგ შხამი მიიღო და სთხოვა, ეთქვა ოჯახის წევრებსა და მეგობრებისთვის, რომ იგი გარდაიცვალა გულის შეტევით. ნეიამ და მისმა ოჯახმა ექიმებს აუკრძალეს გაკვეთის ჩატარება, ამიტომ სიკვდილის რეალური მიზეზის საბოლოო მტკიცებულება ვერ მოიძებნა. ნეია და მისი დედა ანჯუმანის შესაძლო მკვლელობისთვის დააკავეს.[7] ნეია დაისაჯა ანჟუმანის მკვლელობისთვის და გაიგზავნა ციხეში. ამის შემდეგ ტომის მოხუცებმა დაიწყეს ზეწოლა ანჟუმანის მოხუცებულ მამაზე, რათა მას ეპატიებინა შვილის სიკვდილი და მისი სასჯელი შეემცირებინათ. ანჟუმანის მამის დათანხმების შემდეგ, სასამართლომ ანჟუმანის სიკვდილი თვითმკვლელობად ცნო და ნეია ერთ თვეში გაათავისუფლეს. ანჟუმანის მამა მალე გარდაიცვალა შოკისგან.[8] ანჟუმანს დარჩა 6 თვის ბავშვი, რომელიც ახლა ნეიას მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.
ორივე „Gole Dudi“ და „Yek Sabad Delhore“ პირველად გამოიცა ავღანეთში. „Gole Dudi“ სამჯერ დაიბეჭდა ავღანეთში და გაიყიდა 3000-ზე მეტი ეგზემპლარი.
მალე, ამ ამბის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო მკვლელობა.[5]მათმა სპიკერმა, ადრიან ედვარდსმა თქვა, რომ „ნადია ანჯუმანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მართლაც ტრაგიკულია და დიდი დანაკლისი ავღანეთისთვის...ეს უნდა იყოს გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს სათანადოდ სასამართლოს მიერ“.[9] პოლიციის უფროსმა ოფიცერმა, პეიკარმა დაადასტურა, რომ ანჯუმანის ქმარს ბრალი ნამდვილად წაუყენეს. მეგობრებისა და ახლობლების თქმით, ანჯუმანმა ქმრის ოჯახი შეარცხვინა თავისი ლექსებით, სადაც აღწერილი იყო ავღანელი ქალების ჩაგვრა.
პოეზია თარგმანში
რედაქტირებადიანა არტერიანმა [10] თარგმნა ნადია ანჯუმანის რამდენიმე ლექსი მარინა ომართან თანამშრომლობით. ნაწყვეტების წაკითხვა შესაძლებელია ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Asymptote,[11] The Brooklyn Rail,[12] Circumference,[13] Exchanges და სხვაგან.
ნადია ანჯუმანის რჩეული ლექსები ინგლისურ თარგმანში წარმოდგენილია წიგნში „Load Poems Like Guns: Women's Poetry from Herat“. წიგნში შესულია რვა ავღანელი პოეტი ქალის, მათ შორის ანჯუმანის ლექსების ვერსიები სპარსულად და ინგლისურად. შესავალში ასევე აღწერილია ანჯუმანის სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია, რომელიც ეფუძნება პოეტის ოჯახთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან და პროფესორებთან ინტერვიუებს.
კრისტინა კონტილიმ, ინეს სკარპოლომ და მ. ამირმა ანჯუმანის ნაწარმოები თარგმნეს იტალიურად წიგნში სახელწოდებით „Elegia per Nadia Anjuman“, გამოცემული Edizioni Carte e Penna-ს მიერ (ტურინი, იტალია, 2006 წ.).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/south_asia/4412550.stm
- ↑ RADIO FREE EUROPE/ RADIO LIBERTY (2004-07-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-06-30. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ „The defiant poets' society“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ Farzana Marie, Load Poems Like Guns: Women's Poetry from Herat, Afghanistan, Paperback – Illustrated, 2015.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Gall, Carlotta (2005-11-08). „Afghan Poet Dies After Beating by Husband (Published 2005)“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-20. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ Jeffrey T. Bergner, Country Reports on Human Rights Practices for 2008: Vols. I and II: Joint Committee Print, U. S. House of Representatives and U. S. Senate, DIANE Publishing, 2008-08. — გვ. 1117, ISBN 978-1-4379-0522-9.
- ↑ Afghan Poet's Death Raises Many Questions. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ Lamb, Christina. „Woman poet slain for her verse“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-04. ციტირების თარიღი: 2020-12-05. C1 control character არის
|title=
-ში №12 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Afghan woman poet beaten to death (2016-03-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ diana arterian // translation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-07. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ from Dark Flower - Asymptote. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ Poetry by Nadia Anjuman | InTranslation. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
- ↑ Three poems from Dark Flower. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-07. ციტირების თარიღი: 2020-12-05.